„სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ მიიჩნევს, რომ ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებთან თავსებადი კანონმდებლობისა და პოლიტიკის არარსებობის პირობებში, საქართველოში უკანასკნელი საცხოვრისიდან იძულებითი გამოსახლება უხეშად ლახავს ადამიანების ღირსებასა და უფლებებს, სრულიად უგულებელყოფს სახელმწიფოს ვალდებულებებს და შინაარსს აცლის სოციალური სახელმწიფოს პრინციპს, რომელიც კონსტიტუციითაა გარანტირებული.

ორგანიზაციის შეფასებით, საქართველოში გამოსახლების მარეგულირებელი კანონმდებლობა, პოლიტიკა და პრაქტიკა უკიდურესად ხარვეზიანია და უგულებელყოფს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტების ბაზისურ მოთხოვნებს.

ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ სისტემა მხედველობაში არ იღებს სათანადო საცხოვრებლის უფლებას და აქცენტს მხოლოდ მესაკუთრის უფლებებზე ამახვილებს. შესაბამისად, გამოსახლებისა და უსახლკარობის რისკის წინაშე მყოფი ადამიანები სახელმწიფოს ხედვის არეალის მიღმა რჩებიან.

ორგანიზაციის განცხადებით, მიუხედავად საჭიროებისა, ქვეყანაში გამოსახლების პრევენციის ზოგადი პოლიტიკა არ არსებობს. არ ჩატარებულა კვლევა უკანასკნელი საცხოვრებლიდან გამოსახლების მასშტაბის, მისი მიზეზებისა და შინამეურნეობების საჭიროებების შესახებ.

„სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ ასევე აცხადებს, რომ უშუალოდ საცხოვრისიდან გამოსახლების სტანდარტებიც ვერ უძლებს კრიტიკას; კერძოდ, იმ მინიმალურ საერთაშორისო პრინციპებს, რომელსაც ყველა სახელმწიფო უნდა ნერგავდეს, საქართველოს კანონმდებლობა საერთოდ არ იცნობს.

„მაგალითად, არსებული სამართლებრივი ჩარჩო მოსახლეობას არ იცავს ზამთარში/ცუდ ამინდში ან/და ღამის პერიოდში გამოსახლებისგან. პირიქით, არაერთ შემთხვევაში, სახლების დემონტაჟი და ადამიანების გამოსახლება სწორედ ცივ სეზონებში ხდებოდა“, – წერს ორგანიზაცია.

SJC-ის შეფასებით, გამოწვევას წარმოადგენს გამოსახლების შემდგომ ოჯახების სათანადო მხარდაჭერის მიმართულებაც.

ვრცლად გაეცანით ბმულზე.