27 თებერვალს მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლისთვის აღდგომის მარხვა იწყება.
დღევანდელი წირვის შემდეგ ხარაგაულის წმიდა ანდრია პირველწოდებულის ეკლესიის მოძღვარმა მამა ანტონმა (სულთანიშვილი) შენდობის მსახურება აღასრულა და მრევლს ქადაგებით მიმართა.
მან სულიერ შვილებს მარხვაში ლოცვების გაძლიერებისა და სინანულისკენ მოუწოდა.
„დღეს ადამის სამოთხიდან განდევნის დღეა, – აღნიშნა მამა ანტონმა, – თითოეული ჩვენგანისთვის მნიშვნელოვანია, როგორ მოვემზადებით აღდგომისთვის.
უმთავრესია, რომ ერთმანეთს მივუტევოთ. უფალი გვაძლევს ძალაუფლებას, რომ ძალიან მარტივად ვიხსნათ სულები – ისე მოგვეტევოს ჩვენი ცოდვები, როგორი გულითაც მოყვასს მივუტევებთ.
მართლმადიდებლისთვის ყოველი დღე უნდა იყოს შენდობის. პავლე მოციქული ამბობს, – მზე ნუ ჩაიწვერება ისე, თუ ვინმეზე ნაწყენი ხარ, რომ არ აპატიოო. ყველას ყველაფერი შეუნდეთ და აპატიეთ. ქრისტესთან მიახლება მხოლოდ და მხოლოდ სიყვარულით ხდება. ამიტომ სიყვარულით აღავსეთ თქვენი გულები.
მარხვა მიმბაძველობითი და ზედაპირული არ უნდა იყოს. ყოველივე გულიდან უნდა მოდიოდეს. ქრისტიანობა გულზე, სულსა და გრძნობებზე გამავალი რელიგიაა. მარხვა მხოლოდ ხორციელი საკვების მოკლებას არ ნიშნავს. ეს, პირველ რიგში, სულის ზეიმია და ამიტომ ლოცვა – ღმერთთან საუბარი აუცილებელია.
შენდობას ვითხოვ თითოეული თქვენგანისგან, თუ რამე გაწყენინეთ, თუ რამეზე პასუხი ვერ გაგეცით. უფალმა ეს მარხვა მშვიდობიანად გაგვატარებინოს და მშვიდობით შეგვახვედროს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს.“
27 თებერვლიდან 2 მარტის ჩათვლით ხარაგაულის სამლოცველოში ყოველ საღამოს 17:00 საათზე ანდრია კრიტელის კანონი წაიკითხება.
მამა ანტონმა სულიერ შვილებს მოუწოდა, რომ შეძლებისდაგვარად, ყოველდღე წაიკითხონ ერთი თავი ფსალმუნი, თითო-თითო თავი სამოციქულოდან და სახარებიდან, ასევე იესოს ლოცვა.
აღდგომას წელს მართლმადიდებელი ქრისტიანები 16 აპრილს იზეიმებენ.
ნინო კაპანაძე
29 ნოემბერს აქციის ძალადობრივად დაშლის
სამოქალაქო საზოგადოების ფონდის ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი ვანო ჩხიკვაძე
შალვა პაპუაშვილი ღია ეთერში ამბობს, ჩვენ რომ ახლა ევროკავშირში შევიდეთ,
წუხელ ხარაგაულსა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოთოვა.
ამერიკის მთავრობის მიერ საქართველოში სამთავრობო პროგრამების