დღეს, 11 ივლისს, ბათუმში ათასობით ადამიანი ,,ევროპის დღეზე“ შეიკრიბა და ევროკავშირთან, მის წევრ–სახელმწიფოებთან, ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროექტებთან და პარტნიორებთან ერთად, აღნიშნა მჭიდრო კავშირების დამყარება ინტერაქტიული გამოცდილების, შთამაგონებელი ისტორიებისა და კულტურული აქტივობებისგან შემდგარი ვრცელი პროგრამის მეშვეობით თემაზე „ჩემი ევროპა, ჩემი მომავალი“.

სასტუმრო „ჰილტონ ბათუმში“ გამართულმა ევროპის დღემ წარმოაჩინა ევროკავშირსა და საქართველოს შორის 30 წელზე მეტი ხნის პარტნიორობა და ხაზი გაუსვა სხვადასხვა სახის თანამშრომლობის მნიშვნელობას. ეს თანამშრომლობა გრძელდება, აძლიერებს საზოგადოებას და ხელს უწყობს ქვეყანაში ცხოვრების გაუმჯობესებას.

ღონისძიების გახსნაზე წარმოთქმულ სიტყვაში საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველოს მიმართ ევროკავშირის მხარდაჭერა არ შეცვლილა, თუმცა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ არც ევროკავშირის წესები შეცვლილა.

„ბათუმი არის ღია და მრავალფეროვანი ქალაქი, რომელიც აერთიანებს სხვადასხვა კულტურას, ტრადიციასა და გამოცდილებას. ევროპის ძალაც მრავალფეროვნება და საერთო წესებზე თანხმობაა. სწორედ საერთო წესების დაცვას მოაქვს ევროკავშირის წევრებისთვის მშვიდობა, კეთილდღეობა და განვითარება, უკვე თითქმის 80 წელია.

მსოფლიო გამოწვევებთან გამკლავებით, ევროპა მხოლოდ ძლიერდება. მეტიც, ევროკავშირი ფართოვდება. ქვეყნები, რომლებიც საერთო წესებს იზიარებენ, ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე წინ და წინ მიდიან. დასანანია, რომ საქართველო მათ შორის არ არის. ჩვენ არ ვკარგავთ იმედს, რომ ეს დროებითია.

30 წელზე მეტია, ჩვენ ვდგავართ საქართველოს გვერდით, თქვენ გვერდით, როგორც მტკიცე და საიმედო პარტნიორი. ევროკავშირის მხარდაჭერა საქართველოს მიმართ უცვლელია. ამავდროულად, უცვლელია ჩვენი წესებიც. ევროკავშირის გზაზე წინსვლა ეფუძნება დემოკრატიულ განვითარებას.

ახლა კი, ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან ერთად, ისიამოვნეთ დღევანდელი დღით. ეს დღე გვახსენებს თუ რა გზა გავიარეთ აქამდე და რამდენს მივაღწიეთ ერთად. წინ საქართველო, წინ!“, – განაცხადა ელჩმა.

ევროპის გუნდის (Team Europe) ინტერაქტიული სივრცის სტუმრებმა აღნიშნეს, რომ ევროპული იდეები, გამოგონებები და კრეატიულობა, რომლებმაც ევროპის ჩამოაყალიბებაში უდიდესი წვლილი შეიტანეს, კვლავაც შთამაგონებელია მთელი მსოფლიოსთვის ინოვაციებიების თვალსაზრისით.

გამოფენის ტერიტორიაზე, ევროკავშირის მიერ დაფინანსებულმა პროექტებმა წარმოადგინეს მაგალითები, თუ როგორ უწყობს ევროკავშირი ხელს ინვესტიციებს ბიზნესის, განათლების, სოფლის მეურნეობის, ინოვაციების, გარემოს დაცვის, კულტურისა და ადგილობრივი განვითარების მხარდაჭერაში მთელ საქართველოში ინტერაქტიული გამოფენების, პრაქტიკული სემინარების, სააზროვნო დისკუსიებისა და ცოცხალი კულტურული აქტივობების მეშვეობით.

„ჩემი ევროპა, ჩემი მომავალი“ ლაივ პოდკასტების სტუდია გახდა სივრცე საერთო ღირებულებებზე, შესაძლებლობებსა და მომავალზე საუბრებისთვის, რომელმაც შეკრიბა სტუმრები და მსმენელები იმის განსახილველად, თუ რას ნიშნავს ევროპა  საქართველოსთვის დღეს.

