სოციალურ ქსელში ხარაგაულელი მირიან შარიქაძე წერს, რომ ახალგაზრდებს კალათბურთის სათამაშო პირობები არ აქვთ:

„კალათბურთის სათამაშოდ ხარაგაულში ორი საშუალება იყო, – ღია მოედანი ფოსტის უკან და სპორტული დარბაზი. პირველი გაუგებარი მიზეზით აღარ არის, – ფარები მოჭრეს და აღარ დააყენეს. სპორტულ დარბაზში, აშენების დღიდან, პრობლემებია, – ხან შუქი არ არის, ხან პარკეტი არ ვარგა და ა.შ. როდემდე უნდა გაგრძელდეს ასე? კალათბურთი არ გვაინტერესებს, მოვლა-შენახვის ფული არ გვაქვს, გვეზარება თუ რა ხდება?“

საკითხის გასარკვევად ხარაგაულის სპორტის განვითარებისა და მართვის მუნიციპალური ცენტრის დირექტორს, დავით გელაშვილსა და ხარაგაულის გამგებლის მოადგილეს, თემურ ჩხეიძეს, დავუკავშირიდით.

დავით გელაშვილმა ჩვენთან საუბარში დაადასტურა, რომ სპორტულ დარბაზში ელექტროგაყვანილობა დაზიანებულია.

მისივე თქმით, ყველა საჭირო მასალა შეიძინა და ხვალ ან ზეგ სპორტულ დარბაზში ელექტროენერგია აღდგება.

დავით გელაშვილი ამბობს, რომ იმ პირებისთვის, ვინც სპორტულ სექციებში არ ვარჯიშობს, სპორტული დარბაზით სარგებლობა ფასიანია.

„ზოგი იხდის თანხას და ზოგი – არა, – ამბობს დავით გელაშვილი, – ზოგს მაინცდამაინც ღამის საათებში სურს თამაში.“

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე თემურ ჩხეიძე განმარტავს, რომ 2017 წელს მინი სპორტული მოედნის კეთილმოწყობა იგეგმება, თუმცა, კონკრეტული თარიღი ჯერ უცნობია.

„მოედანზე დამონტაჟდება კალათბურთის ფარები და შესაძლებელი იქნება როგორც მინი ფეხბურთის, ასევე კალათბურთის თამაში,“ – ამბობს თემურ ჩხეიძე.

ნინო კაპანაძე

ფოტოზე: ასე გამოიყურება ხარაგაულში, ფოსტის შენობის უკან, არსებული მინისტადიონი დღეს