2018-2020 წლების ინფრასტრუქტურული პროექტების პრიორიტეტების დოკუმენტი მუშავდება, – ეს ინფორმაცია ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ნიკო თოფურიძემ ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლებს 19 ივნისის თათბირზე გააცნო.

გამგებლის ინფორმაციით, პრიორიტეტი არა საუბნო, არამედ სოფლების ცენტრალურ გზებს მიენიჭება. თუ სოფელში ცენტრალური გზა მოწესრიგებულია, მაშინ პრიორიტეტად ის საუბნო გზები ჩაითვლება, სადაც მეტი მოსახლეობაა, სადაც კომპაქტურადაა დასახლებული ხალხი, ახლოსაა ტაძარი და სასაფლაო.

„მოსახლეობას უნდა ავუხსნათ, რომ ყველა პრობლემა ერთად ვერ მოგვარდება, – მიმართა ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლებს ნიკო თოფურიძემ, – ამასწინათ ჩხერში ვიყავი, ბებიაჩემის სოფელში და მაგრად შემრცხვა, გამგებელი რომ ვარ. შეიძლებოდა ჩხერის ზედა უბნის გზა გაკეთებულიყო, მაგრამ წელს ამ გზის მხოლოდ დასაწყისი კეთდება.

პრეტენზიები აქვთ „დაჩნიკებს,“ რომელთაც უყვართ აქაურობა და დასასვენებლად ჩამოდიან. მათაც უნდა ავუხსნათ, რომ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის 78 სოფელში გზები დღესვე ვერ მოწესრიგდება.
არჩევნები გვიახლოვდება. მე შევხვდი „ქართული ოცნების“ უმაღლეს ხელმძღვანელობას. მთავრობას ერთადერთი მოტივაცია აქვს – ადამიანებს გზითა და ელექტროფიკაციით თანამედროვე სოფლის განცდა შეუქმნან.“

ნიკო თოფურიძის ინფორმაციით, უახლოეს დღეებში, გამგებლის წარმომადგენლებისგან მიღებულ მასალებზე დაყრდონით, მუნიციპალიტეტში არსებული მდინარეთა ჭალა-კალაპოტების მწვავე ავარიული უბნების ნუსხა მომზადდება.