დღეს, 4 იანვარს, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა გაიმართა.

დეპუტატებმა ხარაგაულის გამგეობის ადმინისტრაციული, სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურების მუშაობის ანგარიშები განიხილეს.

საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თორნიკე ავალიშვილმა გამგეობის ადმინისტრაციული სამსახური უმოქმედობაში დაადანაშაულა.

მან აღნიშნა, რომ „სამი თვის წინ ბორითის რწმუნებული თავისი ამალით სახლში მიუვარდა პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, დავით მახათაძეს და მისი ოჯახის წევრებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ამ საქმეზე გამგეობის ადმინისტრაციულ სამსახურს არანაირი ზომები არ გაუტარებია.“

გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსმა კახა გოლუბიანმა განაცხადა, რომ მას ეს ფაქტი პირველად ესმის.

„გამგებლის წარმომადგენელს არავითარი კავშირი არ აქვს გამგეობის ადმინისტრაციულ სამსახურთან, – ამბობს კახა გოლუბიანი, – ამ საკითხთან დაკავშირებით გამგეობაში, რეაგირებისათვის, არანაირი წერილობითი მიმართვა არ შემოსულა.“

დეპუტატთა უმრავლესობამ გამგეობის ადმინისტრაციული, სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურების მუშაობის ანგარიშები დადებითად შეაფასეს.

მათ ცნობად მიიღეს ქონების ინვენტარიზაციისათვის შექმნილი კომისიის მუშაობის ანგარიში, რომელიც სხდომაზე კომისიის წევრმა მაია ალავიძემ წარადგინა.

სხდომაზე ასევე განიხილეს საპრივატიზაციო ობიექტთა ნუსხაში შესატანი ცვლილება. გათვალისწინებული იყო ხარაგაულში, სოლომონ მეფის ქუჩაზე, ე.წ. ინეზარდას წყაროსთან 67 კვმ და სოლომონ მეფის ქუჩის #2 შესახვევში არსებული 900 კვმ მიწის ფართობების პრივატიზება.

დეპუტატებმა ამ ობიექტების საპრივატიზაციო ნუსხაში შეტანისაგან თავი იმ მიზეზით შეიკავეს, რომ ეს ტერიტორიები, შესაძლოა, ახალი სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობის არეალში მოხვდეს. ამ საკითხს, შესაბამის კომისიებთან ერთად, უახლოეს სხდომაზე კვლავ განიხილავენ.

საკრებულომ ცნობად მიიღო იურიდიულ, სამანდატო, საპროცედურო და ეთიკის კომისიის შემადგენლობაში დეპუტატების – დავით კიკნაძისა და რომან შერგელაშვილის – გაწევრიანება.

თამთა გოგოლაძე