დღეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე დეპუტატებმა ცნობად მიიღეს საკრებულოს წევრ ვარლამ თავზარაშვილის განცხადებასაფინანსო-საბიუჯეტო კომისიის დატოვების შესახებ.

ამ საკითხზე ვარლამ თავზარაშვილს სხდომაზე განმარტება არ გაუკეთებია. ჩვენთან საუბარში კი აღნიშნა: „საკრებულოს იურიდიული, სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიაში გაწევრიანებას ვაპირებ. ვინაიდან დეპუტატებს ერთდროულად სამ კომისიაში წევრობის უფლება არ გვაქვს, ამიტომ ამ კომისიის დატოვება გადავწყვიტე“.

სხდომაზე საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-კონსერვატორების“ თავმჯდომარის გელა გოლუბიანის განცხადება განიხილეს, ფრაქციის ამ სახელწოდებით ფუნქციონირების შეწყვეტის შესახებ.

ამ ფრაქციის წევრები: გელა გოლუბიანი, მერაბ ღონღაძე, თეიმურაზ კუპრაძე და ვლადიმერ ბუაჩიძე ახალი ფრაქციის – „თავისუფალი არჩევანი“ – შექმნას ითხოვენ.

დეპუტატ ვარლამ ჭიპაშვილის თქმით, „ახალი ფრაქციის შექმნის სამართლებრივი საფუძვლები, ჯერჯერობით, არ არსებობს. თუ ეს ფრაქცია შეიქმნება, მას იურიდიული ძალა არ ექნება, რადგან ვერ დააკმაყოფილებს ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 30-ე მუხლის მოთხოვნებს, ფრაქციის შექმნის საფუძვლებთან დაკავშირებით“.

გელა გოლუბიანმა აღნიშნა: „მოვლენების ასეთ განვითარებას არ ველოდი, როცა 2012 წელს ის საშინელი რეჟიმი დავამარცხეთ. დღეს რეალობა ისეთია, რომ ალბათ სწორ გადაწყვეტილებას მე მაშინ მივიღებდი, ასეთი შემადგენლობით არსებულ საკრებულოში რომ საერთოდ არ მიმეღო მონაწილეობა. თუმცა, ამ ყველაფერს არგუმენტურებულად და დასაბუთებულად იურიდიული კომისიის სხდომის შემდეგ განვმარტავ.“

ახალი ფრაქციის შექმნის თაობაზე საკრებულოს იურიდიული, სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისია (თავმჯდომარე მიხეილ გელაშვილი) 7 სექტემბერს იმსჯელებს.

დეპუტატებმა სხდომაზე მოისმინეს და დადებითად შეაფასეს საკრებულოს ეკონომიკის, ქონების მართვისა და ინფრასტრუქტურის საკითხთა კომისიისა (თავმჯდომარე შალვა ლურსმანაშვილი) და გამგეობის ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამსახურის (უფროსი ნანა კიკნაძე) ანგარიშები.

თამთა გოგოლაძე