ხარაგაულის #3 საჯარო სკოლაში ლიტერატურული კლუბის – „წიგნიერი“ – ინიციატივით დატო ტურაშვილის ნაწარმოების „ჯინსების თაობა“ პრეზენტაცია გაიმართა.

მე-10 კლასის მოსწავლეებმა ღონისძიებაზე მწერლის ცხოვრების საინტერესო დეტალები და მისი შექმნილი ნაწარმოებები გაიხსენეს.

„დათო ტურაშვილის რომანი „ჯინსების თაობა“ 1983 წელს თვითმფრინავის გატაცების მცდელობის მხატვრული ვერსიაა, რომელიც მწერალმა ამ ადამიანების ხსოვნას მიუძღვნა. ავტორი უფლებას გვაძლევს მკითხველებმა თავად გადავწყვიტოთ, ვინ იყვნენ ეს ახალგაზრდები, – გმირები თუ დამნაშავეები“, – აღნიშნეს ღონისძიების მონაწილეებმა.

მოსწავლეემა წარმოადგინეს დოკუმენტური ვიდეო მასალა, რომელშიც ერთ-ერთი გამტაცებლის, გეგა კობახიძის, დედა, გეგას მეგობრები და გატაცებული თვითმფრინავის მგზავრები იმ დღეს იხსენებდნენ.

ნაჩვენები იყო წიგნის ავტორის, დატო ტურაშვილის, კომენტარი წიგნის შესახებ, რომელიც მან ხარაგაულის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში (დირექტორი ნიკოლოზ მაჭავარიანი) პროექტის „შეხვედრა ცნობილ ადამიანებთან“ ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე გააკეთა.

ღონისძიების ორგანიზატორმა, ხარაგაულის #3 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგმა ქეთევან ჩაჩანიძემ აღნიშნა, რომ მე-10 კლასის მოსწავლეებისთვის დატო ტურაშვილი ერთ-ერთი უსაყვარლესი, თანამედროვე მწერალია და სწორედ ამიტომ აირჩიეს მისი ყველაზე პოპულარული წიგნი პრეზენტაციის თემად.

ხარაგაულის #3 საჯარო სკოლაში ლიტერატურული კლუბი „წიგნიერი“ თებერვალში ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგის, ნანა დევდარიანის, ინიციატივით შეიქმნა. კლუბში გაერთიანებულნი არიან საშუალო და საბაზო საფეხურის კლასების მოსწავლეები“.

ნანა დევდარიანის ინფორმაციით, ლიტერატურულმა კლუბმა ჩაატარა ღონისძიებები, რომლებიც წიგნის კითხვის საერთაშორისო დღეს მიეძღვნა. კლუბის წევრებმა, ხარაგაულის #3 საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეებმა, გამართეს ერნესტ ჰემინგუეის „მოხუცი და ზღვა“ პრეზენტაცია.

„კლუბის ინიციატივით წლის ბოლომდე მრავალი ღონისძიება გაიმართება, რაც ახალგაზრდებში წიგნის პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს“, – ამბობს ნანა დევდარიანი.

თამთა გოგოლაძე