„ძალიან სწარაფად გავიდა ორი წელი. ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ხარაგაულში გუშინ ჩამოვედი,“ – ამბობს მშვიდობის კორპუსის ამერიკელი მოხალისე ნეით თრაურინგი. ხარაგაულში ნეითი მუნიციპალიტეტის განვითარებისა და შიდა ტურიზმის ხელშეწყობის ცენტრის მოწვევით ჩამოვიდა.
„დაძაბული ვიყავი ნეითთან შეხვედრის წინ, – იხსენებს ტურიზმის ხელშეწყობის ცენტრის მაშინდელი დირექტორი მამუკა ჭიპაშვილი, – ბორჯომიდან ხარაგაულში ერთად უნდა წამოვსულიყავით. ინგლისური ენა არ ვიცი და ამასაც განვიცდიდი. გამოაცხადეს – ხარაგაული – ნეითი. შევხედე და სახე ძალიან კეთილად უცინოდა. ისეთი განცდა დამეუფლა, თითქოს მთელი ცხოვრება ვიცნობდი.
ხარაგაულელებმა ნეითი კარგად მიიღეს. ურთიერთობისას უსიტყვოდ ხვდებოდა ყველაფერს. სხვათაშორის, გვეუბნებოდა, ქართველებს უფრო მეტი ლაპარაკი გიყვართ, ვიდრე – შრომაო.
კანონის, წესების მოყვარული და დამცველია. ერთხელ ჩემი ავტომანქანის მართვა შევთავაზე, არავინ დაგინახავს-მეთქი. არა, რომ მეკრძალება, ესე იგი არსად არ უნდა ვმართო ავტომანქანა საქართველოშიო, – მიპასუხა.
ძალიან მწყდება გული, რომ მიდის. კარგი პიროვნებაა. თავადაც შეუყვარდა საქართველო. შარშან მშვიდობის კორპუსმა ორი კვირით დუბაიში წაიყვანა. ერთი სული მქონდა, აქ როდის დავბრუნდებოდიო, – გვითხრა. ვფიქრობ, ხარაგაულში მის მიერ განხორციელებული პროექტები ძალიან მნიშვნელოვანია.“
ნეითმა პროექტები ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკის ადმინისტრაციასთან თანამშრომლობითაც განახორციელა. ეროვნული პარკის თანამშრომელი გიორგი მუხურაძე გვიამბობს, რომ ძალიან საინტერესო იყო აწყურის ეკობანაკში ჩატარებული აქტივობები, ასევე გოგონათა კლუბის ჩამოყალიბება, კოლხეთის ეროვნულ პარკში გამართული სემინარები, პრაქტიკული მეცადინეობები გარემოსდაცვით საკითხებსა და პირველადი დახმარების აღმოჩენის თაობაზე.
„მომენატრება ყველა და ყველაფერი ხარაგაულში, მაგრამ ახლა უკვე ერთი სული მაქვს, როდის ჩავალ ამერიკაში, პენსილნავიის შტატის ქალაქ პიცბურგში, – ამბობს ნეითი, – ჩემი და პირველ შვილს ელოდება და ძალიან მიხარია.
ბედნიერი ვარ, რომ ხარაგაულში ვიმუშავე, რამდენიმე პროექტი განვახორციელე და ორგანიზაციის განვითარებაში წვლილი შევიტანე. ხარაგაულში არაჩვეულებრივი ადამიანები არიან. რთულია იმუშაო უცხო ქვეყანაში, უცხო კულტურის მქონე ადამიანებთან, მაგრამ ძალიან თბილმა საზოგადოებამ თავი საკუთარ ქვეყანაში მაგრძნობინა. მადლობელი ვარ და ბედნიერი, რომ ხარაგაულში შევიძინე მეგობრები, დები, ძმები… ხარაგაული ჩემი მეორე სამშობლო გახდა.“
ხარაგაულის შიდა ტურიზმის განვითარების ცენტრის თანამშრომლები – ნონა ზურაბიანი, ნინო თხელიძე, ხათუნა ციცქიშვილი, ბაქარ ბარბაქაძე, ამბობენ, რომ ნეითთან ურთიერთობა არ გასჭირვებიათ. სამართლიანი, ნიჭიერი, შრომისმოყვარე, – ასე ახასიათებენ ისინი ნეითს. იმედი აქვთ, რომ ის კვლავ დაბრუნდება საქართველოში. მეგობრები ნეითს ჰპირდებიან, რომ დაოჯახების შემდეგ ხარაგაულში ქართულ ქორწილს გადაუხდიან.
7 ივნისს ხარაგაულის ტურიზმის ცენტრში თანამშრომლებმა, ხარაგაულელმა მოსწავლეებმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ნეითს გაცილების საღამო მოუწყვეს.
ტურიზმის სამსახურის დირექტორმა ბერიკა თურმანიძემ, რომელიც საბერძნეთში, საერთაშორისო ფესტივალზე იმყოფება, ნეითს გამოსამშვიდობებელი წერილი გამოუგზავნა. წერილი დამსწრეთ ტურიზმის სამსახურის მენეჯერმა ნინო თხელიძემ დამსწრეთ გააცნო:
„განსაკუთრებული სიყვარული და პატივისცემა მინდა გამოვხატო ჩემი ამერიკელი მეგობრისა და ძმის, ნეითის, მიმართ. ძალიან დიდი მადლობა იმ შრომისა და საქმისათვის, რაც მან ტურიზმის ცენტრისა და ხარაგაულისთვის გააკეთა. ნეითი არის და იქნება მაგალითი ყველასთვის, თუ როგორი უნდა იყოს ერთგული, შრომისმოყვარე, პუნქტუალური, სამართლიანი ადამიანი.
მან უმოკლეს პერიოდში შეაყვარა თავი ყველა ხარაგაულელს, განსაკუთრებით ბავშვებს. შეუძლებელია, ემოციის გარეშე მათი შეხვედრის ნახვა. ხარაგაულელი ბავშვები ნეითის მიმართ უდიდეს სიყვარულს გამოხატავენ და ეს ჩვენმა ამერიკელმა მეგობარმა ნამდვილად დაიმსახურა.
დარწმუნებული ვარ, დიდხანს გემახსოვრება, ნეით, თუ როგორ დავდიოდით მთაში, როგორ ვწმენდით ბილიკებს, როგორ ვათამაშებდით ბავშვებს, როგორ ვჭამდით ერთ ჯამში და როგორ ვამბობდით ყველა ერთად საქართველოსა და ამერიკის სადღეგრძელოს.
წარმატებებს გისურვებ, მშვიდობიან მგზავრობას. არასდროს დაივიწყო შენი ხარაგაული და ხარაგაულელი მეგობრები. იმედი მაქვს, კიდევ გვესტუმრები და ისევ ისეთი სითბოთი და სიყვარულით მიგიღებთ, როგორც ორი წლის წინ. მაპატიე, რომ ამ მნიშვნელოვან დღეს შენს გვერდით არ ვარ…“
ნინო კაპანაძე
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი