
ხარაგაულიდან დაახლოებით 30 წუთიანი მგზავრობის შემდეგ სოფელ ღორეშაში შევდივართ. გზად ჩვენს სიმყუდროვეს მდინარე კვადოურის ღრიალი და დანგრეულ გზაზე მიმავალი მანქანის საბურავების ხმა არღვევს.
ღორეშა წლების წინ ბოლშევიზმის კერად იყო მიჩნეული. ალბათ ძნელი წარმოსადგენია, სოფელში, სადაც დღემდე დგას ბოლშევიკ სერგო ორჯონიკიძის ძეგლი, რაიმე ქრისტიანულს გადააწყდე. თუმცა ღორეშაში შესვლისთანავე გზის მარჯვენა მხარეს აუცილებლად შევხვდებით დიდ ლოდზე დაწერილ ივერიის წმინდა ღვთისმშობლის ხატს და დავრწმუნდებით, რომ ჟამთა სვლას ამ სოფლისთვისაც თავის კვალი დაუმჩნევია.
ჩვენ სწორედ ამ ხატის ავტორის სახლისკენ მივემართებით. 10 წუთიც და ჭიშკართან ჩვენი მასპინძელი გვხვდება და სახლში გვიპატიჟებს. დიდ ეზოში პატარა ქვის სახლი დგას. სახლში შესვლისთანავე პირველი, რასაც აუცილებლად იგრძნობთ, საოცარი სიმყუდროვეა, ბუხარში ანთებული ცეცხლი ხომ აორმაგებს ამ სიმყუდროვეს. სახლის მარჯვენა კედელზე, ბუხრის თავზე პატარა საეკლესიო კუთხეა მოწყობილი. სწორედ ამ კედელზე შეხვდებით რუსუდან ფოჩხუას დაწერილ ხატებს.
რუსუდანმა თავის შესახებ ცოტა რამ გვიამბო. სენაკელმა ქალბატონმა სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა მოსე თოიძის სახელობის სამხატვრო სასწავლებელში განაგრძო, სასულიერო აკადემიაში კი ხატწერა შეისწავლა. უკვე 14 წელია, რაც მეუღლესთან სოსო ორჯონიკიძესთან და 4 შვილთან ერთად სოფელ ღორეშაში ცხოვრობს. ამავე სოფლის სკოლაში კი ბავშვებს ხატვას ასწავლის.
22 წელია, რაც ხატწერით არის დაკავებული და როგორც თავად ამბობს, ხატი მისთვის მხოლოდ ხეზე შესრულებული ნახატი არ არის. ხატვის დროს იგი ცოცხლდება და ცხოველმყოფელი ხდება. ხატწერის დროს ქალბატონი რუსუდანი პატარა რიტუალის მსგავსს ატარებს. სანამ სამუშაო კუთხეს მიუჯდება, რომელიც იქვე სახლის მარცხენა ნაწილში აქვს განთავსებული, იქამდე პირჯვარს გამოისახავს და ამის შემდეგ იწყებს მუშაობას.
თავის ბიოგრაფიასთან ერთად ქალბატონმა რუსუდანმა ქვაზე დაწერილი ხატის შექმნის ისტორიაც გვამბო: „ერთ დღეს ხარაგაულიდან სოფელში დაბრუნებისას დავინახე ეს ქვა, სულ ხავსში იყო გახვეული. ისეთი ფორმა ჰქონდა, რომ რაღაცნაირად ღვთისმშობელს ვხედავდი და მაშინ ვთქვი, აქ მე უნდა დავხატო წმინდა მარიამი. სამი წლის განმავლობაში სულ ამაზე ვფიქრობდი. ბოლოს და ბოლოს ერთ დღეს ჩემს მოსწავლეს ვთხოვე დახმარება.
ქვა ხავსისგან გავასუფთავეთ, საღებავები შევიძინეთ. ერთი კვირის განმავლობაში ყოველდღე ფეხით დავდიოდი, რომ დამესრულებინა და ღვთის შეწევნითა და კეთილი ადამიანების დახმარებით ზუსტად 28 აგვისტოს დავასრულე ხატვა.“
ქალბატონ რუსუდანს თავმდაბლობამ არ მისცა იმის საშუალება, უფრო ვრცლად ესაუბრა საკუთარი შემოქმედების შესახებ. „ძალიან მიჭირს ჩემს თავზე საუბარი, რადგან დადებითად უნდა წარმოვაჩინო ჩემი საქმეები. მე კი ვთვლი, რომ განსაკუთრებული არაფერი გამიკეთებია,“ – გვითხრა შემოქმედმა ქალბატონმა.
თუმცა მასზე დაუსრულებლად შეუძლია საუბარი სოფლის მოძღვარს – მამა პეტრეს. ქალბატონმა რუსუდანმა თბილად გამოგვაცილა სახლიდან. ჩვენ კი გეზი მოტყიერის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრისკენ ავიღეთ, რომლის კედლებსაც ამშვენებს ქალბატონი რუსუდანის დაწერილი ხატები.
„ჩემი თხოვნით დაწერა მოტყიერის წმინდა გიორგის ხატი“, – გვითხრა მამა პეტრემ და ხატისკენ მიგვითითა. ამ ხატის გარდა სხვაც ბევრი ვნახეთ ახალგაზრდა ქალბატონის შემოქმედებიდან.
„არსებობენ ადამიანები, რომლებსაც უფალი ირჩევს, რუსუდანი მართლაც ღვთის რჩეულია, უნიჭიერესი ადამიანია, სკოლაში ბირთვი ძირითადად მას მიჰყვება, ყველა დღესასწაულზე ბავშვები ტაძარში დაჰყავს, მუდმივად ცდილობს უფალს მიუახლოვდეს. რუსუდანის მეუღლე ჩვენს ტაძარში მედავითნეა, ბევრ კარგ საქმეს აკეთებენ, უბრალოდ გული მწყდება, რომ ყურადღება აკლიათ, ძალიან დიდი ოჯახია და ხომ გესმით…“ – ასე დაასრულა ჩვენთან საუბარი მამა პეტრემ.
ჩვენ კი კვლავ ხარაგაულისკენ მიმავალ გზას დავადექით. მდინარე კვადოური კვლავ ხმაურობს, ღორეშას გასასვლელს კი ამშვენებს ლოდზე დაწერილი ივერიის წმინდა ღვთისმშობლის ხატი, რომელიც თითქოს ამ ულამაზესი სოფლის სიმშვიდის გარანტიაა.
გვანცა ბზიავა
თსუ ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულების პროექტის ფარგლებში შექმნილი ჟურნალიდან „გზავნილი ხარაგაულიდან“
ქართული სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები სოლიდარობას
ხარაგაულის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლთან
ორმოცი დღე გავიდა ღვაწლმოსილი პედაგოგის
„ჩემი ხარაგაულის“ რედაქცია ღრმა მწუხარებით იუწყება, რომ ნაადრევად გარდაიცვალა
2025 წლის საგამოცდო პროცესი 3 ივლისს ერთიანი