

C ჰეპატიტის გამოკვლევის, მკურნალობისა და დაავადების თავიდან აცილების მიზნით ხარაგაულის მოსახლეობასთან დღეს, 30 აპრილს, საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის ინოვაციების ცენტრში მოქალაქეებს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ეროვნული ცენტრის იმერეთის სამმართველოს უფროსი გოჩა გიორგიძე ესაუბრა.
„თქვენთან შეხვედრის მიზანია გავაცნობიეროთ, რომ C ჰეპატიტის მკურნალობის პარალელურად, მნიშვნელოვანია შემცირდეს დაავადების ახალი შემთხვევები და გადაცემის წყარო მოვსპოთ,“ – აღნიშნა გოჩა გიორგიძემ.
მან განმარტა, თუ როგორ უნდა ჩაერთოს დაავადებული C ჰეპატიტის მკურნალობის პროგრამაში. ამისთვის კი, პირველ რიგში, საჭიროა გამოვლინდეს, აქვს თუ არა ეს დაავადება.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედი ყველა ამბულატორია და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ცენტრი მომარაგებულია C ჰეპატიტის ტესტს სისტემით. ანალიზის გაკეთება ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია.
გოჩა გიორგიძის ინფორმაციით, ხარაგაულში, 2015-2016 წლებში 1 400 მოქალაქე გამოიკვლიეს. მათგან 48 C ჰეპატიტითაა დაავადებული.
„ხარაგაულში მოსახლეობის 80% გამოსაკვლევია, – აღნიშნა გოჩა გიორგიძემ, – ვფიქრობ, ეს შეხვედრა მოქალაქეების მხრიდან მომართვიანობის გაზრდაში დაგვეხმარება. არ უნდა შეშინდეთ, დაავადება განკურნებადია და მკურნალობა უფასო. მნიშვნელოვანია, რომ გამოკვლევის მეორე ეტაპს მოქალაქეებს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან უფინანსებენ.“
იმ სოფლებში, სადაც მოსახლეობისთვის ამბულატორიული სამედიცინო მომსახურება გაძნელეულია, მობილური ლაბორატორიები მივლენ და მოქალაქეებს ადგილზე გამოიკვლევენ. გოჩა გიორგიძემ ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ცენტრს დაავალა, რომ მიაწოდონ ასეთი სოფლების ჩამონათვალი.
შეხვედრაზე ითქვა, რომ კარგი იქნება, თუ მობილური ლაბორატორიები ნადაბურისა და სარგვეშის მოსახლეობას მოემსახურება.
დაავადების თავიდან აცილების ერთ-ერთი გზა სილამაზის სალონებზე კონტროლის გაძლიერებაა. C ჰეპატიტი ამ დაწესებულებებში ჰიგიენური წესების დაუცველობით ვრცელდება.
„გამგეობამ უნდა გამოსცეს ბრძანება, დაამტკიცოს შემოწმების ოქმი, – აღნიშნა გოჩა გიორგიძემ, – ალბათ, უახლოეს მომავალში, ხარაგაულში სილამაზის სალონების შემოწმება დაიწყება.
შეხვედრაზე მყოფმა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ნიკოლოზ თოფურიძემ აღნიშნა, რომ მეგობარს მიჰყვა ექიმთან და მასაც აღმოაჩნდა C ჰეპატიტი.
„2015 წლის 25 დეკემბერს რომ დავიწყე მკურნალობა, კი გახსოვთ, ჩემო მეგობრებო, რომ 2016 წლის 7 სექტემბერს აქ ვიყავი და საარჩევნო კამპანიაში ჩავერთე, – მიმართა გამგებელმა მოქალაქეებს, – ორი კვირის წინ კიდევ გავიკეთე ანალიზი და აბსოლუტურად განკურნებული ვარ. ყველას მოგიწოდებთ, რომ ჩაიტაროთ გამოკვლევა.“
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ეროვნული ცენტრის იმერეთის სამმართველოს უფროსმა ყურადღება თამბაქოს მავნებლობაზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ ეს არის ადამიანის ჯანმრთელობისთვის C ჰეპატიტზე მეტად მავნებელი.
დღესვე კიცხში, მობილური ლაბორატორიის სპეციალისტებმა C ჰეპატიტისა და არტერიული წნევის სკრინინგ კვლევები კიცხის, ვარძიის, წყალაფორეთისა და ხიდრის მოსახლეობას ჩაუტარეს.
ნინო კაპანაძე
ენერგეტიკული თანამეგობრობის სამდივნო გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის
SALTO-ს აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის რესურსცენტრი აღმოსავლეთ
მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურს მიმართა
2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის
ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი