

ხარაგაულში დღეს დილიდან გადაუღებლად თოვს. უხვმა ნალექმა მოქალაქეებს ტრანსპორტირების კუთხით პრობლემები შეუქმნა.
დღეს კიცხი-ზესტაფონისა და ძირულა-ზესტაფონის მიმართულებით მიკროავტობუსები ვერ მოძრაობენ.
ს/ს „ავტოტრანსის“ დირექტორის, დავით ხარაძის ინფორმაციით, თოვლიანობის გამო მგზავრთა სიმცირეა.
„გზაც თოვლიანი იყო გუშინ. დღეს გაწმინდეს, მაგრამ მანქანებს მაინც უჭირთ გადაადგილება, რადგან გზაზე თოვლი იტკეპნება, – ამბობს დავით ხარაძე, – თუ ხვალაც ასე ითოვა, ზესტაფონის მიმართულებით რეისებს ვერ განვახორციელებთ.“
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის, თემურ ჩხეიძის ინფორმაციით, გზების გასაწმენდად საწვავი ოცივე ადმინისტრაციული ერთეულის რწმუნებულს მისცეს.
„გზის გათოვლა მალე დაიწყება სარგვეშის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლებსა და ღორეშაში, – განმარტავს თემურ ჩხეიძე, – ამჟამად ტრაქტორი გზას მარელისში წმენდს, შემდეგ საღანძილესა და ვახანში წავა.“
რაც შეეხება ხარაგაული-კიცხი-ზესტაფონისა და ხარაგაული-ძირულა -ზესტაფონის გზებს, თემურ ჩხეიძის ინფორმაციით, მათ საავტომობილო გზების დეპარტამენტი გათოვლავს. მათი ვალდებულებაა წიფაში ცენტრალური გზის გაწმენდა.
თემურ ჩხეიძე ამბობს, რომ ზოგადად ტექნიკა არასაკმარისია. ამჟამად რვა ერთეული ტრაქტორი მუშაობს.
ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის, დავით კიკნაძის ინფორმაციით, სასწავლო პროცესი ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედ ოცდახუთივე საჯარო სკოლაში შედგა. რაც შეეხება სასკოლო ტრანსპორტს, მარშრუტები ზოგიერთ სკოლაში ნაწილობრივ, ზოგან საერთოდ ვერ შესრულდა.
ვახანის, წიფას, ბაზალეთისა და ნადაბურის სკოლების მოსწავლეებს დღეს, 17 თებერვალს, სასკოლო ტრანსპორტი ვერ მოემსახურა. სრულყოფილად ყველა მარშრუტი ხარაგაულის #3 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის შესრულდა; დანარჩენ სკოლებში – ხარვეზებით.

ენერგეტიკული თანამეგობრობის სამდივნო გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის
SALTO-ს აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის რესურსცენტრი აღმოსავლეთ
მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურს მიმართა
2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის
ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი