როგორ გაანაწილეს 2017 წელს მათთვის განსაზღვრული სუბსიდია ხარაგაულში მოქმედმა ააიპ-ებმა შემცირებული დაფინანსების პირობებში, – ამის შესახებ დღეს, 13 იანვარს, საკრებულოში იმსჯელეს.
დეპუტატებმა საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომაზე კეთილმოწყობის, კულტურის ცენტრის, ცენტრალური ბიბლიოთეკის, შიდა ტურიზმის ხელშეწყობის ცენტრის, სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანებისა და სპორტის განვითარებისა და მართვის მუნიციპალური ცენტრის დირექტორებს მოუსმინეს.
სპორტის განვითარებისა და მართვის მუნიციპალური ცენტრის დირექტორის, დავით გელაშვილის განმარტებით, ხელფასები იმ თანამშრომლებს დააკლო, რომლებსაც, მისი თქმით, შესაბამისი დატვირთვა არ აქვთ, ხოლო თანამდებობიდან გათავისუფლებული ლევან ჭყოიძის საპასუხოდ განაცხადა, რომ ის თავის მოვალეობას არ ასრულებდა და სამსახურს უმიზეზოდ აცდენდა.
დირექტორის პოზიცია ვერ გაიზიარა სასწავლო ნაწილის გამგის თანამდებობიდან მთავარ სპეციალისტად დანიშნულმა მერაბ იჩქიტიძემ; ლევან ჭყოიძის თქმით კი, სპორტსკოლის სხვა თანამშრომლებიც ხშირად არ იმყოფებიან სამსახურში.
შიდა ტურიზმის განვითარების ცენტრის დირექტორმა ბერიკა თურმანიძემ განმარტა, რომ თანამშრომლებს ხელფასი სამსახურში მათი დატვირთვის მიხედვით შეუმცირა.
დირექტორის მოსაზრებას არ იზიარებს საკრებულოს წევრი ნონა ზურაბიანი, რომელიც ამ ააიპ-ში მენეჯერის პოზიციიდან უფროს სპეციალისტად დააქვეითეს. მისი თქმით, ის დავალებებს ყოველთვის ასრულებდა და ამიტომ ხელფასზე 160 ლარის დაკლებას არასამართლიანად მიიჩნევს.
საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ვარლამ ჭიპაშვილისთვის გაუგებარია, შემცირების ფონზე, რატომ მიიღეს ახალი თანამშრომელი შიდა ტურიზმის ხელშეწყობის ცენტრში.
ბერიკა თურმანიძის თქმით, ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც სამსახურში 2017 წლის პირველი იანვრიდან აიყვანა, ტურისტული მარშრუტების მარკირებისა და პროექტების განხორციელებისთვის სჭირდება.
საბავშვო ბაღის აღმზრდელებსა და მათ თანაშემწეებს 10-10%-ით, სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების ადმინისტრაციაში დასაქმებულებს 30-40%-ით, ხოლო საბავშვო ბაღების გამგეებს ხელფასები 20%-20%-ით შეუმცირდათ.
ამ შემცირების ფონზე საბავშვო ბაღის ადმინისტრაციაში რატომ დაამატეთ შტატი, – ჰკითხა ვარლამ ჭიპაშვილმა სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორს მამუკა ჭიპაშვილს.
მამუკა ჭიპაშვილმა უპასუხა, რომ ახალ შტატზე დაინიშნა ირმა სებისკვერაძე, რომელსაც საბავშვო ბაღში საქმიანობის 27-წლიანი გამოცდილება აქვს. ირმა სებისკვერაძე ამ გაერთიანების დირექტორად მუშაობდა, მამუკა ჭიპაშვილის დანიშვნამდე.
სამთვიანი ხელშეკრულება გაუფორმდათ სოფლის საბავშვო ბაღების დარაჯებსა და დამლაგებლებს. მამუკა ჭიპაშვილის თქმით, აპრილიდან მათთან ხელშეკრულების გაგრძელების საკითხი სათუო დადგება.
გამგებელმა ნიკო თოფურიძემ კომისიის სხდომაზე აღნიშნა, რომ სხვა მუნიციპალიტეტები საბავშვო ბაღის ერთ აღსაზრდელზე თვეში 50 ლარს ხარჯავენ, ხოლო ხარაგაულის მუნიციპალიტეტი – თითოეულ აღსაზრდელზე 78 ლარს. ასეთი სხვაობა მხოლოდ ხელფასებზე გაწეული ხარჯით არის გამოწვეული.
კულტურის ცენტრის დირექტორის, ვასილ კიკნაძის ინფორმაციით, მან 100-100 ლარით ხელფასი პენსიონერ თანამშრომლებს შეუმცირა, ხოლო უმნიშვნელოდ, – ადმინისტრაციას.
დეპუტატმა ლენა აბაშიძემ ხარაგაულის კულტურის ცენტრის დირექტორს მოსთხოვა, რომ ვერტყვიჭალის კლუბი გამგის გარეშე არ დატოვოს.
ვასილ კიკნაძემ თქვა, რომ ეს მხოლოდ დაფინანსების გაზრდის შემთხვევაში იქნება შესაძლებელი.
ხარაგაულკეთილმოწყობის დირექტორმა დავით ლაცაბიძემ განმარტა, რომ სამსახურიდან ის თანამშრომლები დაითხოვა, რომლებიც თავის მოვალეობას სათანადოდ ვერ ასრულებდნენ.
მისი თქმით, მწყობრიდან გამოსულ ავტომანქანას მუშაობის საგარანტიო ვადა ამოეწურა.
საკრებულოს პოზიციაა, რომ უმუშევარი არც ერთი დასაქმებული არ დარჩეს, ხოლო ააიპ-ების დირექტორებმა თანამშრომლებისთვის ხელფასების დაკლებისას სამართლიანობა დაიცვან.
„ამ მძიმე რეალობაში თავი ჩვენ თავად ჩავიგდეთ, როცა ხელი არ შევუშალეთ შტატების უმიზნოდ გაზრდას,“ – აღნიშნა სხდომაზე დეპუტატმა გელა გოლუბიანმა.
„მიკვირს, რომ „აღმავლობის ხანაში“ ადამიანებს ხელფასებს აკლებენ,“ – თქვა დეპუტატმა ქეთევან ზუმბაძემ.
საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსის, ვლადიმერ გელაშვილის, თქმით კი, როცა საშუალება და შემოსავლები იქნება, ხელფასები გაიზრდება, ხოლო როცა შემოსავლები მოიკლებს, – ხელფასებიც შემცირდება.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებელი ნიკო თოფურიძე საკრებულოს წევრებს დაჰპირდა, რომ ააიპ-ებში მიმდინარე პროცესებით სიღრმისეულად გაერკვევა და მომავალ სხდომებზე ყველა შეკითხვას ამომწურავად უპასუხებს.
ნინო კაპანაძე
29 ნოემბერს აქციის ძალადობრივად დაშლის
სამოქალაქო საზოგადოების ფონდის ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი ვანო ჩხიკვაძე
შალვა პაპუაშვილი ღია ეთერში ამბობს, ჩვენ რომ ახლა ევროკავშირში შევიდეთ,
წუხელ ხარაგაულსა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოთოვა.
ამერიკის მთავრობის მიერ საქართველოში სამთავრობო პროგრამების