მშვიდობის კორპუსისგან მხარდაჭერილი პროექტი „ტურიზმის ცენტრისა და ხარაგაულელი ახალგაზრდების განვითარება“ მშვიდობის კორპუსის ამერიკელმა მოხალისემ ნათან თრარიგმა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის განვითარებისა და შიდა ტურიზმის ხელშეწყობის ცენტრის დირექტორმა ბერიკა თურმანიძემ მოამზადეს.

კონკურსში გამარჯვებულ პროექტს მშვიდობის კორპუსი 7 500 ლარით დააფინანსებს, ხოლო 2 000 ლარს, თანადაფინანსების სახით, ტურიზმის ცენტრი გაიღებს.

პროექტის ფარგლებში ტურიზმის ცენტრის ოფისის კეთილმოწყობა, ინვენტარისა და ტექნიკის შეძენა იგეგმება. ხარაგაულის სკოლების მოსწავლეებისათვის ტრენინგები გაიმართება. ტრენინგის თემები მოსწავლეთა ინტერესების შესაბამისად შეირჩევა. ამისთვის უფროსკლასელებს გამოკითხავენ. ტრენინგებს ხარაგაულის ტურიზმის ცენტრში ამ სამსახურის თანამშრომლები, მშვიდობის კორპუსისა და საქართველოს სკაუტური ორგანიზაციის გამოცდილი ტრენერები ჩაატარებენ.

ამერიკელი მოხალისე ნათან თრარიგის შეფასებით, ეს პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც ტურიზმის ცენტრის, ასევე ხარაგაულელი მოსწავლეებისათვის.

ნათანის თქმით, ტურიზმის ცენტრი კონკურსებში მომავალშიც ჩაერთვება.

პროექტი ნოემბრიდან დაიწყება და 2017 წლის ბოლომდე გაგრძელდება.

თამთა გოგოლაძე