12 მაისს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ანდრიაობას ზეიმობს. ამ დღეს საქართველოში ქრისტეს მოწაფის, ანდრია პირველწოდებულის შემოსვლის დღე აღინიშნება.

გადმოცემის თანახმად, ქრისტიანობის საქადაგებლად ჯავახეთისკენ მიმავალმა ანდრია მოციქულმა ხარაგაულში მდებარე მთა გადმოიარა და იქ ჯვარი აღმართა. ამის შემდეგ ეწოდება ამ მთას რკინისჯვარი.

25 წლის წინ, ხარაგაულელმა ახალგაზრდებმა რკინისჯვარზე პილიგრიმული ტურის ტრადიციას ჩაუყარეს საფუძველი. 2020 წლიდან ეს ტური ორგანიზებულად აღარ მოწყობილა.

წელს ხომ არ იგეგმება რკინისჯვარზე ორგანიზებული ტური, – ამ შეკითხვით ხარაგაულის კულტურის, ხელოვნებისა და შიდა ტურიზმის განვითარების ცენტრის ტურიზმის მიმართულების ხელმძღვანელს, არჩილ ლურსმანაშვილს მივმართეთ.

მისი ინფორმაციით, პილიგრიმული ტურის ორგანიზება ვერც წელს მოხერხდა. ამის მიზეზია ის, რომ რკინისჯვარისკენ მიმავალ გზაზე ჯერ ისევ დიდი თოვლია და მანქანებით იქ ასვლა უსაფრთხო არ არის. არჩილ ლურსმანაშვილი ამბობს, რომ ხარაგაულიდან რკინისჯვარზე ინდვიდუალურად, უმეტესად ცხენებით, უკვე გაემგზავრენ მოლოცვის მსურველები.

გასულ წლებში რკინიჯსჯვარისკენ მიმავალ მომლოცველებს მარელისში ადგილობრივი მეწარმეები ხვდებოდნენ და საკუთარ ნაწარს (თაფლი, მურაბები, ხილი, რძის პროდუქტები) სთავაზობდნენ. მათ შორის ერთ-ერთია ქეთევან ლაცაბიძე, მარელისში საოჯახო სასტუმრო „საპოვნელას“ მფლობელი.

ქეთევანი ამბობს, რომ დღეს, 11 მაისს, ის ოფროუდის (სპორტის სახეობა ავტომოყვარულებისთვის) ჯგუფის წევრებს ელოდება. ისინი ღამისთევას სასტუმრო „საპოვნელაში“ გეგმავენ, ხვალ, 12 მაისს, კი რკინისჯვარზე მაღალგამავლიანი მანქანებით გაემგზავრებიან.

რკინისჯვარის მთა ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში, ზღვის დონიდან 2 349 მეტრზე მდებარეობს. ამ პარკში ანდრია პირველწოდებულის სახელობის ბილიკიცაა.

12 მაისს ანდრიაობის რკინისჯვარზე აღნიშვნის დღესასწაულში 2019 წელს ათასამდე მომლოცველი ჩაერთო. მომლოცველებთან ერთად მაშინ რკინისჯვარზე საქართველოში ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ელიზაბედ რუდი იმყოფებოდა.

ამავე თემაზე დაგაინტერესებთ

ხარაგაულში, ანდრიაობას, რკინისკვრის მოლოცვის ტრადიცია გრძელდება

ანდრიაობა რკინისჯვარზე