ჯერ კიდევ საპარლამენტო არჩევნების წინ დაანონსდა, რომ არჩევნებში გამარჯვების შემდგომ „ქართული ოცნება“ რიკოთზე ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობას აპირებდა. ავტობანი გზას მნიშვნელოვნად შეამცირებს. თუმცა, ამავდროულად, მისი განხორციელება ერთ-ერთი ყველაზე რთული იქნება.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელის გიორგი სეთურიძე აცხადებდა, რომ მსგავსი სირთულის პროექტი ევროპაში არსად არ მიმდინარეობს. 4 ზოლიანი გზის პროექტირებისთვის 40 მილიონი აშშ დოლარი უნდა დახარჯულიყო, ხოლო ალტერნატიულ მარშრუტად ხარაგაულის შემოვლითი გზა განიხილება.

პროექტის მიხედვით დაგეგმილია 100 კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა. ამჟამად უკვე აშენებულია 150 კილომეტრი ჩქაროსნული ავტობანი. ავტობანს ექნება განშტოებებიც – ახალი გზები მივა ფოთსა და ანაკლიაში. ჩუმათელეთი – არგვეთას 52 კმ-იანი თანამედროვე სტანდარტების საავტომობილო გზის მონაკვეთის ასაშენებლად 50-მდე გვირაბის და ამდენივე ხიდის აშენება იქნება საჭირო.

რაც შეეხება რიკოთის პროექტის გახორციელებას, როგორც ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ, ირაკლი მატკავამ გადაცემა „საქმის კურსში“ განაცხადა, იგი მომავალი წლიდან დაიწყება და რამდენიმე ასეული მილიონი დოლარი დაჯდება. ასევე, არ არის გამორიცხული, რომ აღნიშნული ავტობანი ფასიანიც გახდეს.

„მოხდება რიკოთის მონაკვეთის მოდერნიზება. გაკეთდება ფართო და ჩქაროსნული ავტობანი. შემცირდება მგზავრობის დრო. რადგან მთიანი მონაკვეთია, დასჭირდება როგორც გვირაბების, ისე ხიდების აშენება, რომ ეს გზა იყოს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, უსაფრთხო და იმაზე სწრაფი, ვიდრე დღეს არის. სამუშაოები რიკოთის მისადგომებთან გადასულია აქტიურ ფაზაში. მიმდინარეობს რიკოთის მონაკვეთის პროექტირების სამუშაოები, ხოლო მშენებლობა დაიწყება მომავალი წლიდან“, – აცხადებს ირაკლი მატკავა.

წყარო