ოთარ აბაშიძის სახელობის ხარაგაულის სახალხო თეატრი დღეს, 5 ივნისს, ხარაგაულის კინოთეატრში, 18:00 საათზე პრემიერას გამართავს.

„ექვსი შინაბერა და ერთი მამაკაცი“ – ოტია იოსელიანის ამ პიესის მიხედვით სპექტაკლი რეჟისორმა ირინე ჩხეიძემ დადგა.

„12 წლის შემდეგ სპექტაკლი განვაახლეთ, – ამბობს ირინე ჩხეიძე, – ვთამაშობთ თანამედროვე საქმიან ქალებს, რომლებიც მთელი ცხოვრება მუშაობენ, სიყვარულსა და ოჯახის შექმნაზე კი აღარ ფიქრობენ. სპექტაკლში ნაჩვენებია, რომ მთავარი მაინც ოჯახია.

ბევრი ვიშრომეთ და მოუთმენლად ველოდებით მაყურებელს. სპექტაკლი მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრებით გავამრავალფეროვნეთ. დაგვეხმარა ახალგაზრდა ქორეოგრაფი ანანო რატიანი, მუსიკალური გამფორმებელია ანა ჩხეიძე.

განსაკუთრებული მადლობა მინდა ვუთხრა სპექტაკლის მონაწილეებს, – თამრიკო ოსანაძეს და ნათია მეტრეველს, რომლებიც არ არიან დასის წევრები და ენთუზიაზმით მუშაობენ. ეს არის მათი მხრიდან სიყვარულისა და პატრიოტიზმის გამოხატულება. ასეთი ადამიანები ქმნიდნენ და ქმნიან ხარაგაულის სახალხო თეატრის ისტორიას.

დღევანდელ სპექტაკლზე ყველა ბილეთი გაყიდულია. ხარაგაულის კინოთეატრი სამას მაყურებელს იტევს. პარასკევს 9 ივნისს, სპექტაკლს ხარაგაულში განმეორებით ვაჩვენებთ. 12 ივნისს კი იმერეთის თეატრალურ ფესტივალზე, ქუთაისში წარვდგებით მაყურებლის წინაშე.“

წარმატებებს ვუსურვებთ ხარაგაულის სახალხო თეატრს.