2016-2017 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტური, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედი სკოლების
მოსწავლეებისათვის, 8 იანვრიდან 12 იანვრის ჩათვლით, ხარაგაულის #3 საჯარო სკოლაში ჩატარდა.
ოლიმპიადის მეორე ტურში 40 ხარაგაულელი მოსწავლე იყო დარეგისტრირებული; მათ შორის ყველაზე მეტი – 15 მოსწავლე – ისტორიის სექციაში. წელს ფიზიკასა და რუსულ ენაში ოლიმპიადის მეორე ტურში ვერც ერთი ხარაგაულელი მოსწავლე ვერ გადავიდა.
ხარაგაულის საგანმანათლებო რესურსცენტრის უფროსი დავით კიკნაძე აღნიშნავს, რომ წელს სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტურში მონაწილეთა რაოდენობა მთელი ქვეყნის მასშტაბით შემცირდა, რაც პირველი ტურის ელექტრონულად ჩატარებამ განაპირობა.
უკვე მეცხრე წელია, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის წარმომადგენელი მაია კიკნაძე ხარაგაულში ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის ჩატარებას ხელმძღვანელობს და მოსწავლეთა ასეთი მცირე რაოდენობა არ ახსოვს.
„პირველად რომ ოლიმპიადა ჩავატარეთ, ხარაგაულში იმდენად ბევრი მოსწავლე მონაწილეობდა, რომ სესიები დაბა ხარაგაულის სამივე სკოლაში მიმდინარეობდა,“ – იხსენებს ქალბატონი მაია.
ბორის საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე დეა ბერაძემ ოლიმპიადის პირველი ტური ქართულ ენასა და ლიტერატურაში გადალახა, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში ზღვარის გადალახვა გაუჭირდა, ინგლისურ ენაში ერთი ქულა დააკლდა. ამის მიუხედავად, დეა ამბობს, რომ პირველი ტურის ტესტები საშუალო სირთულის იყო.
ხარაგაულის #2 საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე ნათია ტაბატაძე დეას ეთანხმება. თანაც მიიჩნევს, რომ პირველი ტურის ტესტები მოსწავლეთა შესაძლებლობებს ზუსტად განსაზღვრავდა. ნათია ოლიმპიადაში წინა წლებშიც მონაწილეობდა. წელს პირველი ტურის საგნობრივი ბარიერი სამ საგანში – სამოქალაქო განათლება, ქართული ენა და ლიტერატურა და გერმანული ენა – გადალახა.
ხარაგაულის #3 საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე ლუკა თაბუკაშვილი იმედოვნებს, რომ ტესტების სირთულის მიუხედავად, ქართულ ენასა და ლიტერატურაში ოლიმპიადის მესამე ტურში გადავა.
წარმატებებს ვუსურვებთ ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაში მონაწილე ყველა ხარაგაულელ მოსწავლეს.
თამთა გოგოლაძე
29 ნოემბერს აქციის ძალადობრივად დაშლის
სამოქალაქო საზოგადოების ფონდის ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი ვანო ჩხიკვაძე
შალვა პაპუაშვილი ღია ეთერში ამბობს, ჩვენ რომ ახლა ევროკავშირში შევიდეთ,
წუხელ ხარაგაულსა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოთოვა.
ამერიკის მთავრობის მიერ საქართველოში სამთავრობო პროგრამების