ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 6 თებერვლის სხდომაზე დეპუტატებმა საბიუჯეტო ცვლილება დაამტკიცეს.
2017 წლის პირველი იანვრისათვის არსებული ნაშთიდან 69 000 ლარი ააიპ-ების სუბსიდირებას მოხმარდება.
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში გასულ წელს ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოყოფილი 23,0 ათასი ლარი გზების რეაბილიტაციისათვის შპს „ხარაგაული -2011“-ს გამოეყო;
ააიპ „ხარაგაულკეთილმოწყობას“ გარე განათების ხარჯების სუბსიდირებისათვის – 9, 0 ათასი ლარი;
მუნიციპალიტეტის გამგეობა 28,0 ათასი ლარიდან 11,0 ათას ლარს ადმინისტრაციული შენობის სახურავის რეაბილიტაციას მოახმარს, 17,0 ათასი ლარით კი გამგებლისთვის მსუბუქ ავტომობილს შეიძენენ;
ააიპ საფეხბურთო კლუბ „ჩხერიმელას“ შენობის რემონტის, სტადიონის მოვლა-შენახვისა და კომუნალური ხარჯებისთვის 35 ათასი ლარი გამოეყო. ამ სამუშაოების შესასრულებლად თანხა ააიპ „ხარაგაულდასუფთავებას“ გადაეცა.
საბიუჯეტო ცვლილების თანახმად, წიფასა და ღორეშაში საბავშვო ბაღების გასახსნელად ხარაგაულის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანებისთვის 25 ათასი ლარი გამოიყო.
გაერთიანების დირექტორის, მამუკა ჭიპაშვილის ინფორმაციით, ამ ორ სოფელში საბავშვო ბაღები აპრილიდან ამოქმედდება.
„25 ათასი ლარიდან დაახლოებით 23 ათასი ლარით ახალი ბაღებისთვის ინვენტარს შევიძენთ, – განმარტავს მამუკა ჭიპაშვილი, – რაც შეეხება სახელფასო ფონდს, ინვენტარი აგვისტოში უნდა შეგვეძინა და იმ თანხას აპრილი-აგვისტოს ხელფასებისთვის გამოვიყენებთ. სექტემბრიდან კი წიფასა და ღორეშაში საბავშვო ბაღების გახსნა, 2017 წლის ბიუჯეტით, ისედაც გათვალისწინებული გვქონდა.“
მამუკა ჭიპაშვილის ინფორმაციით, წელს აღმზრდელებისა და მათი თანაშემწეების ხელფასები 10-10%-ით შემცირდა, გამგეების ანაზღაურება – 20-20%-ით, ხოლო ადმინისტრაციაში დასაქმებულთა ხელფასები – 30-40%-ით.
გაერთიანების დირექტორი ამბობს, რომ მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან წელს კიდევ 65 ათასი ლარის დამატება დასჭირდებათ.
ააიპ-ებში შექმნილი ფინანსური პრობლემების გამო დეპუტატი თორნიკე ავალიშვილი მიზანშეუწონლად მიიჩნევს გამგებლის ავტომანქანის შესაძენად 17 ათასი ლარის გამოყოფას.
ხუნევის მაჟორიტარი დეპუტატი ლენა აბაშიძე წუხს, რომ საბავშვო ბაღების გამგეების ხელფასები შემცირდა.
მისი ინფორმაციით, დიდთოვლობამ ვერტყვიჭალის საბავშვო ბაღის შენობის ფასადი ჩამოანგრია, რის გამოც 55 წლის წინ აშენებული ფინური ტიპის ნაგებობა უფრო მეტად ავარიული გახდა.
დეპუტატი ქეთევან ზუმბაძე ამბობს, რომ „საკრებულოში საბავშვო ბაღების პრობლემებზე სიღრმისეულად არ მსჯელობენ. 2012 წლიდან ყველა საბავშვო ბაღის გამგეს ერთნაირი ანაზღაურება ჰქონდა. 2014 წელს გაზრდილი ხელფასები შეუმცირდათ. წლების მანძილზე ამაყობდით ხარაგაულში საბავშვო ბაღების მდგომარეობით. გამოდის, რომ ახლა ეს საქმე წყალშია ჩაყრილი.
ეს იმის გამო ხდება, რომ საბავშვო ბაღებში შტატები წინასაარჩევნოდ გაიზარდა. ადმინისტრაციაში ორი შტატი დაამატეს – ღონისძიებათა ორგანიზატორისა და მონიტორინგის მენეჯერის, ხარაგაულის #1 და #2 საბავშვო ბაღებში – ფსიქოლოგისა და მეთოდისტის შტატები.
თუ გყავს მეთოდისტი და ფსიქოლოგი ერთ საბავშვო ბაღში, მაშინ უნდა გვყავდეს დარჩენშიც. რა დააშავეს ვერტყვიჭალის, კიცხისა და წყალაფორეთის საბავშვო ბაღების აღსაზრდელებმა, რომლებთანაც არ შედის ლოგოპედი და ფსიქოლოგი.“
ქეთევან ზუმბაძის თქმით, თითოეული ახალი შტატის დამატება, შექმნილ ფინანსურ ვითარებაში, ნიშნავს იმას, რომ საბავშვო ბაღი ვეღარ შეასრულებს უმთავრეს ფუნქციას – აღსაზრდელების სკოლისათვის მომზადებას.
„ყველაფერი აისახება ბავშვების მდგომარეობაზე, – ამბობს ქეთევან ზუმბაძე, – დღეს საბავშვო ბაღებში საწვავის, ფურცლების პრობლემაა. ვერავინ დამარწმუნებს იმაში, რომ 14 საბავშვო ბაღში, მთელი წლის განმავლობაში, საკანცელარიო ნივთებისთვის განსაზღვრული მხოლოდ ხუთასი ლარი საკმარისია.“
საბავშვო ბაღების დაფინანსება უმთავრეს პრიორიტეტად მიაჩნია საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ვარლამ ჭიპაშვილს. მას უხერხულობას უქმნის საბავშვო ბაღების თანამშრომლებისთვის ხელფასების შემცირება.
„თუ მუნიციპალიტეტი რამდენიმე ალტერნატივის წინაშე დადგება – იქნება ეს ავტომანქანის შეძენა თუ სხვადასხვა მიმართულებების დაფინანსება, პრიორიტეტად საბავშვო ბაღების დაფინანსება უნდა ვაქციოთ, – ამბობს ვარლამ ჭიპაშვილი, – სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანებას სუბსიდია, 25 ათასი ლარით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის 2017 წლის პირველი იანვრისთვის არსებული ნაშთით გავუზარდეთ.
ამის შემდეგ მუნიციპალიტეტს გაუთვალისწინებელი ღონისძიებების დასაფინანსებლად ნაშთი აღარ ექნება.“
ნინო კაპანაძე
29 ნოემბერს აქციის ძალადობრივად დაშლის
სამოქალაქო საზოგადოების ფონდის ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი ვანო ჩხიკვაძე
შალვა პაპუაშვილი ღია ეთერში ამბობს, ჩვენ რომ ახლა ევროკავშირში შევიდეთ,
წუხელ ხარაგაულსა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოთოვა.
ამერიკის მთავრობის მიერ საქართველოში სამთავრობო პროგრამების