ხარაგაულში ერთ დიდ, ლამაზ სახლში ებანოიძეების ოჯახი ცხოვრობს.  ჭიშკარს შეაღებ თუ არა, იგრძნობ, რომ ამ სახლში ბევრი ბავშვი იზრდება – მოვლილ ეზოში აუცილებლად მოკრავ თვალს სათამაშოებს, ზღურბლთან კი – ფეხსაცმელებს, რომელთაგან ყველაზე დიდი 15 წლის ბერიკას ეკუთვნის, სულ პატარა კი მეხუთე, ნაბოლარა და მამის ნებიერა თამარს.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ებანოიძეებს ყველა იცნობს. მათ ხან მდინარის პირას მოთევზავეს ნახავთ, ხან ზურგჩანთით მოლაშქრეებს, ხანაც ფერდობზე დედისთვის იების დასაკრეფად შეფენილებს.

ბერიკა, საბა და თეკლა ყველა ღონისძიების გული და სული არიან – ცეკვავენ, მღერიან, ჩართულნი არიან ყველა საბავშვო პროექტში. ნოდო და თამარი ჯერ პატარები არიან, თუმცა ნოდოც ნელ-ნელა იკავებს ადგილს და-ძმის გვერდით და სცენაზე დგომას სწავლობს.

ვისაც არ უნდა ჰკითხოთ, ყველა გეტყვით, რომ ისინი გამორჩეული ბავშვები არიან – მშრომელებელი, კეთილები, აქტიურები. ბერიკას ძალიან უყვარს ლაშქრობებზე სიარული და ფილმების გადაღება, პატარ-პატარა წარმატებებიც აქვს უკვე. საბა მუყაითი მოსწავლეა და მამიკოს ჰგავს – გარდა იმისა, რომ დედას ეხმარებოდა, თავისი ხელით გამომცხვარი ნამცხვარიც გაგვასინჯა და კრემის მომზადების თავისებურებაზეც დაწვრილებით გვესაუბრა.

თეკლა კარგად სწავლობს, ბევრს კითხულობს და, თურმე საკმაოდ მორცხვია, მაგრამ უკვე სცენაზე დგას და დედიკოსავით წკრიალა ხმით მღერის. ნოდო კი, აბა რა გითხრათ – ოჯახის აკიმი გახლავთ და ჯერჯერობით მხოლოდ უფროს და-ძმას ბაძავს – ისიც თევზაობს და ისიც ცდილობს ბუნებასთან იმეგობრობს. სხვა საქმეა თამარი – ის ახლა წვდება იმ სილაღესა და სიკეთეს, რასაც ეს ოჯახი წინაპრებისგან გადმოცემული ტრადიციით ფლობს.

ყველაზე მთავარი კი ამ ოჯახში დედაა – მაია ბერაძე, რომელიც ხუთ შვილთან ერთად ახერხებს, იყოს გულღია და ღიმილიანი მასპინძელიც და აქტიური ქალიც.

„მე და ჩემი მეუღლე, უკვე 16 წელია, შეუღლებულები ვართ. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი მშობლები წინააღმდეგები იყვნენ (ირაკლი  ჩემზე 15 წლით უფროსია), ჩვენმა სიყვარულმა ყველანაირი დაბრკოლება გადალახა და დღემდე ერთად მოვდივართ.

ჩემთვის და ირაკლისთვის ოჯახი ყველაზე მნიშვნელოვანია,“ – ამბობს იგი და იხსენებს, რომ ბავშვობაში ბევრ შვილზე ოცნებობდა: „მე მხოლოდ ერთი ძმა მყავს. ყოველთვის მინდოდა, რომ დაც მყოლოდა, ვისთან ერთადაც ვითამაშებდი, ვისეირნებდი და ვიჭორავებდი. სამი ვაჟი შემეძინა. მინდოდა ჩემს ბიჭებს დაც ჰყოლოდათ. ასეც მოხდა და ღმერთმა კიდევ ორი გოგონა მაჩუქა,“ – ღიმილით ხსნის თავის მრავალშვილიანობას მაია.

შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ როგორც თვითონ ამბობს, ბავშვების მოვლა არასდროს გასჭირვებია, რადგან ისინი საკმაოდ დამოუკიდებლები არიან, ყოველთვის თვითონ ზრუნავდნენ და დღესაც ზრუნავენ ერთმანეთზე. საჭმელების კეთებაც იციან და სახლის დალაგებაც:

„ხუთნი არიან და ერთმანეთს უვლიან. მეც მეხმარებიან. შეიძლება არ დამიჯეროთ, მაგრამ ჩემი 12 წლის ბიჭი, საბა, ნამცხვრებს აკეთებს, პიცის გამოცხობაც იცის და ჭურჭლის რეცხვაშიც მეხმარება,“ – ამბობს ხუთი შვილის დედა.

მიუხედავად იმისა, რომ შვილები დამოუკიდებლად გაზარდა, დიდ ოჯახს მისთვის კარიერულ წინსვლაში ხელი არასდროს შეუშლია. იგი ხარაგაულის კულტურის ცენტრსა და თოჯინების თეატრშიც მუშაობს და ანსამბლშიც მღერის. სამსახურში იციან, რომ მაია მრავალშვილიანი დედაა და ცდილობენ, ხელი შეუწყონ.

„სპექტაკლებს ვდგამთ. ხარაგაულის თეატრშიც ვაჩვენებთ და სხვა სოფლებშიც. მე თოჯინებს ვახმოვანებ. თეატრში მაყურებელი ყოველთვის არის და თანაც ყველაზე გულწრფელი პატარა მაყურებელია. ძალიან მომწონს, როგორ უყურებენ თოჯინებს, როგორ ეფერებიან, როგორ ეხმიანებიან დარბაზიდან. ეს ერთი სიცოცხლეა მსახიობისთვის,“ – გვიამბობს მაია.

როგორც მისი მეუღლე ირაკლი ებანოიძე აღნიშნავს, ხუთი შვილის გაზრდა ძალიან ძნელია, თუმცა ეს უდიდესი ბედნიერებაა და ფიქრობს, რომ ამ პასუხისმგებლობას ერთად კარგად უმკლავდებიან: „მაია ძალიან კარგი დედაა. მისთვის არსებობს მხოლოდ შვილები და ვარსებობ მხოლოდ მე. ჩვენთვის შვილები ყველაზე მნიშვნელოვანია. მეტი სიმდიდრე არც გვჭირდება,“ – ამბობს ირაკლი.

ამ ოჯახს რაღაც მადლი აქვს. აქ სამშობლოს სიყვარულს მკერდზე მჯიღის ცემით არ გამოხატავენ, აქ უფალს ადიდებენ, პოეზია უყვართ, შრომის ფასი იციან და ამას შვილებსაც გადასცემენ.

ჰო, კიდევ ერთი, ამ დიდი სახლის კარი ყოველთვის ღიაა, რადგან არ შეიძლება ერთხელ მისულს კიდევ არ მოგინდეთ სტუმრობა. აქ გაცნობისთანავე იგრძნობთ კეთილგანწყობასა და დადებით ემოციას, რაც მეგობარსაც და უცხო სტუმარსაც მათი თბილი კერისკენ ანდამატივით იზიდავს.

პატარა ებანოიძეები კი… დრო დადგება და მათ სახელს მხოლოდ ჩვენ არა, მთელი საქართველო გაიცნობს, რადგან ბევრნი იქნებიან – ბევრი კარგი და ნიჭიერი ქართველი, რომლებიც ქვეყანას საკუთარი ხელით ააშენებენ…

გვანცა არევაძე
სოფო ივანიძე
თსუ ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულების პროექტის ფარგლებში შექმნილი ჟურნალიდან „გზავნილი ხარაგაულიდან“

ფოტოზე: მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი მელქისედეკი სტუმრად ებანოიძეებთან, 2016 წლის 13 დეკემბერი.