ხარაგაულის ქუჩებში დღეს ტრადიციული ალილო გაიმართა.

ხარაგაულის ანდრია პირველწოდებულის ეკლესიის მოძღვარმა მამა ანტონმა (სულთანიშვილი) მრევლთან ერთად ხარაგაულის ქუჩები აკურთხა.

საშობაო ნობათი დაბა ხარაგაულისა და პატარა ხარაგაულის მოსახლეობას დაურიგდა.

გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსის, ნანა კიკნაძის, ინფორმაციით, ალილოს დღესასწაულისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 1 500 ლარი გამოიყო. ამ თანხით დაბა ხარაგაულსა და პატარა ხარაგაულში 50 ოჯახისთვის საკვები პროდუქტები შეიძინეს.

„ქრისტიანული ლიტერატურა გვატყობინებს, რომ ოცდაერთი საუკუნის წინ მწყემსებს ანგელოზებმა უფლის დედამიწაზე მობრძანება გალობით ამცნეს, – გვიამბობს თამარ ავალიშვილი, – ალბათ სწორედ ეს დაედო საფუძვლად შობის დღესასწაულზე საზეიმო მსვლელობას. ადამიანები აგროვებენ შესაწირს და ეხმარებიან გაჭირვებულებს. ამაზე დიდი მადლი არაფერია.“

ხარაგაულის კულტურის სამსახურის უფროსი ირინე ჩხეიძე იხსენებს, რომ საშობაო ალილო ხარაგაულში 2006 წლიდან იმართება.

„საშობაო მსვლელობა შობის სიხარულთანაა დაკავშირებული, – ამბობს ირინე ჩხეიძე, – ადამიანები ამ სიხარულს ერთმანეთს უზიარებენ და თან ერთმანეთს ეხმარებიან.“

წლევანდელი ალილო ხარაგაულში იმითაა გამორჩეული, რომ მამა ანტონის კურთხევით ალილოში მონაწილე მანდილოსნებისთვის სპეციალური შესამოსელი შეიკერა.

ოცამდე სტიქარი მაყვალა სებისკვერაძემ შეკერა. ამდენივე თეთრი თავსაფარი მან ეკლესიას საჩუქრად გადასცა.

„მიუხედავად იმისა, რომ ბევრი საქმე მაქვს, საშობაო ფორმებზე მუშაობა ჩემთვის ძალიან სასიამოვნო აღმოჩნდა, – ამბობს მაყვალა სებისკვერაძე, – ყველას გილოცავთ შობას. დღევანდელი დღის მადლი გფარავდეთ.“

თამარ კამკამიძე და ინგა ბუხნიკაშვილი ალილოზე ახალი სამოსელით მივიდნენ. აღტაცებული და აღფრთოვანებულები არიან, შობას რომ სტიქრებში შეხვდნენ. ამბობენ, რომ წლევანდელი შობა მათთვის განსაკუთრებული და განსხვავებულია.

თამთა გოგოლაძე
ნინო კაპანაძე