პარლამენტარი ან გამგებელი ხალხის „ხმა“ კი არ უნდა იყოს, – როგორც ხშირად კანდიდატები აცხადებენ, – არამედ მათ უნდა ჰქონდეთ

სწორი ხედვა, გაანალიზების უნარი და თითოეული ამომრჩევლის მაჯისცემა უნდა ესმოდეთ, – აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ დღეს, 17 სექტემბერს, ხარაგაულში პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ მხარდამჭერ შეკრებაზე.

მანვე განმარტა, რომ დღეს უკვე „ხმის მიწვდენა“ აღარავისთვისაა პრობლემა. ამისთვის ჯანდაცვის სამინისტროში ცხელი ხაზი 15 – 05 ფუნქციონირებს.

დავით სერგეენკომ იმედი გამოთქვა, რომ „ქართული ოცნებისგან“ ბაღდათი-ხარაგაულის საარჩევნო ოლქში წარდგენილი პარლამენტის მაჟორიტარობის კანდიდატი კობა ლურსმანაშვილი და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებლობის კანდიდატი ნიკო თოფურიძე, მათი არჩევის შემთხვევაში, ცენტრალურ ხელისუფლებასთან „უბრალოდ ამბის მიმტანები“ კი არ იქნებიან, არამედ ადგილობრივ სიტუაციაში რეალურად და სიღრმისეულად გარკვეულები; რომ ისინი გამოავლენენ ანალიზის, დისკუსიისა და სწრაფი გადაწყვეტილების მიღების უნარს თითოეული მოქალაქის სასიკეთოდ.

ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ ზოგჯერ მოქალაქეს სჭირდება ოპერაციის თანაგადახდის დაფინანსება ან თვლის, რომ არასამართლიანად მოეხსნა სოციალური შემწეობა.

სოციალური დახმარების პროექტი, მინისტრის ინფორმაციით, ოცდაერთიდან ერთ-ერთია, რომელსაც ცენტრალური ხელისუფლება ახორციელებს.

„უამრავი პროექტი აქვს ადგილობრივ ხელისუფლებას, – ამბობს დავით სერგეენკო, – ცენტრალური ხელისუფლებისგან გადაწყვეტილების მიღებამდე თითოეული მოქალაქის საჭიროება მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებმა უნდა შეაფასონ.

მთავრობისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ გამგებელი და დეპუტატი სიტუაციას სრულად ფლობდნენ და ცენტრალურ ხელისუფლებასთან კონსტრუქციული კომუნიკაცია ჰქონდეთ.

სამწუხაროდ, ზოგჯერ ოპოზიცია ნახავს გაჭირვებულს, რომელსაც ფეხი დაუცდა. აცდიან, რომ ბოლომდე წაიქცეს, მიიყვანენ ტელევიზიას, თითქოს ამით საქმეს აკეთებენ. ამ დროს ჩვენ ერთად შეგვიძლია თითოეული მოქალაქისთვის რეალურად მხარში დგომა,“ – აღნიშნა მინისტრმა.

დავით სერგეენკოს ინფორმაციით, ხარაგაულში ახლადაშენებული კლინიკა რამდენიმე დღეში გაიხსნება.

ჯანდაცვის მინისტრმა შეკრებილ ამომრჩევლებს მიმართა, რომ ხარაგაულში მისი ჩამოსვლის მიზანი დღევანდელი ხელისუფლების საქმიანობის გაცნობა და თავმოწონება არ არის.

„ერთადერთი, რაც ამ წლების განმავლობაში შევძელით, – ვეცადეთ, რომ თქვენთვის დაგვებრუნებინა ის, რაც ისედაც გეკუთვნოდათ და ყოველთვის გეკუთვნით, – მიმართა მან მოქალაქეებს, – ჯანდაცვა არ არის ვინმე პრივილეგია, – მდიდარის ან ღარიბის, ახალგაზრდის ან ხანდაზმულის. ეს ყველას უფლებაა.“

მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ხელისუფლება თითოეული ადამიანის მხარდაჭერის გარეშე ვერაფერს გააკეთებს.

„თქვენ გაქვთ იმის შესაძლებლობა და სიბრძნე, რომ სწორად დაინახოთ და განჭვრიტოთ, – ესა თუ ის ადამიანი რას გეუბნებათ, რა განწყობით გესაუბრებათ, რა უდევს გულში, – მიმართა სერგეენკომ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს.

დეპუტატობის კანდიდატმა კობა ლურსმანაშვილმა შეკრებილებს ქვეყანაში ბოლო წლებში განხორციელებული პროექტები შეახსენა და აღნიშნა, რომ ამაყობს „პარტია „ქართული ოცნებისგან“ ამომრჩევლებისადმი მიცემული ყველა დაპირების ვადამდე და გადამეტებით შესრულებით.“

მას „ქართული ოცნება“ ყველაზე პასუხისმგებლიან, სანდო პოლიტიკურ ძალად მიაჩნია, რომელსაც „პოლიტიკურ ასპარეზზე დღეს ალტერნატივა არ გააჩნია.“

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებლობის კანდიდატმა ნიკო თოფურიძემ განაცხადა, რომ გამგებლობა, მისი არჩევის შემთხვევაში, მისთვის ძალიან დიდი პატივი იქნება.

„მხოლოდ სიყვარულით, ღიაობით გიღებთ ჩემს გულს. თქვენს სამსახურში ვიქნები და ერთმანეთის იმედით ვიყოთ,“ – ამბობს ნიკო თოფურიძე.

შეხვედრას ესწრებოდნენ და შეკრებილ ამომრჩევლებს მიესალმნენ ბაღდათის საკრებულოს თავმჯდომარე გია მაჩიტიძე, ბაღდათის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი გელა მშვილდაძე და „ქართული ოცნების“ ბაღდათის საარჩევნო შტაბის უფროსი დავით ფულარიანი.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა პაატა გოგოლაძემ იმედი გამოთქვა, რომ „ყველაფერი კარგად იქნება და „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ მოახლოებულ არჩევნებში სერიოზულ წარმატებას მიაღწევს.“

ლაურა გოგოლაძე

qartuli-ocneba-1

davit-sergeenko-1

qartuli-ocneba-3

qartuli-ocneba-5

qartuli-ocneba

qartuli-ocneba-4