ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობის საშტატო ნუსხასა და დებულებებში ცვლილებები შევიდა. საკითხი დეპუტატებმა 15 ივნისის საკრებულოს სხდომაზე დაამტკიცეს.

კენჭისყრაში არ მონაწილეობდნენ ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები – თორნიკე ავალიშვილი, ქეთევან ზუმბაძე, კობა გოგსაძე და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ვარლამ ჭიპაშვილი.

ცვლილების თანახმად, მუნიციპალიტეტის გამგეობაში 131 საშტატო ერთეულის ნაცვლად 82 შტატი დარჩა. გამგებლის მდივანი, თანაშემწეები, ასევე გამგებლის ყველა წარმომადგენელი და ადმინისტრაციულ ერთეულებში მომუშავე სპეციალისტები ხელშეკრულებებით მუშაობაზე გადავიდნენ. თანამდებობრივი სარგოები ყველა თანამდებობაზე, ჯერჯერობით, უცვლელია.

დეპუტატი კობა გოგსაძე გამოცდაჩაბარებული საჯარო მოხელეების ხელშეკრულებით აყვანას უსამართლოდ მიიჩნევს. დეპუტატი თვლის, რომ თანამშრომლის ხელშეკრულებით დანიშვნა გამგებლისგან ზეწოლის ერთ-ერთი მექანიზმი იქნება.

ვარლამ ჭიპაშვილის ინფორმაციით, მან საჯარო სამსახურის ბიუროსგან მიიღო ინფორმაცია, რომ ამ ცვლილების განხორციელება გამგეობას უნდა გადაეწყვიტა და მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათის იყო.  მისი შეფასებით, ადმინისტრაციულ ერთეულებში მომუშავე სპეციალისტები, გამგეობის სხვა სამსახურებში დანიშნულ სპეციალისტებთან შედარებით, არათანაბარ პირობებში აღმოჩნდებიან.

„ამ თანამდებობზე დანიშნულმა საჯარო მოხელეებმა გამოცდები ჩააბარეს, გამოსაცდელი ვადა გაიარეს და უვადოდ დაინიშნენ, – ამბობს ვარლამ ჭიპაშვილი, – რა სამართლებრივი გარანტია არსებობს, რომ რამდენიმე თვეში ახალარჩეული გამგებელი მათ თანამდებობებზე დატოვებს?! ჩვენ ხომ ამ გადაწყვეტილებით გამგებელს ამის ვალდებულებას ვუხსნით და ადამიანების ბედს მხოლოდ მის სურვილზე ვტოვებთ.“

გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის, კახა გოლუბიანის, ინფორმაციით, ეს ცვლილება ზოგმა მუნიციპალიტეტმა განახორციელა, ზოგმა – არა. „პრობლემას ვერ ვხედავ ამ გადაწყვეტილებაში. ასე ჩავთვალეთ საჭიროდ,“ – ამბობს კახა გოლუბიანი.

საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე მიხეილ გელაშვილი მიიჩნევს, რომ სპეციალისტები გამგებლის უფლებამოსილების ვადით უნდა დაინიშნონ და ეს გადაწყვეტილება კანონს არ ეწინააღმდეგება.

რაც შეეხება ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, საკრებულოს თავმჯდომარის თანაშემწის  შტატი გაუქმდა. ამ თანამდებობაზე დასაქმებულ პირთანაც ხელშეკრულება გაფორმდება.