საფეხბურთო კლუბი ხარაგაულის „ჩხერიმელა“ თაღლითური ფსონების ამოცნობის სისტემიდან მიღებულ ზედიზედ ორ ანგარიშში მოხვედრის გამო 10 000 ლარით დაჯარიმდა და პირველი ლიგის გათამაშებიდან მოიხსნა.

გადაწყდა, რომ დარჩენილ მატჩებში ჩაეთვალოს 0:3 წაგება, აქამდე ჩატარებული მატჩების შედეგები დარჩეს ძალაში და მის მიერ დაგროვილი ქულების ანულირება მოხდეს.

ეს გადაწყვეტილება საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო და დავების განმხილველმა კომიტეტმა 10 ნოემბერს მიიღო.

საფეხბურთო კლუბ „ჩხერიმელას“ დირექტორი ზურაბ გიორგიძე „ჩემი ხარაგაულის“ რედაქციასთან საუბარში ამბობს, რომ ძალიან ცუდი ფაქტი მოხდა.

„თქვენი გამოცემის საშუალებით ბოდიშს ვუხდი ხარაგაულელ გულშემატკივრებს, – ამბობს ზურაბ გიორგიძე, – დასასჯელი აუცილებლად უნდა დაისაჯოს.

ინფორმაცია უეფადან მოვიდა და როგორც ჩემთვის ცნობილია, ევროპის ქვეყნების ტოტალიზატორებში სოლიდური თანხაა დადებული.“

კლუბის დირექტორის ინფორმაციით, ადმინისტრაციამ გუნდიდან ის 11 ფეხბურთელი გაუშვა, რომლებიც, მათივე ვარაუდით, თაღლითური ფსონების სისტემაში იყვნენ ჩართულები.

„ძალიან ცუდ სიტუაციაში ვართ,- ამბობს ზურაბ გიორგიძე, – კვების, ტრანსპორტირების, მედიკამენტების თანხები გადასახდელია. ამას ემატება ფედერაციის წევრობის თანხა – ათი ათასი ლარი და ათი ათას ლარიანი ჯარიმა.

65 ათასი ლარის დაფინანსება მისაღები გვაქვს, მაგრამ ფედერაცია ჩვენს კლუბს თანხას აღარ აძლევს.“

ზურაბ გიორგიძემ არ იცის, კლუბი დავალიანებას და ჯარიმას როგორ გადაიხდის.

„ფედერაციას წერილობით მივმართავთ, – ამბობს ზურაბ გიორგიძე, – იქნებ კლუბის დასაფინანსებლად გათვალისწინებული 65 ათასი ლარი ჩაგვირიცხონ.“

ზურაბ გიორგიძე ამბობს, რომ სამომავლოდ გუნდი ხარაგაულელი ფეხბურთელებით უნდა დაკომპლექტდეს. ამ მიმართულებით გუნდის ადმინისტრაცია უკვე მუშაობს.

რაც შეეხება 11 ფეხბურთელის პასუხისმგებლობის საკითხს, კლუბის დირექტორი ამის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს.

საფეხბურთო კლუბი „ჩხერიმელა – 2009“ ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.

2016 წლის მარტიდან ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ფეხბურთის მხარდაჭერისთვის გათვალისწინებული თანხა, მთავრობის დადგენილების თანახმად, ააიპ ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდში მიიმართა.

„ჩხერიმელას“ ირგვლივ განვითარებული მოვლენებით 14 ნოემბრის სხდომაზე საკრებულოს წევრები ინგა მაღრაძე, ქეთევან ზუმბაძე და თორნიკე ავალიშვილი დაინტერესდნენ.

ვინ არის პასუხისმგებელი თაღლითურ გარიგებებზე და როგორ შეიძლებოდა ამის თავიდან აცილება, – ამ შეკითხვებზე პასუხების მისაღებად საკრებულოს წევრებმა კლუბის ადმინისტრაციასთან შეხვედრა მოითხოვეს.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსის, ვლადიმერ გელაშვილის ინფორმაციით, ადგილობრივი ბიუჯეტიდან წელს „ჩხერიმელა“ 160 ათასი ლარით დაფინანსდა და დამატებით თანხის გამოყოფა აღარ იგეგმება.

ვლადიმერ გელაშვილმა განაცხადა, რომ მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტში საფეხბურთო კლუბის „ჩხერიმელა – 2009“-ის დაფინანსება არ გაუთვალისწინებია.

„ჩემი ხარაგაულის“ რედაქცია ამ თემაზე მოკვლევას აგრძელებს.

ინფორმაციებს შინაგან საქმეთა სამინისტროდან და ფეხბურთის ფედერაციიდან ველოდებით.

ნინო კაპანაძე

chkerimelas_gundi