5-6 თებერვალს ყვარელში გამართულ საქართველოს ჩემპიონატზე, თავისუფალ ჭიდაობაში, 84 კგ წონით კატეგორიაში, ჩემპიონობა ხარაგაულელმა ზაურ ბერაძემ მოიპოვა.

ზაური 1997 წელს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდარში დაიბადა. მეხუთე კლასამდე ხიდრის საჯარო სკოლაში სწავლობდა. ამბობს, რომ ჭიდაობა პატარა ასაკიდან აინტერესებდა.

„სკოლაში სწავლისას  ხშირად ვეჭიდავებოდი ჩემს თანატოლებს და ყოველთვის მაინტერესებდა სპორტის ეს სახეობა. შემდეგ გავიგე, რომ ხარაგაულის სპორტსკოლაში ფუნქციონირებდა ჭიდაობის წრე. ჩემი პირველი მწვრთნელი ბესო გიორგაძე იყო, – გვიამბობს ზაური, – მეხუთე კლასიდან თბილისში გადავედი და ვარჯიშიც იქ გავაგრძელე“.

15-16 წლის ასაკში ჭიდაობით სერიოზულად დაინტერესდა და  რესპუბლიკურ და საერთაშორისო ტურნირებში მონაწილეობდა.

პირველ გამარჯვებას ბაქოს საერთაშორისო ტურნირზე მიაღწია და მესამე ადგილი დაიკავა. წარმატებით ასპარეზობდა სომხეთში, საბერძნეთსა და აზერბაიჯანში გამართულ საერთაშორისო ტურნირებზე.

„ყველა შეჯიბრი ჩემთვის ერთგვარი მომზადება იყო საქართველოს ჩემპიონობისათვის. მოპოვებული წარმატება ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მინდა, ეს გამარჯვება ჩემს შემდგომ წინსვლას დაედოს საფუძვლად,“ – ამბობს ზაური და მის სპორტულ კარიერაში მშობლიური მუნიციპალიტეტის მხარდაჭერას აღნიშნავს.

ზაურ ბერაძე ხარაგაულის სპორტსკოლიდან ყოველთვიურ სტიპენდიასა და შეჯიბრებებში მონაწილეობისთვის საჭირო ფინანსურ მხარდაჭერას იღებს.

ზაურის მიზანია, წელს ევროპის ჩემპიონი გახდეს. ამისათვის ზაური ბულგარეთისა და პოლონეთის საერთაშორისო ტურნირებში ჩაებმება. ევროპის ჩემპიონატს წელს გერმანია უმასპინძლებს.

„სპორტსმენს, პირველ რიგში, საკუთარი თავის რწმენა სჭირდება. წაგების შემდეგ არ უნდა დანებდეს, ბევრი უნდა იშრომოს და წარმატებას აუცილებლად მიაღწევს,“ – ამბობს საქართველოს ჩემპიონი.

თამთა გოგოლაძე