ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციის სამსახურიდან მოპოვებული ინფორმაციით, საჯარო მოხელეთა შესარჩევი საკონკურსო-საატესტაციო კომისიის შემადგენლობა შეიცვალა.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციის უფროსის, კახა გოლუბიანის ინფორმაციით, კომისიის თავმჯდომარეა მუნიციპალიტეტის გამგებელი ნიკოლოზ თოფურიძე, თავმჯდომარის მოადგილე – დავით კიკნაძე, კომისიის წევრები: არჩილ მაღრაძე, ვლადიმერ გელაშვილი და ვარლამ ჭიპაშვილი.

გამგეობამ კონკურსი 12 თანამდებობის დასაკავებლად  გამოაცხადა.

შესარჩევია სპეციალისტები ა) კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა და ბ) სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურებში;

უფროსი სპეციალისტები ა) შიდა აუდიტისა და მონიტორინგის, ბ) ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურებსა და გ) წარმომადგენლების კოორდინაციის განყოფილებაში;

წამყვანი სპეციალისტი საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილებისთვის;

მთავარი სპეციალისტები ა) ზედამხედველობისა და არქიტექტურისა და ბ) ადმინისტრაციულ სამსახურებში, გ) წარმომადგენლების კოორდინაციის განყოფილებაში.

კონკურსი ასევე გამოცხადდა ა) ღორეშის ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენელის, ბ) წარმომადგენლების კოორდინაციის განყოფილების უფროსის, გ) ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის ინფრასტრუქტურის განვითარების განყოფილების უფროსის თანამდებობების დასაკავებლად.

გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის, კახა გოლუბიანის განმარტებით, თუ კონკურსში მონაწილეობის მსურველს გამოცდა უკვე ჩაბარებული აქვს, კომისიის გადაწყვეტილებით, ის მხოლოდ გასაუბრებაზე გავა. განცხადების შეტანისას კი აუცილებლად უნდა მიუთითოს, რომ გამოცდა ჩაბარებული აქვს.

კახა გოლუბიანის ინფორმაციით, კონკურსი 7 თებერვალს გამოცხადდა და მასში მონაწილეობის მსურველებს საბუთების შეტანა 16 თებერვლის 18:00 საათამდე, შეუძლიათ.