
კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი (CENN) ყოველწლიურად ახალ-ახალ პროექტებს გვთავაზობს სკოლებს.
ჩვენც სიხარულით ვერთვებით და ვცდილობთ უფრო მეტად შევიყვაროთ ბუნება, ვიზრუნოთ გარემოზე, სადაც ვცხოვრობთ. გავუფრთხილდეთ, დავრგოთ ნერგები, გავამრავლოთ ახალი სიცოცხლე და თავდაუზოგავად ვიბრძოლოთ გამარჯვებისთვის.
პროექტი „ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია“ მრავალ გარემოსდაცვით აქტივობასთან ერთად ლაშქრობა-ექსკურსიასაც გულისხმობს ნიკო კეცხოველისგან განვლილ გზაზე.
ნიკო კეცხოველი დიდი ბოტანიკოსი, მწერალი, საქართველოს ბოტანიკური სკოლის დამაარსებელი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ფუძემდებელი, შოთა რუსთაველის სახელობის პრემიის ორგზის ლაურეატი, 600-მდე სამეცნიერო, ბელეტრისტული და ლიტერატურული ნაწარმოების ავტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი და დედამიწის უერთგულესი შვილი იყო.
„მამულზე და ბუნებაზე შეყვარებული, გონიერი, გათვითცნობიერებული და მაღალი ზნეობის რამდენი ბავშვიც გაიზრდება საქართველოში, ყველა ნიკო კეცხოველის წიგნების დადებით რეცენზიად უნდა ჩაითვალოს“, – ამბობს ნოდარ დუმბაძე და მართლაც ასეა.
ბაზალეთის საჯარო სკოლის ეკო კლუბ „ბაო-ს“ წევრები სიხარულით ჩავერთეთ სასკოლო პროექტში. შევიკრიბეთ და ერთად წავიკითხეთ დიდი მეცნიერის ელექტრონული წიგნი „მეცხრე მთაც გადავიარეთ“, რომელშიც იმერეთში მოგზაურობის ამბებია აღწერილი.
როგორც აღმოჩნდა, კეცხოველი ხარაგაულშიც ყოფილა სტუმრად, ბუნების აღსაწერად, ტყეების შესასწავლად. გადაუღია ფერდობებზე შეფენილი იმერული სოფლები. ჩვენ საექსკურსიო მარშრუტად ჭიათურა-საჩხერე შევარჩიეთ.
კაცხის სვეტის მიმდებარე ტერიტორიაზე ვეძებდით ყველა იმ მცენარეს, რომელიც ნიკო კეცხოველმა აღწერა. ვნახეთ ტყუპი მუხები, კაცხის სვეტს მიყრდნობილნი, მათი ასაკი არ ვიცით.
ხეობაში ულამაზესი ბზების კორომიაო, – დიდმა მეცნიერმა და ჩვენც მივაკითხეთ ხეობას. ბზები დაავადებას შეუწუხებია, გაფერმკრთალებულან, ჩამომჭკნარან, განადგურების პირასაა საუკუნოვანი ხეები. მხოლოდ ტაძრის სიახლოვეს ხასხასებს მწვანედ ბზა, მამაოების მკურნალობითა და მზრუნველობით გადარჩენილნი. თუმცა კორომის ხეებსაც აქვთ წამონაზარდი პატარა, მწვანე ყლორტები, რომელიც იმედს იძლევა, რომ სიცოცხლე გაგრძელდება. აქვე გადავიღეთ ნეკერჩხლის, ცაცხვის, მუხების სურათები.
კაცხის სვეტი ბუნების უიშვიათესი ქმნილებაა, როგორც ნიკო კეცხოველს ეუბნება ადგილობრივი მაცხოვრებელი.
სოფელ კაცხში ვეძებეთ ის 35 მეტრიანი მუხა, რომლის ხილვამაც გააოცა დიდი ბოტანიკოსი. ჩვენ ვერც მუხას მივაკვლიეთ და ვერც ისეთი ვინმე ვნახეთ, ვისაც ინფორმაცია ექნებოდა ამ საოცარ ბუნების ძეგლზე.
კაცხის სვეტის, ამ საოცარი ბუნების ძეგლის შექმნას, ადილობრივები მდინარე კაცხურას უკავშირებენ. მრავალი მილიონი წელი რეცხა მდინარემ კირქვა, რეცხა და ბოლოს სვეტის ფორმა მისცა. სვეტმა აღფრთოვანებაში მოიყვანა ნიკო კეცხოველი.
