ფესტივალი „თეატრალური იმერეთი 2017“ დასრულდა. თეატრალურ დასებს ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი მასპინძლობდა. ფესტივალში იმერეთის 12 მუნიციპალიტეტის თეატრებთან ერთად სოხუმისა და ჰერეთის თეატრები მონაწილეობდნენ.

ჟიურის გადაწყვეტილებით ჯილდოები 14 ნომინაციაში გაიცა. წლევანდელი ფესტივალის საუკეთესო სპექტაკლად საჩხერის მუნიციპალიტეტის სახალხო თეატრის სპექტაკლი „შერეკილები“ დასახელდა.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სახალხო თეატრის სპექტაკლმა „ექვსი შინაბერა და ერთი მამაკაცი“ (რეჟისორი ირინე ჩხეიძე) გაიმარჯვა ნომინაციაში –  საუკეთესო სცენოგრაფია.

ჟიურიმ ხარაგაულის თეატრისთვის სპეციალური პრიზი – „6+1“ – საუკეთესო სცენური სახეები – დააწესა.

„ფესტივალი ძალიან მნიშვნელოვანია, – ამბობს ხარაგაულის სახალხო თეატრის რეჟისორი ირინე ჩხეიძე, – ეს ჩვენთვის ნამდვილი დღესასწაულია. ამ წლების მანძილზე შევძელით, რომ ქუთაისელი მაყურებლისთის თავი შეგვეყვარებინა. ხარაგაულის სახალხო თეატრის სპექტაკლს ცხრაასამდე მაყურებელი ესწრებოდა. მათი ოვაცია და განწყობა იყო ყველაზე მთავარი. ბედნიერი ვარ, რომ პროფესიონალებმა ჩვენი სპექტაკლი მაღალ დონეზე შეაფასეს. სიახლე გახლდათ ის, რომ ჭიათურისა და ქუთაისის სახელმწიფო თეატრები კონკურსში არ მონაწილეობდნენ და ერთმანეთს კონკურენციას მხოლოდ სახალხო თეატრები ვუწევდით.“

ჟიურის შემადგენლობაში იყვნენ თეატრთმცოდნეები – მაკა ვასაძე, ლელა ოჩიაური, ნიკა წულუკიძე, იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციიდან – დავით გორდელაძე.

გამარჯვებულებს საჩუქრები საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ, იმერეთის გუბერნატორის პირველმა მოადგილემ პაატა ნადირაძემ, ვიცე-გუბერნატორებმა – გიორგი ჭიღვარიამ და იოსებ ხახალეიშვილმა გადასცეს.

თეატრალური ფესტივალი წელს მერვედ ჩატარდა. ფესტივალის მხარდამჭერები იმერეთის სამხარეო ადმინისტრაცია და იმერეთის რეგიონის მუნიციპალიტეტები არიან.

ფოტოზე: ხარაგაულის სახალხო თეატრის სპექტაკლის – „ექვსი შინაბერა და ერთი მამაკაცი“ – მონაწილეები