განათლების მინისტრის, ალექსანდრე ჯეჯელავას, ინიციატივით შემქნილი დირექტორთა საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა. რა საკითხებზე გამახვილდა ყურადღება, – ამის შესახებ დირექტორთა საბჭოში იმერეთის წარმომადგენელი ქეთევან შარიქაძე გვესაუბრება:

-მინისტრმა დირექტორთა საბჭოს შეხვედრაზე სამი საკითხი გამოყო. მან ისაუბრა საერთაშორისო კვლევის შედეგებზე, რომლის მიხედვითაც საქართველოში სწავლების დონე არასახარბიელოა; ყურადღება გაამახვილა მეთორმეტეკლასელთა საატესტატო გამოცდებში ჩაჭრის მიზეზებზე და მდგომარეობის გაუმჯობესების გზებზე. სამინისტრო პერიოდულად შიდა კვლევებს ჩაატარებს.

მინისტრმა გვითხრა, რომ წელს 50 ახალი შენობა აიგება მცირეკონტინგენტიანი სკოლებისთვის. თანამედროვე კონსტრუქციები ხუთ თვეში შენდება.

ალექსანდრე ჯეჯელავა საზაფხულო ბანაკების მოდერნიზაციას გეგმავს. ბანაკებში წლის განმავლობაში 11 ათასმა მოსწავლემ უნდა დაისვენოს. საზაფხულო ბანაკებში მოსახვედრად კი მოსწავლის მხოლოდ აკადემიური მოსწრება არ უნდა იყოს გადამწყვეტი. 7-8-9 კლასების მოსწავლეებისთვის კახეთსა და აჭარაში ბანაკები პროფესიული სასწავლებლების ბაზაზე ამოქმედდება, იმერეთში – კადეტთა კორპუსის ბაზაზე.

ყველა ბანაკში დაინერგება პროფესიული ან სამეცნიერო სწავლება. მინისტრმა სკოლებს მოუწოდა, რომ თუ აქვთ შესაბამისი მატერიალური და ინფრასტრუქტურული ბაზა,  განაცხადები წარადგინონ სკოლებში ფასიანი ბანაკების მოსაწყობად. საზაფხულო ბანაკების თანადაფინანსებაში სამინისტროც ჩაერთვება.

დირექტორთა საბჭოს სხდომაზე მინისტრ ალექსანდრე ჯეჯელავას, როგორც ვიცე-პრემიერის წინაშე, დავსვი საკითხი, სკოლების ზოგიერთი ინფრასტრუქტურული პრობლემის მოგვარებაში თვითმმართველობების აქტიურად ჩართვისათვის. მინისტრმა მზადყოფნა გამოთქვა ამ საკითხის განსახილველად.

ქეთევან შარიქაძე იმერეთის რეგიონში ხარაგაულის, ჭიათურის, საჩხერის, ზესტაფონის, ბაღდათის, ტყიბულისა და თერჯოლის საჯარო სკოლების დირექტორებს შეხვდა.

ნინო კაპანაძე