წიგნში გამოთქმული აქვს მოსაზრება, ასი მეტრი მაინც იქნება სიმაღლითო. თუმცა კაცხის სვეტი 40 მეტრი სიმაღლისაა და დიდი მეცნიერისაგან განსხვავებით, ჩვენს ერთ-ერთ მოსწავლეს საშუალება მიეცა, ასულიყო სვეტზე და ზემოდან გადმოეხედა იმერეთისათვის.
მოვილოცეთ სოფელ კაცხის X საუკუნის ტაძარი, რომელიც აბაშიძეებს შეუკეთებიათ 1854 წელს. აი, რას გვეუბნება წიგნი ტაძრის შეკეთების შესახებ: „არ იკითხავთ, რა ბუზმა უკბინა ჩვენს ბატონს, რომ ტაძრის შეკეთება მოინდომა? ჩვენი თავადი ენახა ქუთათელს, ეპისკოპოსს და საყვედური ეთქვა, ისეთი ძველი ტაძარი, თამარ დედოფლის დროინდელი, კაცს სოფელში ჰქონდეს და ისიც ასე მოუვლელიო! აბაშიძეს პირობა მიეცა: მომავალი წლის გიორგობას ამობრძანდით და აკურთხეთო.“
„აი, მოვიდა გიორგობაც. ტაძარი მზად იყო, ხალხი ზეიმობდა. მობრძანდა ეპისკოპოსი თავისი სამღვდელოებით; ოცდაათამდე ნაკურთხი მღვდელი იყო თურმე, ახლა მგალობლები – სამი თუ ოთხი წყება. ცალკე სხვიტორელები, ცალკე კორბოულელები და ალავერდელები. ეჯიბრებოდნენ თურმე, ალავერდელებს რომ უგალობიათ „ნეტარებდეო“, ახლად შეკეთებული ტაძრის კედლები კინაღამ ჩამონგრეულა“.
ახლაც სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს კაცხის ტაძარში. ჩვენც დიდი მეცნიერის მსგავსად დავინტერესდით უძველესი საფლავებით და ამოვიკითხეთ წარწერები.
სავანეში აკაკი წერეთლის ძიძისეული სახლი მოვინახულეთ. ეზოს უძველესი ხეები გამხმარან და მოუჭრიათ. მხოლოდ ერთი ორასი წლის მსხალი შემორჩენია ჟამთა ცვლას.
სავანის ტაძრის ეზოში უძველესი ხეები ვნახეთ: ნეკერჩხალი, ცაცხვი, მუხა, რომელიც გამხმარია, აღარც რკოს ისხამს, აღარც მწვანედ შეიფოთლება გაზაფხულზე, თუმცა ვერ შუშინებია სიბერეს და მაინც ამაყად დგას წელში გამართული.
სხვიტორში, წერეთლების სასახლის ეზოში დგას საუკუნოვანი კაკლები, საწერეთლოს მატიანეები. სხვიტორში ვნახეთ უცხო ხე უცნაური სახელწოდებით „იაპონური მელია“, რომლითაც დიდი პოეტის უფროსი და კეთრის წამალს ამზადებდა. სამწუხაროდ, დღეს რეცეპტი არავის ახსოვს.
ძალიან საინტერესო აღმოჩნდა ნიკო კეცხოველის განვლილ გზაზე მოგზაურობა. ამ დღეს არგვეთში მუხრან მაჭავარიანის სახლ-მუზეუმსაც ვესტუმრეთ. ვნახეთ დიდი პოეტის სახლი, ეზო, მარანი, მუხრანის მიერ ხელოვნურად გაშენებული ტყე, რომელსაც ნაკრძალის წოდება მიენიჭა.
ჩვენმა მოსწავლეებმა მუზეუმის ხელმძღვანელობის განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურეს და მადლობის სიგელით დააჯილდოვეს ბაზალეთის საჯარო სკოლა.
შთაბეჭდილებებით სავსე დავბრუნდით შინ. პროექტი გრძელდება. ჩვენ ვიბრძვით გამარჯვებისათვის. წინ მრავალი აქტივობა გველის.
თეა ტალახაძე
ბაზალეთის საჯარო სკოლის ეკოკლუბ „ბაოს“ კოორდინატორი
ხარაგაულის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლთან
ორმოცი დღე გავიდა ღვაწლმოსილი პედაგოგის
„ჩემი ხარაგაულის“ რედაქცია ღრმა მწუხარებით იუწყება, რომ ნაადრევად გარდაიცვალა
2025 წლის საგამოცდო პროცესი 3 ივლისს ერთიანი
საზოგადოებრივი ორგანიზაცია „რეგიონული ინიციატივების