კონკურსის „ნიკო კეცხოველის პრემია-2017“ იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონის ნახევარფინალური ტური დასრულდა. ნახევარფინალში 27 სკოლა მონაწილეობდა. მათ შორის 23 – იმერეთიდან.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტიდან ფინალში მოსახვედრად ბაზალეთის, ბორითის, მარელისისა და კიცხის სკოლები იბრძოდნენ. ნახევარფინალის ტური ორ ეტაპად წარიმართა. პირველ ეტაპზე სკოლები ეკოსპიკერებმა წარმოადგინეს ერთწუთიანი მოხსენებით, ხოლო დასკვნით ტურში გადასულებმა ვრცლად ისაუბრეს წლის განმავლობაში განხორციელებულ აქტივობებსა და მიღწეულ შედეგებზე.
ჟიური დაკომპლექტებული იყო პროფესიონალი ბიოლოგებით, ბოტანიკოსებით, გარემოსდამცველებით, სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებით.
ნახევარფინალში მონაწილე ხარაგაულის საჯარო სკოლებს მხარს უჭერდნენ ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრი, სპმთპ-ს ხარაგაულის რაიონული ორგანიზაცია, ბაზალეთის თემის მაჟორიტარი დეპუტატი.
იმერეთის რეგიონიდან ფინალურ ტურში გადავიდნენ: ბაზალეთის, როკითის, დარკვეთისა და ჭიათურის #1 საჯარო სკოლები.
„მიუხედავად იმისა, რომ ფინალური ტურის საგზური ხარაგაულის მუნიციპალიტეტიდან მხოლოდ ბაზალეთის საჯარო სკოლამ მოიპოვა, ვთვლი, რომ ამ კონკურსში დამარცხებული არ არსებობს. ესაა კონკურსი, სადაც ადამიანსა და ბუნებას ერთნაირად უხარია თითოეული აქტივობა, ერთნაირად ტკივა და ცდილობს ამ ტკივილს უმკურნალოს, – ამბობს ბაზალეთის საჯარო სკოლის მასწავლებელი, ეკოკლუბ „ბაოს“ ხელმძღვანელი თეა ტალახაძე, – შემიძლია ამაყად განვაცხადო, რომ არც ერთ სკოლას არ ჰყოლია ამდენი გულშემატკივარი და მხარდამჭერი, როგორიც ხარაგაულის სკოლებს.
მადლობა ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსს დავით კიკნაძეს და ბაზალეთის მაჟორიტარ დეპუტატს ვარლამ ჭიპაშვილს ჩვენი დაჯილდოებისა და კონკურსის ნახევარფინალის ბოლო წუთამდე ჩვენს გვერდით ყოფნისათვის.
მადლობა განათლების პროფკავშირების ხარაგაულის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელს ლალი სებისკვერაძეს კონკურსში მონაწილე სკოლების საჩუქრებით წახალისებისათვის. მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩვენი სიხარული გაიზიარა.“
კონკურსის იმერეთის კოორდინატორი მაია კეზევაძე ბაზალეთის საჯარო სკოლას „ყველაზე ჩემპიონ“ სკოლას უწოდებს, რადგან სკოლაში სულ 37 მოსწავლეა და თავიანთი აქტივობებით მათ ოთხი ათასზე მეტი ქულა დააგროვეს.
„კონკურსმა დიდი მღელვარებით ჩაიარა, – ამბობს CENN-ის წარმომადგენელი ლევან სებისკვერაძე, – იმერეთიდან მონაწილე სკოლები ერთმანეთზე უკეთესად მომზადებული მოვიდნენ. ჟიურის გაუჭირდა კიდეც მათი გამორჩევა. კონკურსის მონაწილეებმა უამრავი გარემოსდაცვითი აქტივობა განახორციელეს, – გაამწვანეს სკოლის ტერიტორიები, გამოუშვეს გაზეთები, იმოგზაურეს ნიკო კეცხოველის ნაკვალევზე… მადლობა მათ და მათ ხელმძღვანელ მასწავლებლებს.“
19 გამარჯვებული სკოლა ფინალისათვის ემზადება. მათ კიდევ ოთხი სკოლა დაემატება, მათ შორის – ქსნის საჯარო სკოლაა, რომელმაც ფინალის საგზური საახალწლო ვიდეომიმართვების კონკურსით მოიპოვა. სამ სკოლას კი კონკურსის ორგანიზატორები ფინალს მიღმა დარჩენილი საუკეთესოებიდან შეარჩევენ.
ფინალი თბილისში, 21 მარტს, ტყის საერთაშორისო დღეს გაიმართება.
საქართველოს მაშტაბით შერჩეული გუნდები ახალი დავალებებით წარდგებიან ჟიურის წინაშე.
კონკურსის – „ნიკო კეცხოველის პრემია-2017“ ორგანიზატორები არიან CENN, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, ფონდი ავსტრიის თანამშრომლობა განვითარებისთვის (ADC).
ნინო კაპანაძე
ნახევარფინალში მონაწილე ხარაგაულის სკოლების წარმომადგენლები პროექტის იმერეთის კოორდინატორთან ერთად
ბაზალეთის სკოლის ეკოკლუბის სპიკერი კესო ჩხიკვაძე პრეზენტაციისას
„ბაოს“ წევრები მხარდამჭერებთან ერთად
29 ნოემბერს აქციის ძალადობრივად დაშლის
სამოქალაქო საზოგადოების ფონდის ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი ვანო ჩხიკვაძე
შალვა პაპუაშვილი ღია ეთერში ამბობს, ჩვენ რომ ახლა ევროკავშირში შევიდეთ,
წუხელ ხარაგაულსა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოთოვა.
ამერიკის მთავრობის მიერ საქართველოში სამთავრობო პროგრამების