დღეს, 19 აპრილს, ხარაგაულის კინოთეატრში მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების – „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ – საოლქო კონფერენცია გაიმართა.
კონფერენციას პარტიის წარმომადგენელი ანა კილაძე უძღვებოდა. სამანდატო კომისიის წარმომადგენლის, გივი თხელიძის ინფორმაციით, კონფერენციას 127-ვე დელეგატი ესწრებოდა.
კინოთეატრში შეკრებილებს მიესალმენ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ რეგიონული დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე დავით თურქია, პარტიის იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის კურატორი ანა ლაშხი, სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი იმერეთის მხარეში გრიგოლ დალაქიშვილი, საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი კობა ლურსმანაშვილი.
დავით თურქიამ და ანა ლაშხმა სიტყვით გამოსვლისას ხაზი გაუსვეს „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ დაფუძნებაში ბიძინა ივანიშვილის წვლილს. დავით თურქიას თქმით, „ბატონი ბიძინას გაკეთებულია ყველაფერი, რაც ქვეყანაში ხდება.“
ანა ლაშხმა პარტიის მხარდამჭერებსა და დელეგატებს მადლობა გადაუხადა ერთგულებისა და ერთიანობისთვის. „ბიძინა ივანიშვილი დაუპირისპირდა რეჟიმს, თუ რაიმე წინსვლაა დღეს ქვეყანაში, ეს ბატონი ბიძინას დამსახურება და თქვენი მხარდაჭერის შედეგია,“ – განაცხადა ანა ლაშხმა.
იმერეთის მხარეში გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა გრიგოლ დალაქიშვილმა აღნიშნა, რომ „პარტიის აქტივის უმრავლესობა ჯერ ვერ გვყავს სათანადოდ დაფასებული და დასაქმებული, ვერ გვაქვს მათთვის ის ადგილი მიჩენილი, რაც მათ ეკუთვნით.“
გრიგოლ დალაქიშვილმა ყურადღება იმერეთში განხორციელებულ და მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე გაამახვილა. მისი ინფორმაციით, ბოლო ორ წელიწადში იმერეთში 322 მილიონი ლარი ღირებულების ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდა – დაიგო გზები, მოწესრიგდა წყალმომარაგების სისტემები და გაზიფიცირდა სოფლები.
„არის გამოწვევები, რომლებიც უნდა დავძლიოთ, – აღნიშნა გრიგოლ დალაქიშვილმა, – მადლობა წინასწარ, რომ შემოდგომაზე ღირსეულად ჩავატარებთ საპრეზიდინტო არჩევნებს და კიდევ ერთ ღირსეულ პრეზიდენტს შევიყვანთ ავლაბარში პრეზიდენტის სასახლეში. ჩვენ ვართ ის თაობა, რომელიც საქართველოს გააერთიანებს და გააბრწყინებს.“
პარლამენტარ კობა ლურსმანაშვილის ინფორმაციით, ცენტრალური ხელისუფლება რეგიონების განვითარებაზეა ორიენტირებული და ეს კონკრეტულ პროგრამებსა და ინფრასტრუქტურულ პროექტებში აისახება. „ხარაგაულში ბევრი რამ გაკეთდა და კეთდება, – აღნიშნა მან, – მერია და საკრებულო მუშაობენ იმისთვის, რომ ცენტრალური ბიუჯეტიდნ გამოყოფილი ფინანსები ხარაგაულელთა ინტერესებს მოხმარდეს.“
კობა ლურსმანაშვილმა მადლობა გადაუხადა კინოთეატრში შეკრებილებს ხარაგაულის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის და დასძინა, რომ ხარაგაულის ღირსეული მოსახლეობის სამსახურში ყოფნა საამაყოა.
ღია კენჭისყრით, პარტიის საოლქო ორგანიზაციის თავმჯდომარედ მანანა ბარბაქაძე აირჩიეს. ქალბატონი მანანა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეა. ის პარტიის საოლქო ორგანიზაციას მისი დაფუძნების დღიდან ხელძღვანელობს.
საოლქო ორგანიზაციის ბიუროს წევრებად ასევე ღია კენჭისყრით აირჩიეს პარლამენტარი კობა ლურსმანაშვილი, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერი ნიკოლოზ თოფურიძე, საკრებულოს წევრები პაატა გოგოლაძე და ვარლამ ჭიპაშვილი, პარტიის წევრი ზურაბ ნიქაცაძე.
კონფერენციის გადაწყვეტილებით, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ყრილობაში ხარაგაულიდან მონაწილეობას მიიღებენ დელეგატები: მანანა ბარბაქაძე, კობა ლურსმანაშვილი, ნიკოლოზ თოფურიძე, პაატა გოგოლაძე, გივი თხელიძე, ეკა შველიძე, ზურაბ ნიქაცაძე, შმაგი ხიჯაკაძე, ნინო ხარაძე, შალვა ლურსმანაშვილი, ლენა აბაშიძე, დავით კიკნაძე, ნონა ზურაბიანი, ვარლამ ჭიპაშვილი, პავლე თავზარაშვილი.
ამავე თემაზე
ხარაგაულში „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ კონფერენცია ჩატარდა
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი