ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარძიისა და სოფელ ბორის საჯარო სკოლებში კვირას, 18 ივნისს, მშვიდობის კორპუსის მოხალისეები ჩამოვლენ.

ეს ინფორმაცია დღეს, 14 ივნისს, ხარაგაულის საგანმანთლებლო რესურსცენტრში გამართულ თათბირზე რესურსცენტრის უფროსმა დავით კიკნაძემ გაავრცელა.

მოხალისეები ამ სკოლებში ორი წლის მანძილზე მოსწავლეებს ინგლისური ენის შესწავლაში დაეხმარებიან. ისინი წინასწარ შერჩეულ ოჯახებში იცხოვრებენ.

„გარდა საგაკვეთილო პროცესისა, მშვიდობის კორპუსის მოხალისეები სკოლას მცირე გრანტების მოპოვებაში დაეხმარებიან, – ამბობს ბორის საჯარო სკოლის დირექტორი ჰამლეტ ბერაძე, – სკოლაში საზაფხულო ინგლისურენოვანი ბანაკი მოეწყობა. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მოსწავლეები ინგლისური ენაში ცოდნას გაიღრმავებენ.“

ჰამლეტ ბერაძის ინფორმაციით, მშვიდობის კორპუსის ყველა მოხალისე პედაგოგად ნამუშევარია. ისინი მეტ-ნაკლებად დაუფლებულები არიან ქართულ ენას და ამიტომ სკოლის კოლექტივთან და ადგილობრივ თემთან ურთიერთობა არ გაუჭირდებათ.

მშვიდობის კორპუსის პირველი მოხალისე – ელისაბედ ბირჩლერი – ხარაგაულში 2015 წელს ბორის სკოლაში ჩამოვიდა, შემდეგ ხარაგაულის ტურიზმის ხელშეწყობის ცენტრის მოწვევით – ნეით თრაურინგი. ერთი წელია, მშვიდობის კორპუსის ამერიკელი მოხალისე  თიმოთი (დენიელ) ფერრი კიცხის საჯარო სკოლაში საქმიანობს.