დღეს, 1 მარტს, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხევის საბავშვო ბაღში მეორე ჯგუფი გაიხსნა.

ხევში საბავშვო ბაღი 2013 წლის თებერვლიდან ფუნქციონირებს. საბავშვო ბაღის გამგე ნინო ბუხნიკაშვილი ამბობს, რომ აღსაზრდელთა სიმრავლის გამო ჯგუფის დამატების საჭიროება ერთი წლის წინ დადგა.

ამჟამად ხევის საბავშვო ბაღის ორი ჯგუფი სამიდან ექვს წლამდე ასაკის 42 აღსაზრდელს ემსახურება.

ხევის საბავშვო ბაღის ახალ ჯგუფში ექვსი ახალი თანამშრომელი დასაქმდა.

მეორე ჯგუფის საზეიმოდ გახსნაზე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორმა მამუკა ჭიპაშვილმა აღნიშნა, რომ ერთ თვეში ღორეშაში და შემდეგ კიდევ ერთ თვეში წიფაში ახალი საბავშვო ბაღები გაიხსნება.

ხევში მეორე ჯგუფის გახსნის ღონისძიებაში ბაღდათი-ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატი კობა ლურსმანაშვილი, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებელი ნიკოლოზ თოფურიძე და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

აღსაზრდელები რიკოთის წმინდა გიორგის სახელობის მონასტრის წინამძღვარმა მამა პახუმმა (ბუხსიანიძე) დალოცა.

ხევის საბავშვო ბაღის აღსაზრდელთა მშობლები კმაყოფილებას გამოთქვამენ აღმზრდელთა მიმართ და უხარიათ, რომ მათი შვილები სკოლაში მომზადებულები მივლენ.

თამთა გოგოლაძე