1996 წლიდან, 29 მარტს, საქართველოში ჯანმრთელობის სამინისტროსა და არასამთავრობო ორგანიზაციების ინიციატივით აღინიშნება დღე „საქართველო თამბაქოს გარეშე“ და იგი ეძღვნება თამბაქოსაგან თავისუფალი გარემოს მნიშვნელობის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას.

29 მარტს, ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ცენტრის მხარდაჭერით ბაზალეთის საჯარო სკოლაში გამართული ღონისძიება თამბაქოს მოხმარებისა და მისგან გამოწვეულ პრობლემებს, აგრეთვე ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელობას ეძღვნებოდა.

ექიმმა-პროფილაქტიკოსმა თათია ბლუაშვილმა მოსწავლეებს წარმოუდგინა პრეზენტაცია, სადაც ისაუბრა თამბაქოს მავნე ზეგავლენაზე, როგორც აქტიურ, ისე პასიურ მწეველებზე. მან ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა მოსწავლეებს, იმ საფრთხეებზე, რასაც თამბაქო უქმნის ადამიანებს.

ხშირად ხდება, რომ საზოგადოებრივ ტრანსპორტში მძღოლები ეწევიან სიგარეტს და არ ერიდებიან მგზავრებს. ჩვენ უფლება გვაქვს, მათ მოვუწოდოთ სიგარეტის გადაგდებისკენ.  ჩვენ ვიმსახურებთ ჯანსაღ გარემოს ჩვენს გარშემო.

თამბაქოს შესახებ მოსმენილი პრეზენტაციის შემდეგ მოსწავლეები შეეცადნენ ნახატებში გადმოეცათ თავიანთი დამოკიდებულება თამბაქოს, მწეველებისა და ცხოვრების ჯანსაღი წესის შესახებ. ძალიან საინტერესო ნამუშევრები შეიქმნა. ბავშვები ამბობდნენ, რომ იქ, სადაც სიგარეტს ეწევიან, მზეც მოწყენილია და გარემოც. იქ ხეები უსიცოცხლოა, მდინარე ჩაშავებული, ადამიანები გაღიზიანებულნი, დაავადებული; ხოლო, სადაც თამბაქოს არ ეწევიან მზეც გახარებულია.

ნახატების გამოფენის შემდეგ მოსწავლეებმა სპორტულ დარბაზში გადაინაცვლეს და
ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციის მიზნით, გაიმართა სპორტული შეჯიბრი ფრენბურთში. გენდერული ბალანსი 100%-ით იყო დაცული. გუნდები შედგებოდა თანაბარი რაოდენობის ბიჭებისა და გოგონებისაგან.

თამაში აზარტულად და ხალისიანად წარიმართა. გამარჯვებულ გუნდს ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ცენტრისაგან სიგელებთან ერთად სამახსოვრო ფასიანი საჩუქრები გადაეცა. აგრეთვე დასაჩუქრდნენ დაწყებითი კლასების მოსწავლეები შემეცნებითი გასაფერადებელი ალბომებით.

ბაზალეთის საჯარო სკოლის მოსწავლეები მადლობას უხდიან ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრს და ამბობენ, რომ სიამოვნებით მიიღებენ მონაწილეობას ასეთი ტიპის ღონისძიებებში, რაც მათი ცნობიერების ამაღლებასა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას ემსახურება.

თეა ტალახაძე
ბაზალეთის საჯარო სკოლის პედაგოგი