ყველაფერს აქვს დასაწყისი და დასასრული…
რვა თვე! ემოციებით, სიახლეებითა და სირთულეებით დატვირთული რვა თვე გავატარე ამერიკის შეერთებულ შტატებში.
ხანდახან ვერ ვიაზრებ, თუ რა სწრაფად გავიდა დრო. ხელიდან უცებ გამომეცალა და გამექცა წუთები, წამები, საათები და ერთ დღესაც აღმოვაჩინე, რომ ჩემ მშობლიურ ბუდეში დაბრუნების დრო მოვიდა.
იცით? ეს ყველაფერი დღემდე სიზმარი მგონია… სიზმარი, რომელმაც პიროვნულად და სულიერად გამზარდა და გამაძლიერა. ვცდილობ „ჩავალაგო“ მთელი ერთი წელი ერთ ჩემოდანში, იმედია გამომივა…
ვტოვებ ჩემს ოჯახს და მეგობრებს იმისთვის, რომ ჩემს ოჯახსა და მეგობრებს დავუბრუნდე!
როდესაც ამერიკაში ჩამოვედი, მიზნად დავისახე, რომ რადაც არ უნდა დამჯდომოდა, კარგი შეფასებები დამემსახურებინა იმ საგნებში, რომლებსაც ვსწავლობდი. საკმაოდ რთული იყო, – ინგლისური ვიცოდი, თუმცა არა ისე კარგად, რომ სხვა მოსწავლეებთან ერთად გაკვეთილზე მშვიდად ვმჯდარიყავი.
სასიამოვნოდ გაოცებული დავრჩი, როდესაც სრულიად სხვა გარემოში აღმოვჩნდი, სადაც ყველა ცდილობს, სწავლის პროცესი საინტერესო გახადოს. ყველა მასწავლებლის გაკვეთილი განსხვავებულია და არც ერთი არის მოქცეული ჩარჩოებში. რასაც გასწავლიან, საკმაოდ მკაცრად აფასებენ. ყოველ ორ კვირაში ერთხელ ტესტებით და წლის ბოლოს – ფინალური გამოცდებით გამოწმებენ.
ყველაზე მეტად ინგლისურის დაძლევის მეშინოდა, საკმაოდ რთული დონე ავირჩიე და ამ კლასის მოსწავლეები უკვე სკოლას ამთავრებდნენ. მათ მოეთხოვებოდათ, რომ მოემზადებიათ საკმაოდ სერიოზული პროექტი, რომელშიც ერთ არასწორ ნაბიჯსაც კი შეეძლო ყველაფერი გაეფუჭებინა. მთელი მეორე სემესტრის განმავლობაში უამრავი კვლევა უნდა ჩაგვეტარებინა, საკმაოდ დიდი, 15 გვერდიანი, სტატიაც დაგვეწერა. ასევე უნდა მოგვემზადებინა რეზიუმე, გეგმა, მოგვეძებნა მენტორი, შეგვექმნა პროდუქტი და ბოლოს, ჩვენი ნაშრომის პრეზენტაცია ჟიურის უნდა შეეფასებინა. სწორედ ჟიური წყვეტდა ჩვენს ბედს.
მიხარია, რომ ამდენ წვალებას ტყუილად არ ჩაუვლია და ჩემმა პროექტმა ერთ-ერთი საუკეთესო შეფასება დაიმსახურა. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ თუ ადამიანი მოინდომებს, ყველაფერია შესაძლებელი. მეც მოვინდომე და შედეგი სახეზეა: ყველა საგანში უმაღლესი შეფასებით ვუბრუნდები ჩემს სკოლას. არ გეგონოთ, თავს ვიქებდე. უბრალოდ, ძალიან მიხარია ეს ყველაფერი!
…დაიწყო გამომშვიდობების პროცესი. ეს, ალბათ, ყველაზე რთული ეტაპია ნებისმიერი „გაცვლითი სტუდენტის“ ცხოვრებაში. 28 აპრილი იყო ოფიციალურად ჩემი ბოლო დღე სკოლაში. საოცარი სითბო და სიყვარული ვიგრძენი ჩემი კლასელებისგან, მეგობრებისგან და მასწავლებლებისგან. ყველა მეხუტებოდა და მშვიდობიან ფრენას მისურვებდა. მთხოვდნენ, რომ აუცილებლად დავბრუნებულიყავი უკან.
ალბათ, სკოლაში ყველაზე მეტად რაც დამამახსოვრდება, ეს მასწავლებლებია. ყველა საოცრად თბილები და მეგობრულები არიან. გეოგრაფიის გაკვეთილზე ვიტირე, როდესაც ჩემს დავალებაზე, ფურცლის ბოლოში, მასწავლებლის კომენტარი წავიკითხე. წერდა, რომ მოენატრებოდა გაკვეთილზე ჩემი ყოფნა და რომ მისი ერთ-ერთი საყვარელი მოსწავლე ვიყავი.
ინგლისურის მასწავლებელმა ცრემლიანი თვალებით მითხრა, რომ იმდენად დიდი შთაბეჭდილება მოვახდინე მასზე, აუცილებლად უმასპინძლებს გაცვლით სტუდენტს და იმედი აქვს, რომ ის გაცვლითი სტუდენტი მე მემსგავსება. მეგობრებს არ უნდოდათ ჩემი გამოშვება და გეგმავდნენ, თუ როგორ დავეტოვებინე ამერიკაში (ხუმრობით, რა თქმა უნდა).
