

რა სიკეთე შეიძლება მოუტანოს მოსახლეობას „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით“ მინიჭებულმა უფლებამ – დასახლების საერთო კრებამ, – ამ საკითხზე დღეს, 24 ოქტომბერს, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოში იმსჯელეს.
ა/ო „ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო – საქართველოს“ წარმომადგენლებმა მაკა ცერცვაძემ და დავით სარალიძემ მაჟორიტარ დეპუტატებს დასახლების საერთო კრების ჩატარების პროცედურები, კრებების ჩატარების წარმატებული ისტორიები და მოსალოდნელ რისკებთან დაკავშირებული რეკომენდაციები გააცვნეს.
დასახლების საერთო კრება იმ შემთხვევაშია კანონიერი, თუ კრებაზე დასახლებაში რეგისტრირებული ამომრჩევლის 20% მივა. კრება ყოველი 500 ამომრჩევლისთვის ტარდება. მაკა ცერცვაძის განმარტებით, პრაქტიკამ აჩვენა, რომ 94 ადამიანის შეკრება ძალიან რთულია.
პირველი რეკომენდაცია ამ 20%-ანი ბარიერის დაწევას ეხება.
მეორე საკითხია კრებაზე მოსახლეობისგან მოთხოვნილი პრობლემის გადაჭრის ვალდებულება.
მოსახლეობისგან გამოკვეთილი ყველაზე აქტუალური პრობლემა, რომელიც ოქმში აისახება, სოფლის რჩეულს გამგეობაში მოაქვს. თავის მხრივ გამგეობა ვალდებულია, ერთი თვის ვადაში ეს საკითხი საკრებულოს წარუდგინოს. კანონში ზუსტად არ არის გაწერილი, რამდენად არის ვალდებული გამგეობა, რომ ეს პრობლემა ბიუჯეტში ასახოს.
სოფლის რჩეულის ვალდებულებაა კრების ოქმის მიტანა გამგეობამდე, მის განხილვაზე მონიტორინგი და სოფლის საერთო კრების დავალებების შესრულება.
მაკა ცერცვაძე მიიჩნევს, რომ რეალური რისკია გამგებლის წარმომადგენელსა და სოფლის რჩეულს შორის კონფლიქტები. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ სოფლის რჩეულის, გამგებლის წარმომადგენლისა და მაჟორიტარი დეპუტატის კომპეტენციები მკვეთრად გაიმიჯნოს.
მაკა ცერცვაძის თქმით, საერთო კრების ორგანიზება რთული პროცედურაა და უნდა გამარტივდეს.
სოფლის რჩეულის თანამდებობა ანაზღაურებადი არ არის. სოფლის რჩეული უნდა იყოს ადამიანი, რომელიც, როგორც მოხალისე, სოფელს პრობლემების მოგვარებაში დაეხმარება.
საკრებულოს წევრებმა მანანა ბარბაქაძემ, იური ლურსმანაშვილმა და მარინე ვეფხვაძემ ანაზღაურების გარეშე სოფლის რჩეულის ეფექტური საქმიანობა ეჭვქვეშ დააყენეს.
დეპუტატ გელა გოლუბიანის თქმით, ეს „დემოკრატობანას თამაშს“ ჰგავს, რადგან კანონები კაბინეტებში, სოფლების რეალური მდგომარეობის გაუთვალისწინებლად იწერება. მისივე თქმით, სანამ სოფელს საკუთარი შემოსავალი არ გაუჩნდება, ასეთ საკითხებზე საუბარი ფორმალობაა.
განსხვავებული პოზიცია აქვს საკრებულოს თავმჯდომარე ინგა მაღრაძეს. ის მიიჩნევს, რომ სოფელს აქვს თვითმმართველობის განხორციელებაში ჩართვის რეალური ბერკეტი. ინგა მაღრაძემ აღნიშნა, რომ მაგალითად, საქარიქედზე წყალმომარაგების პრობლემის მოგვარება მოსახლეობის აქტიურობამ განაპირობა.
საკრებულოს თავმჯდომარე თვლის, რომ მაჟორიტარი დეპუტატები მოსახლეობას ინიციტივების სწორად დაყენებაში უნდა დაეხმარონ.
ა/ო „ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო – საქართველო“ დასახლების საერთო კრების პროექტს იმერეთში ექვს დასახლებაში, მათ შორის ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაზალეთში, ახორციელებს.
24 ოქტომბერს ბაზალეთში მცხოვრებ 15 აქტიურ ადამიანს ტრენინგი საინიციატივო ჯგუფის ჩამოყალიბების შესახებ ჩაუტარდა. ეს ჯგუფი კრების მოწვევის ორგანიზატორი იქნება.
„წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ჩუნეში კრება ჩატარდა და სოფლის რჩეულმა გამგეობას უკვე წარუდგინა სოფლის მოთხოვნა – საუბნო გზას სანიაღვრე არხები გაუკეთდეს და წელს დაგეგმილი გზის რეაბილიტაციის პროექტი გასრულყოფილდეს, – გვიამბობს მაკა ცერცვაძე, – ვნახოთ, რას გადაწყვეტს საკრებულო.“
დასახლების საერთო კრება და სოფლის რჩეულის არჩევა სავალდებულო არ არის. „ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო – საქართველოს“ წარმომადგენლები თვლიან, რომ თუ თვითმმართველობამ მოსახლეობასთან არ იმუშავა და მათი ჩართულობა არ წაახალისა, ქვეყანაში მოქალაქეების თვითმობილიზების კულტურა ვერასდროს დამკვიდრდება.
ნინო კაპანაძე
პროკურატურამ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო
„სემეკის“ თავმჯდომარე დავით ნარმანია ადასტურებს, რომ, მიმართვის
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის უმეტეს სოფლებში მოსახლეობა სათბობად შეშას იყენებს.
ქალბატონებო და ბატონებო, მოგესალმებით, მოგიწვიეთ იმისთვის,
ხვალ, 6 ნოემბერს, ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის