

მიგრაცია, სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის საჭირო მხარდაჭერის ნაკლებობა, უმუშევრობა, უწყლობა, და რაც მთავარია, სოფელში სკოლისთვის შენობის არარსებობა – ამ და მოსახლეობის სხვა პრობლემებზე, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ წყალაფორეთში მცხოვრები გიორგი გაბეხაძე გვესაუბრება.
2026 წლის სექტემბერში მეექვსე სასწავლო წელი დაიწყება, რაც წყალაფორეთის საჯარო სკოლას საკუთარი შენობა აღარ აქვს.
2020 წლიდან, ორი წლის განმავლობაში, ამ სკოლის სასწავლო პროცესი ვარძიის სკოლის შენობაში, მეორე ცვლაში მიმდინარეობდა; 2022 წლის სექტემბრიდან დღემდე – წყალაფორეთიდან 15 კმ-ით დაშორებული თეთრაწყაროს სკოლის შენობაში გრძელდება.
წყალაფორეთის სკოლის შენობა 2022 წლის ივლისში დაანგრიეს. შენობის დანგრევამდე მისი რეაბილიტაცია იყო განსაზღვრული.
თუმცა, ტენდერში გამარჯვებული „სამშენებლო საწარმო გაერთიანება იმერეთის“ წარმომადგენლებმა სარემონტო სამუშაოების დაწყებიდან რამდენიმე ხანში აღმოაჩინეს, რომ ეს შენობა რეაბილიტაციას აღარ ექვემდებარებოდა და წყალაფორეთის სკოლისთვის ახალი შენობა უნდა აშენებულიყო.
ახალი შენობის ასაგებად ტენდერი განათლების სამინისტროს ინფრასტრუქტურის სააგენტომ 2023 წლის ივლისში გამოაცხადა. თუმცა, ამ ტენდერში მონაწილე ერთადერთ მშენებელ კომპანია შპს „მანე ლუქსს“ დისკვალიფიკაცია მიენიჭა და ტენდერი უარყოფითი შედეგით დასრულდა.
წყალაფორეთში სკოლისთვის შენობის აგების საჭიროება „ჩემი ხარაგაულის“ რედაქციამ არაერთხელ გავაშუქეთ.
აშენდება თუ არა წყალაფორეთში სკოლა, ჩვენს ამ შეეკითხვაზე 2026 წლის მაისში ჩაწერილ ინტერვიუში ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერმა, კობა ლურსმანაშვილმა გვიპასუხა:
„თუ წყალაფორეთში ამიშენეს ახალი სკოლა და ჩემი შვილი სკოლაში მარტო უნდა იჯდეს კლასში, ეს მირჩევნია თუ ის, რომ ბავშვი სარგებლობდეს ტრანსპორტის მომსახურებით და სწავლობდეს, პირობითად, კიცხში – ასევე ახლად რეაბილიტირებულ სკოლაში, თავის კლასელებთან და კვალიფიციურ მასწავლებლებთან აღიზარდოს.
ასე დადგება საკითხი სამომავლოდ – იმ თემში, სადაც 2-3 სკოლაა და მათ შორის ყველა არის გამოსული მწყობრიდან და ყველა ასაშენებელია, სახელმწიფო ერთ 500 ან 300 ბავშვიან სკოლას ააშენებს და იქ მოახდენს მათ ტრანსპორტირებას. როცა დგას ზესტაფონში 500-ბავშვიანი ან სამტრედიაში 700-ბავშვიანი სკოლის აშენების საკითხი, მე ამ დროს ვსაუბრობ და კონკურენციაში შევდივარ, რომ იქ კი არ აშენდეს, არამედ აშენდეს წყალაფორეთში, – 25 თუ 26 მოსწავლე რომ დარჩა.
მე მინდა, რომ იყოს სკოლები, მაგრამ ზოგადად მეტი კომფორტი უნდა შევუქმნათ ბავშვებს, მეტი განვითარება უნდა ჰქონდეთ. ვინმეს თუ მიაჩნია, რომ კლასში ერთი ბავშვი კარგია, არ ვიცი. რამდენიმე სკოლაში მე-12 კლასი არ გვყავს. წელს 139-მა მეთორმეტე კლასელმა დაამთავრა ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედი სკოლები. ზოგან პირველ კლასში ერთი ბავშვი შედის და ზოგან დამამთავრებელი კლასები სულ არ არის.
დღის წესრიგიდან არ გვაქვს მოხსნილი წყალაფორეთში სკოლის აშენების საკითხი. ჩვენ ამისთვის ვიბრძვით, რომ წყალაფორეთში, დაპირებისამებრ, აშენდეს სკოლა. ვფიქრობ, ამას მივაღწევთ“.
2025 წლის 15 სექტემბრიდან, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდს დაევალა. ამიტომ სწორედ ამ ფონდს მივმართეთ შეკითხვით – როდის აშენდება წყალაფორეთში სკოლა.
მუნიციპალური განვითარების ფონდის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტიდან წერილობით გვაცნობეს, რომ „ასაშენებელი ან სრულად სარეაბილიტაციო სკოლების პრიორიტეტს განსაზღვრავს განათლების სამინისტრო, მუნიციპალური განვითარების ფონდი კი შესაბამის სამუშაოებს აღნიშნული პრიორიტეტების შესაბამისად განახორციელებს. ხარაგაულის სოფელ წყალაფორეთის საჯარო სკოლა სამინისტროს მიერ განსაზღვრულ პრიორიტეტულ სიაში არ შედის“.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოში წყალაფორეთის თემის მაჟორიტარი დეპუტატი როინ გელაშვილი ამბობს, რომ წყალაფორეთში სკოლის მშენებლობის საკითხზე ორი თვის წინ ის პარლამენტის წევრს, დელეგატ პაატა კვიჟინაძეს ესაუბრა და მისგან პასუხს უახლოეს ხანში ელოდება.
„მეც მაინტერესებს და ვითხოვ პასუხს, რატომ შეჩერდა წყალაფორეთში სკოლის მშენებლობა, რატომ აღარ გამოცხადდა განმეორებითი ტენდერი, – ამბობს როინ გელაშვილი, – 2026 წლის სექტემბერში წყალაფორეთის სკოლა სასწავლო წელს ისევ თეთრაწყაროს სკოლაში განაახლებს“.
სოფლის წყალმომარაგებას რაც შეეხება, როინ გელაშვილის ინფორმაციით, წყალაფორეთში მცხოვრები მოსახლეობის 80%-ს წყალი მიეწოდება. მისივე თქმით, წყალაფორეთის ცენტრალური უბნის მაცხოვრებლებს წყლის პრობლემა, დებეტის შემცირების გამო, აგვისტოს ბოლოდან ოქტომბრის ბოლომდე აქვთ.
თამთა გოგოლაძე
ნინო კაპანაძე
ფოტოზე: გიორგი გაბეხაძე
ამავე თემაზე
მიგრაცია, სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის საჭირო მხარდაჭერის ნაკლებობა, უმუშევრობა, უწყლობა, და რაც მთავარია, სოფელში სკოლისთვის შენობის არარსებობა – ამ და მოსახლეობის […]
ხარაგაულელი გოგი ალავიძის საუკუნოვან ვენახებს, რომელიც სოფელ
დღეიდან, 14 ივლისიდან, საგარეუბნო მატარებლების მიმოსვლა აღდგა.
პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტრაცია დასრულდა.
„მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ წლევანდელი საუკეთესო ათეულის