უდიდეს სიყვარულსა და თანადგომას ვგრძნობდი ჩემი აქ ყოფნის განმავლობაში არა მარტო ამერიკელებისგან, არამედ ქართველებისგანაც. ბედნიერი ვიყავი, რომ ჩემს წარმატებებს, ჩემი ოჯახის გარდა, უამრავი ჩემთვის ნაცნობი თუ უცნობი ადამიანი იზიარებდა და ვგრძნობდი, თუ როგორ გვერდში მედგა ყველა.
რა თქმა უნდა, მიხარია სამშობლოში დაბრუნება, რადგან ძალიან მომენატრა ჩემი დიდი ოჯახი. მომენატრა დედის ჩახუტება, მამის დარიგებები, და-ძმის ჟრიამული, ბებიისა და ბაბუის „გემრიელი“ საუბარი… მეგობრები და ჩემი ბორის სკოლა მომენატრა. ჩემი ოთახიც, რომლიდანაც მთელი სოფელი მოსჩანს; ის ადგილები და ხალხი, სადაც და ვისთანაც ჩემი ბავშვობის საუკეთესო წლები გავატარე. თითქმის ყველაფერი მომენატრა…
თუმცა, სადღაც, მაინც არის დამალული მეორე „მე,“ რომელიც, ხანდახან, დანანებით გადახედავს ხოლმე გასულ თვეებს და გული წყდება, რომ ასე მალე გავიდა დრო.
ახლა ორი სახლი მაქვს, ლუიზიანასა და საქართველოში, ორივეში უდიდესი სითბო და სიყვარული ტრიალებს და მე უნდა დავტოვო ჩემი სახლი, რომ დავუბრუნდე ჩემსავე სახლს. უნდა დავტოვო ჩემი სკოლა, ნათესავები, მეგობრები, ოჯახის წევრები, რათა დავუბრუნდე ჩემს სკოლას, ნათესავებს, მეგობრებსა და ოჯახის წევრებს!
საოცარი წელი მქონდა და ამაში უდიდესი წვლილი, რა თქმა უნდა, ჩემს მეორე – ამერიკულ ოჯახს მიუძღვის; ადამიანებს, რომლებმაც უყოყმანოდ გამიღეს სახლისა და გულის კარები, თამამად შემიშვეს შიგნით; მიმიღეს, როგორც შვილი და მექცეოდნენ ისე, როგორც შვილს!
რამდენიმე დღე დარჩა ჩემს გამომგზავრებამდე. ყოველთვის, როცა წასვლაზე ვსაუბრობ, ვხედავ, თუ როგორ ივსება ჩემი ამერიკელი დედის თვალები ცრემლებით. როდესაც უკან დასაბრუნებელი ბილეთები ჩამომივიდა, ჩემი დისთვის უკითხავს, – ეს რომ დავმალო ან დავწვა, კიდევ გამოაგზავნიან ახალსო? არ უნდა ჩემი გაშვება, თუმცა სხვა რა გზაა… სამაგიეროდ, ორ თვეში გეგმავს ჩემთან ვიზიტს და ამით იმშვიდებს თავს. იმდენად გახარებული და ბედნიერია საქართველოში ვიზიტით, რომ წუთებს ითვლის, ნეტავ მალე გავიდესო დრო.
უამრავი ჩახუტებისა და თბილი სიტყვების შემდეგ მივხვდი, რომ არ უნდა მოვიწყინო, რადგანაც ყოველი დასასრული რაღაც ახლის დასაწყისია.
და, იცით, რა აღმოვაჩინე? მივხვდი, რომ არ აქვს მნიშვნელობა კანის ფერს, ეროვნებას, რელიგიურ მრწამსს და ა. შ. კარგი ადამიანები ყველგან კარგები არიან! ერთ სკივრში აუცილებლად ჩავალაგებ აქაურ მოგონებს და ვეცდები, ის ჩემი ცხოვრების განმსაზღვრელი გახდეს!
და მე არ ვამბობ – მშვიდობით!
ნახვამდის, ამერიკა! მოგესალმები, საქართველოვ!
P.S. მადლობას ვუხდი „ჩემი იმერეთის“ რედაქციას, რადგან მომცა შესაძლებლობა, ხმა მიმეწვდინა და ჩემი შთაბეჭდილებები გამეზიარებინა თანატოლებისთვის, მეგობრებისა თუ ნაცნობებისთვის!
ფერიდე ბერაძე
მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამის (FLEX) ფინალისტი
ლუიზიანა, აშშ
29 ნოემბერს აქციის ძალადობრივად დაშლის
სამოქალაქო საზოგადოების ფონდის ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი ვანო ჩხიკვაძე
შალვა პაპუაშვილი ღია ეთერში ამბობს, ჩვენ რომ ახლა ევროკავშირში შევიდეთ,
წუხელ ხარაგაულსა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოთოვა.
ამერიკის მთავრობის მიერ საქართველოში სამთავრობო პროგრამების