11 იანვარს ნაკრძალებისა და ეროვნული პარკების დღე აღინიშნება. ეს დღე 1997 წელს ველური ბუნების დაცვის ცენტრისა და ველური ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის ინიციატივით დაწესდა.

ამ დღესთან დაკავშირებით ბაზალეთის საჯარო სკოლის ეკო-კლუბელები სკოლაში შევიკრიბეთ და კონფერენცია გავმართეთ ნაკრძალების, ეროვნული პარკებისა და დაცული ტერიტორიების მნიშვნელობაზე.

დღეს საქართველოში 16 სახელმწიფო ნაკრძალი, 10 ეროვნული პარკი, 22 ბუნების ძეგლი და 18 აღკვეთილი ტერიტორიაა. საქართველოს მასშტაბით დაცულ ტერიტორიებს ნახევარი მილიონი ჰექტარი უკავია.

რა სარგებლობა მოაქვს დაცულ ტერიტორიას, ნაკრძალს? რა საჭიროა თითოეული მათგანის არსებობა? სწორედ ამ კითხვებზე პასუხების გაცემას ვცდილობდით დღეს. მეცხრეკლასელმა ანა კალანდაძემ მოამზადა პრეზენტაცია თემაზე „საქართველოს დაცული ტერიტორიები“.

მეშვიდეკლასელმა კესო ჩხიკვაძემ კონფერენციის თემად შეარჩია „ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი“ და „კინტრიშის ნაკრძალი“.
ნინო ვოროჩენკომ აირჩია თემა – დაცული ტერიტორიები ძველ საქართველოში.
თორნიკე ნანიტაშვილი გვესაუბრა ნაკრძალებში დაცულ ცხოველებსა და ფრინველებზე.
ანა კალანდაძე აგრეთვე გვესაუბრა ვაშლოვანისა და აჯამეთის ნაკრძალებზე.

ბექა დეკანოსიძემ კონფერენციაში თემის დამუშავებას კედლის გაზეთის მხატვრულად გაფორმება არჩია. ის შეეცადა გადმოეცა ნაკრძალებში დაცული ცხოველებისა და ფრინველების ცხოვრება, როგორ ლაღად და უდარდელად გრძნობენ თავს კანონის ფრთებს შეფარებული არსებები.

ოპერატორობა და დღევანდელი დღის ფოტო-ვიდეო გადაღება მაია ვოროჩენკომ ითავა.
კონფერენციაზე აგრეთვე განვიხილეთ კანონი ნაკრძალებისა და დაცული ტერიტორიების შესახებ.

ბავშვებმა ბევრი იმსჯელეს ნაკრძალებზე, ეროვნულ პარკებზე. ისინი დაინტერესდნენ, თუ როგორ შეიძლება გამოცხადდეს ტერიტორია დაცულად. პასუხის მიღების შემდეგ დაიწყეს ფიქრი, ჩვენს სოფელში სად შეექმნათ ნაკრძალი. ჯერ ვერ შეარჩიეს ადგილი.

კონფერენციის კედლის გაზეთის პრეზენტაციით შევაჯამეთ. ვფიქრობთ, საქართველო იმდენად ლამაზი და სათუთი ქვეყანაა, რომ მთლიანად დაცულ ტერიტორიად უნდა გამოცხადდეს, რათა მისი უნიკალური ბუნება და ბუნების ძეგლები არ გადადგურდეს, რომ ქართველობამ კიდევ დიდხანს იარსებოს.

ბაზალეთის საჯარო სკოლის ეკოკლუბელები