სტუმრებმა, ასევე, სიამოვნებით მიიღეს მონაწილეობა სხვადასხვა ტიპის აქტივობაში, მათ შორის ფოტოგრაფიის სემინარებში, ვირტუალურ მოგზაურობაში 20-ზე მეტ ევროპულ ქალაქში, მწვანე კუთხეში მიმდინარე მდგრადი განვითარების აქტივობებში,  ევროკავშირის შესახებ „ცოდნის ბორბლით,“ ბავშვთა თეატრით, ცოცხალი წარმოდგენებით და შემოქმედებითი სემინარებით ყველა თაობისთვის.

ჩატარდა გარე აქტივობები შოთა რუსთველის სახელმწიფო უნივერსიტეტის წინ, და მათი ორგანიზატორი ევროკავშირის პარტნიორები იყვნენ. ამით კიდევ უფრო მეტი ადამიანის ჩართულობის შესაძლებლობები შეიქმნა.

11 ივლისის მთავარ ზეიმს წინ უძღოდა ევროპული კინოტურის დაწყება 10 ივლისს, აჭარაში, კინოთეატრ „კავეა გრანდ მოლში“. ევროპული კინოტური 12 ივლისს აჭარიდან ჩოხატაურში, გურიაში გაგრძელდება და სხვა რეგიონებშიც გადავა, რათა სხვადასხვა მუნიციპალიტეტში ქართული და ევროპული ფილმების ჩვენება მობილურ კინოთეატში მოხდეს. კინოტურის გრაფიკი შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე: https://eu4georgia.eu/european-cine-tour/

ევროპის დღის ღონისძიება ღია ცის ქვეშ გამართული კონცერტით დასრულდა ბათუმის ბულვარში, სადაც ქართველმა და გერმანელმა მომღერალმა ნათია თოდუამ და ქართულმა ჯგუფმა Mechanical Rainbow ათასობით ადამიანი შეკრიბეს მუსიკის, მრავალფეროვნებისა და ევროკავშირსა და საქართველოს შორის მტკიცე მეგობრობის აღსანიშნავად გამართულ საღამოზე.

2026 წლის ევროპის დღე მარტივ, მაგრამ ძლიერ გზავნილს ასახავდა: ევროპა მხოლოდ დანიშნულების ადგილი არ არის – ეს არის პარტნიორობა, რომელიც ყოველდღიურად შენდება ადამიანების, იდეებისა და შესაძლებლობების მეშვეობით.

განათლების, მეწარმეობის, ინოვაციების, კულტურის, გარემოსდაცვითი აქტივობებისა და რეგიონული განვითარების გზით, ევროკავშირი აგრძელებს ინვესტირებას საქართველოს მომავალში და მხარს უჭერს ქართველი ხალხის მისწრაფებებს.

„ჩემი ევროპა, ჩემი მომავალი“ კამპანიის ფარგლებში, ევროპის დღე საქართველოს მოქალაქეებთან მიმდინარე საუბრის ნაწილია, რაც აჩვენებს, რომ ევროკავშირი კვლავ სანდო პარტნიორია, რომელიც ერთად უფრო აყვავებული, მდგრადი და კავშირებზე დამყარებული მომავლის მშენებლობას ისახავს მიზნად.

*ცნობილი პოლონური სიმღერა ბათუმის შესახებ: https://www.youtube.com/watch?v=A1AYUIxB95c

ევროპის დღის შესახებ:

ევროპის დღე, რომელიც ყოველწლიურად, 9 მაისს აღინიშნება, რობერტ შუმანის 1950 წლის დეკლარაციის პატივსაცემად დაწესდა, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა თანამედროვე ევროპის კავშირს – პროექტს, რომელიც მშვიდობას, თანამშრომლობასა და საერთო კეთილდღეობას ეფუძნება.

ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობების შესახებ:

ოცდაათ წელიწადზე მეტია, რაც ევროკავშირი საქართველოსთან მჭიდრო პარტნიორულ ურთიერთობას ინარჩუნებს და ხელს უწყობს ქვეყნის განვითარებას ცოდნის, ინვესტიციებისა და საერთო ღირებულებების საშუალებით.  ევროკავშირი საქართველოს უდიდესი სავაჭრო პარტნიორი და ერთ-ერთი ყველაზე დიდი დონორია, რომელიც მხარს უჭერს ეკონომიკურ ზრდას, დემოკრატიულ განვითარებასა და ცხოვრების დონის ამაღლებას.