ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზში საქართველოს ეროვნული ბიბლოთეკის ინიციატივით ინტელექტუალური ჩემპიონატი „რა? სად? როდის?“ გაიმართა. ჩემპიონატის გამარჯვებული ხარაგაულის #3 საჯარო სკოლის გუნდი გახდა.

მეორე ადგილზე #2 საჯარო სკოლის გუნდი გავიდა, ხოლო მესამე ადგილი ვარძიის საჯარო სკოლის გუნდმა დაიკავა.

ინტელექტუალურ თამაშში ხარაგაულის მუნიციპალიტეტის 18 სკოლის 6-6 მოსწავლე მონაწილეობდა და ერთმანეთს ღირსეული მეტოქეობა გაუწიეს.

ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის დირექტორ ნიკოლოზ მაჭავარიანის ინფორმაციით, ჩემპიონატი საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის პროექტის – „ჩვენი მკითხველი“ – ფარგლებში ხორციელდება და საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტს მოიცავს. რაიონულ ტურში გამარჯვებული ხარაგაულის #3 საჯარო სკოლის გუნდი მონაწილეობას მიიღებს რეგიონალურ ჩემპიონატში, რომელიც 20 იანვარს ქალაქ ქუთაისში გაიმართება.

ჩემპიონატის მონაწილე, ნადაბურის საჯარო სკოლის წარმომადგენელი ქეთევან გელაშვილი ამბობს, რომ მსგავსი ტიპის თამაშები ცოდნის გამყარებასა და ინტელექტის განვითარებას უწყობს ხელს.

მესამე ადგილის მფლობელი ვარძიის საჯარო სკოლის გუნდის წევრი კოტე გოგსაძე წუხს, რომ თავიანთი ცოდნა სრულად ვერ გამოავლინეს და გამარჯვებამდე რამდენიმე ქულა დააკლდათ. თუმცა ამბობს, რომ თამაში გამოცდილების შეძენაში დაეხმარათ.

მოლითის სასოფლო ბიბლიოთეკის ბიბლიოთეკარი მადონა მაჭარაშვილი თვლის, რომ ახალი თაობა თანამედროვე ტექნოლოგიებითაა გატაცებული და წიგნისთვის დრო აღარ რჩებათ. ინტელექტუალური თამაშები კი მათ წიგნთან დაახლოებას შეუწყობს ხელს.

გამარჯვება მოულოდნელი აღმოჩნდა ხარაგაულის #3 საჯარო სკოლის გუნდის წევრ ნინო ჭყოიძისთვის. „თამაშის დაწყებისას რამდენიმე გუნდი ლიდერობდა, თუმცა ჩვენმა დაკვირვებამ და გამარჯვების სურვილმა შედეგი გამოიღო,“ – ამბობს ნინო.

ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი დავით კიკნაძე მიიჩნევს, რომ მონაწილეებმა, თამაშის განმავლობაში, დაბალი შედეგები აჩვენეს. ეს, მისი აზრით, ნერვიულობისა და გამოუცდელობის ნაკლებობის ბრალია.

თამთა გოგოლაძე