ხარაგაულის „კულტურის, ხელოვნებისა და შიდა ტურიზმის ცენტრის“ ორგანიზებით ბორის სკოლის ტერიტორიაზე ახალგაზრდებისთვის „ერუდიტბანაკი“ 4 აგვისტოდან ამოქმედდება.

4-დან 8 აგვისტომდე ამ „ერუდიტბანაკში“ 80 მოსწავლე დაისვენებს. ამ ახალგაზრდების ნაწილი ონლაინ შევსებული კითხვარების მიხედვით შეარჩიეს, ნაწილს კი რეკომენდაციები სკოლების დირექციებმა გაუწიეს.

ონლაინ კითხვარში ბანაკში წასვლის მსურველ 15-დან 18 წლამდე ასაკის ახალგაზრდას უნდა დაესაბუთებინა, თუ რატომ სურს ბანაკში მონაწილეობა, როგორ ჩაერთვება ბანაკში დაგეგმილ ინტელექტუალურ, შემეცნებით და სპორტულ ღონიძიებებში.

„სულ 95 განაცხადი შემოვიდა, – ამბობს ხარაგაულის „კულტურის, ხელოვნებისა და შიდა ტურიზმის ცენტრის“ დირექტორი მამუკა ჭიპაშვილი, – შესაძლოა, ხუთი მონაწილე დავამატოთ. სათავგადასავლო „ერუდიტბანაკში“ ახალგაზრდები ბორის სკოლა-პანსიონის ტერიტორიაზე კარვებსა და პანსიონის შენობაში განთავსდებიან. ამჟამად ბანაკის თითოეული დღის პროგრამას ვამუშავებთ.

ვფიქრობთ, რომ ხარაგაულელი ახალგაზრდები, გასული წლების მსგავსად, „ერუდიტბანაკში“ ხუთ დღეს საინტერესოდ და შინაარსიანად გაატარებენ“.

მამუკა ჭიპაშვილის ინფორმაციით, ხუთდღიანი „ერუდიტბანაკისთვის“ ხარაგაულის „კულტურის, ხელოვნებისა და შიდა ტურიზმის ცენტრის“ ბიუჯეტიდან, სავარაუდოდ, 7-8 ათასი ლარი დაიხარჯება.

„ერუდიტბანაკი“ ბორის სკოლა-პანსიონის ტერიტორიაზე 2024 წლიდან იმართება.

ამავე თემაზე დაგაინტერესებთ

„ერუდიტბანაკის“ ორ ნაკადად ჩატარების შესაძლებლობას განვიხილავთ“ – მამუკა ჭიპაშვილი