ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის მიერ ორგანიზებული საგანმანათლებლო კვირეული შემაჯამებელი კონცერტით დღეს, 28 აპრილს, დასრულდა..

ღონისძიებაზე კვირეულის ფარგლებში ჩატარებული კონკურსების გამარჯვებულები დასახელდნენ.

სასკოლო ძალადობის – ბულინგის თემაზე შექმნილი საუკეთესო ვიდეორგოლისთვის ხარაგაულის #3 და ხევის საჯარო სკოლები დაჯილდოვდნენ;

ინტელექტუალურ თამაშში „რა? სად? როდის?“ გამარჯვებულები გახდნენ ხარაგაულის #3, ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზიისა და ვახანის საჯარო სკოლების გუნდები;

ფრენბურთის შეჯიბრებაში გამარჯვებისთვის დაჯილდოვდნენ ხარაგაულის #2 და ვახანის საჯარო სკოლების გუნდები;

დაუნის სინდრომზე შექმნილი საუკეთესო ვიდეორგოლების კონკურსში ბორისა და ლეღვნის საჯარო სკოლების მოსწავლეებმა გაიმარჯვეს.

სამხატვრო კონკურსში თემაზე „ეს ხარაგაულია“ ლაშის საჯარო სკოლის მოსწავლემ დიანა ლომიძემ ნახატით „ჭაღარა ხარაგაული“ გაიმარჯვა.

საგანმანათლებლო კვირეულის ფარგლებში გამართულ ლიტერატურულ კონკურსში, თემაზე „დრო“, საუკეთესო პროზაული ნაწარმოებისათვის ხარაგაულის #3 საჯარო სკოლის მოსწავლე ნინო ჭყოიძე, საუკეთესო პოეტური ნაწარმოებისათვის – ვერტყვიჭალის საჯარო სკოლის მოსწავლე მარიამ ლომიძე დაჯილდოვდნენ.

კონკურსებში გამარჯვებულ სკოლებსა და მოსწავლეებს საგანმანათლებლო რესურსცენტრი ფასიანი საჩუქრებით დააჯილდოვებს.

კვირეულის ფარგლებში მიმდინარეობდა საქველმოქმედო აქცია „მე გოგას დედა ვარ“ ხარაგაულელი ახალგაზრდის, გოგა კვინიკაძის, დასახმარებლად. საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის, დავით კიკნაძის, ინფორმაციით, აქციის ფარგლებში 7 618 ლარი შეგროვდა.

საგანმანათლებლო პროექტში „ეტალონი – ხარაგაული“ გასული წლის შემოდგომაზე გამარჯვებულებს – მარელისის, ხარაგაულის #2 და ვერტყვიჭალის საჯარო სკოლების მოსწავლეები ნინო მაღრაძესნონა მაჭავარიანსა და სალომე გოგოლაძეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ნიკოლოზ თოფურიძემ პორტატული კომპიუტერები გადასცა.

ხარაგაულის საგანმანათლებლო სფეროს ყველა წარმომადგენელს წარმატებები და წინსვლა უსურვეს ხარაგაულის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსმა ირინე ჩხეიძემ, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ნიკოლოზ თოფურიძემ, რეზო თაბუკაშვილის სახელობის ლიტერატურული თეატრის დირექტორმა იზა ვეფხვაძემ; ბაღდათი-ხარაგაულის მაჟორიტარმა დეპუტატმა კობა ლურსმანაშვილმა.

ღონისძიებას ქორეოგრაფიული და ვოკალური ნომრებით ალამაზებდნენ: ხარაგაულის მოსწავლე-ახალგაზრდობის  სახლთან (დირექტორი მაია ბლუაშვილი) არსებული საგალობლების წრის მოსწავლეები (რეგენტი თორნიკე ბაკურაძე); ხალხური შემოქმედების სახლთან (დირექტორი დალი მაღრაძე) არსებული ქორეოგრაფიული ანსამბლი „საუნჯე“ (ქორეოგრაფი რომან ბუაჩიძე); მომღერალი სალომე კვირიკაშვილი; კიცხის საჯარო სკოლასთან (დირექტორი თამარ წიწილაშვილი) არსებული ფოლკლორული ჯგუფი (ხელმძღვანელი რევაზ შარიქაძე); ხარაგაულის კულტურის ცენტრთან (დირექტორი ვასილ კიკნაძე) არსებული ქორეოგრაფიული ანსამბლი „უბისი“ (ქორეოგრაფები ელისო და ზაზა ლურსმანაშვილები); ხარაგაულის #2 საჯარო სკოლის მოსწავლე ნიკოლოზ ჭიპაშვილმა წაიკითხა ლექსი „კრწანისის ყაყაჩოები“. ღონისძიება ხარაგაულის ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზიის მგალობელთა გუნდის „მრავალჟამიერით“ დასრულდა.

ღონისძიებას ხარაგაულის #2 საჯარო სკოლის მოსწავლეები კესო შარიქაძე და ნონა მაჭავარიანი უძღვებოდნენ .

თამთა გოგოლაძე