დირექტორთა მუდმივმოქმედი საბჭოს წარმომადგენელი ქეთევან შარიქაძე იმერეთის რეგიონში მოქმედი საჯარო სკოლების დირექტორებს ხვდება.

7 ივნისს შეხვედრა ჭიათურისა და საჩხერის საგანმანათლებლო რესურსცენტრებში გაიმართა.

ქეთევან შარიქაძემ დირექტორებს საბჭოს 4 მაისის სხდომაზე განათლების მინისტრის, ალექსანდრე ჯეჯელავას, მიერ წარდგენილი სიახლეები გააცნო, სკოლების წინაშე არსებული პრობლემები მოისმინა.

„მე-7-მე-9 კლასებისთვის იგეგმება ეროვნული სასწავლო გეგმის განტვირთვა, – ამბობს ქეთევან შარიქაძე, – ეს საკითხები, შესაძლოა, მე-10-მე-12 კლასების პროგრამაში აისახოს. დიდი აქცენტია ცხოვრების ჯანსაღი წესისა და თავისუფალი გაკვეთილების დანერგვაზე.

სექტემბერში მასწავლებლები ელექტრონულად გაეცნობიან იმ წიგნების შინაარსს, რომელიც გრიფირებისთვის უნდა შეირჩეს. პედაგოგები წიგნების ავტორებთან პირდაპირ კონტაქტს დაამყარებენ. მასწავლებელს შერჩეული გრიფირებული სახელმძღვანელოს შეცვლის უფლებაც ექნება, რაც ამ დრომდე იკრძალებოდა.

განათლების მინისტრის სურვილია, რომ თავად უხელმძღვანელოს სკოლის დირექტორების შესარჩევ საკონკურსო კომისიას. თუმცა, მას არ დაუკონკრეტებია პროცედურები, ისევ გამოცდა-გასაუბრება უნდა გაიარონ თუ არა ექვსი წლის ვადით დანიშნულმა დირექტორებმა.

სიახლეა ის, რომ 50 მოსწავლეზე გათვლილი სკოლები თანამედროვე კონსტრუქციით, ხუთ თვეში აშენდება. ღია სპორტული მოედნები კი 2018 წლიდან ეტაპობრივად მოწესრიგდება.

მნიშვნელოვანია სკოლაში ახალი კადრების მოზიდვის საკითხი. მინისტრის ინფორმაციით, სქემაში ჩართული სოფლის მასწავლებლებისთვის კრედიტები გაორმაგდება.

მიმდინარე წელს ჯიპრაიდისა და მილენიუმის პროექტები სრულდება. საქართველოს სკოლის ადმინისტრატორთა ასოციაცია გვთავაზობს სკოლის ადმინისტრატორთა გადამზადებას, რომელიც სკოლებში ახალ პროექტებს დანერგავს. ეს ორგანიზაცია წევრობაზე იქნება დაფუძნებული.

განათლების სამინისტროში საკოორდინაციო ჯგუფები შეიქმნება, რომლებიც პერიოდულად სკოლაში კათედრების მუშაობას, საქმის წარმოებას და სხვა საქმიანობას შეამოწმებენ. 2018 წლიდან სკოლების დაფინანსების წესი შეიცვლება.“

ჭიათურისა და საჩხერის საჯარო სკოლების დირექტორებმა ადმინისტრაციული და ტექნიკური პერსონალის ანაზღაურების გაზრდის საკითხი დააყენეს. მაღალმთიანი სოფლების სკოლების დირექტორებმა სკოლების ადინისტრაციისთვის ისეთივე დანამატის მიღება მოითხოვეს, როგორიც მასწავლებლებს ერიცხებათ. დირექტორების ინფორმაციით, კარგი იქნება, თუ სკოლისთვის სხვადასხვა პრობლემების მოსაგვარებლად ბიუროკრატია შემცირდება და ფართის გაქირავების პირობები გამარტივდება.

იმერეთის რეგიონში ქეთევან შარიქაძე ხარაგაულის, ჭიათურის, საჩხერის, ზესტაფონის, ბაღდათის, ტყიბულისა და თერჯოლის საჯარო სკოლების დირექტორებს შეხვდა.

დირექტორთა საბჭოს იმერეთის წარმომადგენელი სკოლების ხელმძღვანელებს დაჰპირდა, რომ მათგან დაყენებულ პრობლემებს მორიგ სხდომაზე წარადგენს.

დირექტორთა მუდმივმოქმედი საბჭო განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, ალექსანდრე ჯეჯელავას, ინიციატივით გასული წლის ბოლოს შეიქმნა.

ნინო კაპანაძე