– ლაშის იგორეთში, კიცხის იგორეთსა და ღუდუმექედში გაზსადენის მშენებლობა დასრულებულია. თუმცა, გამრიცხველიანება არ დაწყებულა იმის გამო, რომ ცენტრალური გაზსადენები „სოკარგაზისთვის“ ჯერ გადაცემული არ არის. ცენტრალური გაზსადენების „სოკარგაზისთვის“ გადაცემის თარიღს გაზის ტრანსპორტირების კომპანია ვერ აკონკრეტებს.

– ვერ დააკონკრეტებს. ის ქონება, რომელიც შექმნა გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ, – რა სამუშაოებიც შეასრულა, – სახელმწიფოს საკუთრებაა. სახელმწიფომ ეს ქონება უნდა გადასცეს „სოკარს“, რომ მოსახლეობაში დაქსელვა დაიწყოს. ქონების აღწერასა და გადაცემას გარკვეული დრო სჭირდება. თუმცა, მიმაჩნია, რომ დაჩქარებაც შესაძლებელია.

შესაბამის სტრუქტურებთან გვაქვს საუბრები ამ თემებზე, მათ შორის – პასუხისმგებელ პირებთან. 27 მაისს სამხარეო ადმინისტრაციაში დაგეგმილ თათბირზე „სოკარის“, წყალმომარაგების კომპანიის, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ წარმომადგენლობას ვხვდებით და ამ საკითხებს გავააქტიურებთ. იმედია, კონკრეტული პასუხები გვექნება.

ბატონო კობა, თქვენ ხომ არ ფლობთ ინფორმაციას, – იმ 19 სოფლის გაზიფიცირება როდის დაიწყება, სადაც გაზიფიცირებისთვის საპროექტო დოკუმენტაცია მომზადებულია?

ამ 19 სოფლიდან (ბორი, ხიდარი, მიროწმინდა, სარგვეში, ღორეშა, უბისა, საბე, საღანძილე, ზარანი, ვანი, სხლითი, დიდვაკე, ლეღვანი, მარელისი, ბუდიანეთი, წყალაფორეთი, ლახუნდარა, პატარა ვარძია, ხონი) რომელი სოფლებია შერჩეული, რომელი სოფლის მოსახლეობას უნდა ჰქონდეს იმედი, რომ 2026 წელს ბუნებრივ აირს მიიღებს?

– ამაზედაც გადაწყვეტილებას თვითონ იღებენ. ჯერჯერობით, ჩვენთან შეთანხმებული არ აქვთ. თვითონვე სარგებლობენ საკუთარი კრიტერიუმებით, რომელ სოფელში უფრო ადრე მოხდეს გაზის ცენტრალური მაგისტრალის მშენებლობა და შემდგომ მისი „სოკარზე“ გადაცემა.

კიცხის ზონაში ბევრად უფრო გამართულად გვაქვს საქმე. იქ სოფლების 80% გაზიფიცირებულია და ჯობია, რომ ბოლომდე დაასრულონ.

ჩვენ თუ გვკითხავენ, შემდგომ აჯობებს დავიწყოთ ან ორი ეტაპი, ან ერთი ეტაპი – ორი მიმართულებით – საღანძილე და ღორეშა-სარგვეშის მიმართულებით. საღანძილის მიმართულებით ვახანი დაემატება. ჩვენი ინტერესია, რომ ერთდროულად რამდენიმე მიმართულებით აშენდეს და რაც შეიძლება სწრაფად.

ისიც უნდა ვთქვათ, რომ ამ რაოდენობით ხარაგაულის სოფლები ერთად რომ მოხვედრილიყო მთავრობის განკარგულებაში, ამ დრომდე არ ყოფილა, – 2-3 სოფელი იყო ხოლმე. იქაც დრო იჭიმებოდა, მაგრამ საბოლოოდ, შედეგს ვიღებდით. წინ მივიწევთ. შეიძლება, დაჩქარებული ტემპი არ არის. თუმცა, მთავრობამ თანხა გამოყო. სხვა რა პრობლემები აქვს გაზის ტრანსპორტირების კომპანიას, ამას თვითონ უნდა ამბობდეს, უფრო სწრაფი ტემპით უნდა მუშაობდეს.

ქვეყანაში არ არის შესაბამისი კვალიფიციური კადრებიც, რომ გაზსადენები სწრაფად აშენდეს. ჯერ კიდევ IX მოწვევის პარლამენტში ჩემი ყოფნის დროს ანალოგიურ საკითხებზე ვმსჯელობდით – სამუშაოების დაჩქარებისა და თანხის გაზრდის მიმართულებით. გაზიფიცირებისთვის წელიწადში 20 მლნ ლარი იყო გამოყოფილი და მაშინდელი თვითმმართველობის კომიტეტის მოთხოვნით, 50 მლნ ლარამდე გაიზარდა. უფრო მეტს რომ ვითხოვდით, – ამბობდნენ, რომ მეტს ვერ შევძლებთ, რადგან კვალიფიციური კადრები არ გვყავსო. ახლაც, პარლამენტარ პაატა კვიჟინაძის დამსახურებაა, რომ ეს 19 სოფელი მოხვდა ამ განკარგულებაში. განკარგულებაში მოხვედრა ნიშნავს, რომ მისთვის დაფინანსება გათვალისწინებულია. კარგი იქნება, რომ ახალი განკარგულებით კიდევ დაემატოს სოფლები.

დიდი ხანია, ხარაგაულის სოფლების მოსახლეობა ელოდება სოფლებში ბუნებრივი აირის შეყვანას. „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო დაპირება იყო, რომ 2021 წლისთვის უნდა ყოფილიყო ხარაგაულში ყველა სოფელი გაზიფიცირებული.

– „ქართული ოცნების“ მიერ ქვეყნის მასშტაბით, – მე როგორც მაქვს ინფორმაცია, – დაახლოებით 87%-ზე მეტი არის გაზიფიცირებული იმ დაპირების შესაბამისად, რასაც თქვენ ბრძანებთ. ხარაგაულის 79 სოფლიდან ძალიან მცირე ნაწილია გაზიფიცირებული და წელს 14 სოფელია ჩასმული. ჯამში, ნახევარზეც რომ გავიდეთ, ამისთვის კიდევ გვჭირდება მიმდინარე წელი და თუ მიმდინარე წელს არ დასრულდა, შესაძლებელია, მომავალი წელიც. რა თქმა უნდა, როგორც თვითმმართველობის კუთხით ამ საკითხებზე პასუხისმგებელი პირი, ყველგან ვააქტიურებ ამ თემას.

გაზის ტრანსპორტირების კომპანია აღებულ ვალდებულებებს თუ ვერ ასრულებს, ერთადერთი გზა რჩება, რომ მასთან ხელშეკრულება შეწყდეს. თუმცა, ქვეყანაში ამ სამუშაოების სხვა შემსრულებელი არ არსებობს. აქედან გამომდინარე, უნდა ვცადოთ, რომ დავაჩქარებინოთ, – ოღონდ, იმ შესაძლებლობების ფარგლებში, რაც გააჩნია. გაზის ტრანსპორტირების კომპანიას ბევრგან აღარ აქვს საწარმოებელი სამუშაოები. იმერეთის უმრავლეს მუნიციპალიტეტებში გაზიფიცირება დასრულებულია. ეს მას მეტ რესურსს გამოუთავისუფლებს, უფრო სწრაფი ტემპით რომ იმუშაოს ხარაგაულში.

ვრცელ ინტერვიუს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერთან კობა ლურსმანაშვილთან გაეცანით ბმულზე.