წლებია, ხარაგაულის ისტორიული მუზეუმის შენობა რეაბილიტაციას საჭიროებს. როდის იგეგმება ხარაგაულის მუზეუმისა და კულტურის ცენტრის შენობების რეაბილიტაცია; მათ შორის მუზეუმის შენობის გაზიფიცირება, – ამ შეკითხვით ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერს, კობა ლურსმანაშვილს მივმართეთ.

– კულტურის ცენტრის შენობა გარედან რეაბილიტირებულია, – ამბობს კობა ლურსმანაშვილი, – დანარჩენი საჭიროებებისთვის ფინანსებს წლის განმავლობაში თუ ვერ მოვიძიებთ, აუცილებლად გავითვალისწინებთ რეგიონალური განვითარების ფონდიდან გამოყოფილ ლიმიტებში, – რომ აღვჭურვოთ და გავაკეთოთ.

ვფიქრობთ, რომ ხარაგაულში მუზეუმს ახალი შენობა სჭირდება და ეს ძვირადღირებული პროექტი იქნება. გაგვიჭირდება, რომ მუნიციპალიტეტმა ეს თავისი ბიუჯეტით უზრუნველყოს.

ამ მიზნით თანხის მოზიდვაზე ვმუშაობთ. მუზეუმის გაზიფიცირებაც უნდა დავგეგმოთ, მაგრამ  ჯერ ჩამოვყალიბდებით, ვტოვებთ მაგ მუზეუმს მუნიციციპალიტეტის ფორმატით, თუ ველოდებით სხვა მიმართულებით სიახლეებს.

თუ სხვა მიმართულებით გვექნა სიახლე, მაშინ გაზიფიცირებას ამ ეტაპზე აზრი არ ექნება.

წელს ჩვენ მუნიციპალური განვითარების ფონდი ანუ ინფრასტრუქტურის სამინისტრო,  რამდენიმე მასშტაბურ პროექტს გვიფინანსებს: მულტიფუნქციური სპორტული კომპლექსი „ავტოტრანსის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, საცურაო აუზით; საფეხბურთო სტადიონის რეაბილიტაცია ხელოვნური საფარით, ახალი შენობით, ტექნიკური ცენტრითა და ტრიბუნებით.
ვფიქრობ, რომ ეს არანაკლებ 10 მლნ ლარი ღირებულების პროექტები იქნება.

ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს ინფრასტრუქტურის მინისტრ რევაზ სოხაძესთან, დიდ მადლობას ვუხდი მას. მისი ჩამოსვლა ხარაგაულში ყოველთვის სიახლით მთავრდება. ვფიქრობ, ამ მუზეუმის თემაში აუცილებლად დაგვეხმარება.

რეგიონური განვითარების მინისტრი კახა გულედანი და მისი მოადგილეები ყოველდღიურ კომუნიკაციაში არიან ჩვენთან. შესაძლებლობები აქედანაც შეიძლება გაგვიჩნდეს.

ამის გარდა, ჩვენ გვაქვს მოლოდინები სხვადასხვა ფონდებიდან. მაგალითად, მთის ფონდიდან წელს დაახლოებით 400 ათასი ლარის ფარგლებში გვინდა მოვაწესრიგოთ სოფელ ზვარეში საუბნო გზა და ბჟინევის გზის რეაბილიტაცია გავაგრძელოთ. თუმცა ეს იმხელა პროექტებია, ეს თანხა არ ჰყოფნის. ამ გზების პროექტირება უკვე დაწყებულია.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერთან, კობა ლურსმანაშვილთან ვრცელ ინტერვიუს გაეცანით ბმულზე.