დღეს საკვირაო წირვის შემდეგ ხარაგაულის წმინდა ანდრია პირველწოდებულის ეკლესიის მოძღვარმა, მამა ანტონმა (სულთანიშვილი), მარიამ მეგვიპტელის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ ისაუბრა:

-მეექვსე საუკუნეში იორდანეს უდაბნოში მოღვაწე მარიამ მეგვიპტელი სამაგალითოა თავისი თავგანწირვით. მისი ცხოვრება დიდი ნუგეშია თითოეული ჩვენგანისათვის, რადგან თუ ადამიანი გულწრფელად მოინანიებს, აღიარებს ღვთის წინაშე ცოდვებს და ცხოვრების წესს შეიცვლის, ცაში მყოფ ანგელოზებს გაუტოლდება.

მარიამ მეგვიპტელი მცირე ასაკიდან ერთ-ერთი მძიმე – მრუშობის ცოდვით იყო შეპყრობილი. ისეთ ადგილებში დადიოდა, სადაც მომლოცველები იმყოფებოდნენ და მათ აცდუნებდა. ერთხელაც იერუსალიმში ტაძარში შესვლა გადაწყვიტა. ამ დროს მას წინ უხილავი ძალა გადაეღობა. მარიამს სულიერი თვალი აეხილა, დაინახა თავისი ცოდვილი მდგომარეობა და სინანულმა შეიპყრო.

ამის შემდეგ მან ცხოვრება იორდანეს უდაბნოში გააგრძელა. 48 წელი გაატარა მარიამმა უდაბნოში. აქედან 17 წელი ცხარე ცრემლით ტიროდა უდაბნოს საშინელ კლიმატში და მრუშობის ვნებას ებრძოდა. ამ ვნებისგან გათავისუფლებას დიდი დრო სჭირდება. მარხვით, ლოცვითა და სინანულით შეიძლება მისი დაძლევა.

მარიამ მეგვიპტელი აღდგომის მარხვაში უდაბნოში სალოცავად წამოსულმა ერთ-ერთმა მოძღვარმა – მამა ზოსიმემ ნახა.

როგორც წმინდა მამა აღწერს, მარიამს თმები და კანი მზისგან დამწვარი, დასკდარი და გაუხეშებული ჰქონდა. უდაბნოში ამდენი ხნის ცხოვრებისგან ტანსცმელიც აღარ შემორჩენოდა. მან მოძღვარს შესამოსელი სთხოვა და თავისი ცხოვრების შესახებ უამბო. მამა ზოსიმემ ის აზიარა.

შემდეგ წელს მოძღვარს მარიამ მეგვიპტელი გარდაცვლილი დახვდა. ცხედარს ლომი ფეხებს ულოკავდა. წმინდა მამები ამბობენ, რომ მარიამ მეგვიპტელმა სამოთხეში მყოფი ადამისა და ევას მდგომარეობას მიაღწია.

მარიამ მეგვიპტელის ცხოვრება გვასწავლის, რომ გულწრფელები ვიყოთ უფლის წინაშე. ღვთის ხატად და მსგავსად შექმნილი ადამიანები უნდა მოვუფრთხილდეთ ერთმანეთს, მოვინანიოთ ცოდვები და ღმერთი ჩვენთან გაჩნდება, ფეხზე დაგვაყენებს და გვანუგეშებს.

მამა ანტონის ლოცვა-კურთხევით, ხუთშაბათს, 6 აპრილს, ხარაგაულის ეკლესიაში მწუხრ-ცისკარის ლოცვა 17:00 საათზე ჩატარდება.

პარასკევს, 7 აპრილს, ხარების დღესასწაულთან დაკავშირებით, სამლოცველოში წირვა დილის ათ საათზე დაიწყება.

კვირას, 9 აპრილს, მართლმადიდებელი ქრისტიანები ბზობას იზეიმებენ.