მესამე თვეა, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, ისევე როგორც მთელ საქართველოში, სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება მიმდინარეობს. ხარაგაულის სოციალური მომსახურების სააგენტოდან მოპოვებული ინფორმაციით, პირველ ეტაპზე გადამოწმდნენ ის ოჯახები, რომელთაც მაღალი შემოსავლები და დიდი კომუნალური გადასახადები დაუფიქსირდათ, ან საცხოვრებელი მისამართი შეიცვალეს, ან მათი შვილები სხვა მუნიციპალიტეტისა თუ ქალაქის სკოლებში სწავლობენ.

ამჟამად სოცაგენტები იმ ოჯახებს ამოწმებენ, რომლებიც ცხრა წელია არ გადამოწმებულან.

პირველ ეტაპზე გადამოწმებულ ოჯახებს სარეიტინგო ქულები ეტაპობრივად ენიჭებათ.

გადამოწმების შემდეგ მინიჭებული ქულით უკმაყოფილოა ხარაგაულში მცხოვრები ოთხი შვილის დედა ეკა დვალიშვილი. ფულად შემწეობას მისი სამი შვილი იღებდა. ეკა ამბობს, რომ მათ ოჯახში არაფერი შეცვლილა – არც ქონება შეუძენია და არც ხელფასი მომატებია.

„საბანკო ვალდებულებების გამო, გადავწყვიტე, იანვარში თებერვლის ხელფასი წინასწარ ამეღო, – ამბობს ეკა, – ამის უფლება კანონით მაქვს. ის თანხა იანვრის დეკლარაციაში მოხვდა. რეალურად ჩემი ყოველთვიური ანაზღაურება 1003 ლარია. სოციალური მომსახურების სააგენტოში ცნობა მივიტანე და ვნახოთ, თუ რამე შეიცვლება.

ოჯახის ერთ-ერთმა წევრმა ძველი მანქანა გაყიდა, შემდეგ ერთობლივი სესხი ავიღეთ და მანქანა შევიძინეთ. თუმცა, ის მანქანა ჩემი მეუღლის სახელზე რეგისტრირებული არ არის. მანქანა შეიყვანეს დეკლარაციის შევსებისას, რადგან ჩვენ მისი შეძენის თანამსესხებლები ვართ. უფროსი შვილი აბიტურიენტია. მასწავლებელთან დამატებით ვამეცადინებდი უმცროს შვილსაც, მაგრამ რადგან ეს დახმარება შეგვიწყვიტეს, ამიტომ მისი მომზადება ვეღარ შევძელით.

ვერაფრით გავბედავდი სოციალური დახმარების მისაღებად განცხადების დაწერას, ოჯახის საჭიროებებისთვის საკმარისი შემოსავალი რომ მქონდეს. მეუღლის ხელფასი 940 ლარია.

ნამდვილად არ ველოდი ამხელა ქულას. ბევრი ვალდებულება გვაქვს და უცბად ყოველთვიურად 600 ლარი რომ მოგაკლდება, ძალიან ძნელია“.

ორ მცირეწლოვან შვილს მარტო ზრდის ხარაგაულში მცხოვრები თეონა კურტანიძე. „ოჯახის გადამოწმების შემდეგ 200 ათასი ქულა მომანიჭეს და ბავშვებზე დახმარება მომეხსნა, – ამბობს თეონა კურტანიძე, – ჩემმა ძმამ, რომელიც საბერძნეთში მუშაობდა, საქართველოში წამოსვლამდე ჩემი საბანკო ანგარიში გამოიყენა და თავისი თანხა იქ ჩარიცხა. არ მეგონა, ეს თუ ჩემი ოჯახის სარეიტინგო ქულაზე გავლენას მოახდენდა. ძმამ მიყიდა ავტომანქანა.

ჩემი ყოველთვიური ხელფასი 1050 ლარია. სამი ათასი ლარი რომ მქონდეს ხელფასი, რაღა მიჭირს. მეორე სამსახურიც მქონდა. თუმცა, კანონით დამსაქმებლის თანხმობა რომ გახდა საჭირო, ორგან მუშაობაზე, უარი მითხრეს. ორ შვილს მარტო ვზრდი და საბანკო ვალდებულებებიც მაქვს. სოციალური მომსახურების სააგენტოში წარვადგინე ცნობა ხელფასის შესახებ. მითხრეს, რომ რამდენიმე თვის შემდეგ გადამამოწმებენ“.

ხარაგაულის სოციალური მომსახურების სააგენტოს სოცაგენტის, ქეთევან ბოლქვაძის ინფორმაციით, ოჯახების უმრავლესობა გადამოწმების პროცესს მშვიდად ხვდება. „გადავამოწმე ოჯახები, რომლებიც ამ წლების განმავლობაში გაძლიერებულან და დასაქმებულან, – ამბობს ქეთევან ბოლქვაძე, – გაჭირვებულ ოჯახებს ისევ დაბალი ქულები მიენიჭათ, რამდენიმე ოჯახში მხოლოდ ბავშვებს დარჩათ სოცდახმარება და ოჯახის სხვა წევრებს მოეხსნათ. ჯერჯერობით, სრული სურათის დანახვა შეუძლებელია. სამწუხაროდ, პენსია შემოსავლად ითვლება და შესაძლოა, 450 ლარი რომ აქვს, იმ მარტოხელა პენსიონერს სოცდახმარება მოეხსნას. სახელმწიფო ამბობს, რომ ის ღატაკი არ არის.

დიდი მნიშვნელობა აქვს გადახდილი კომუნალური გადასახადის ოდენობას. პენსიონერები ზამთრის პერიოდში სულ სახლში არიან. ამიტომ ზამთარში მათი კომუნალური გადასახადიც შედარებით მაღალია, სხვა თვეებთან შედარებით.

გადასამოწმებელ ოჯახებს მივმართავთ, რომ არ დამალონ ოჯახის შემოსავლები. სოცაგენტებსაც გვამოწმებენ, რამდენად სწორად ვავსებთ დეკლარაციას. სოფლებში სიარული გვიჭირს, რადგან რეგიონიდან ერთი მანქანა გვემსახურება. განსაკუთრებით რთულია ძირულას ხეობის სოფლებში ტრანსპორტირება, რადგან ავტობანის მშენებლობის შემდეგ ეს სოფლები გარესამყარო მოწყდა.

გადამოწმებისას ახალი დეკლარაციის შევსებაზე უარის შემთხვევაში ოქმი დგება, ოჯახს კი სოცდახმარება მოეხსნება. ოქმის საფუძველზე ოჯახს ერთი წლის განმავლობაში ვეღარ გადავამოწმებთ.

დეკლარაციის შევსებიდან სარეიტინგო ქულის დადგენამდე, ერთი თვის განმავლობაში, დახმარება შეჩერდება. ამის შემდეგ თუ ოჯახი ისევ მიიღებს სოციალურად დაუცველის სტატუსს, განაცდური თანხაც მიეცემა“.

სოციალური დახმარება, სარეიტინგო ქულის მიხედვით, სხვადასხვაგვარია: ფულადი შემწეობა ოჯახის ყველა წევრზე, ფულადი შემწეობა მხოლოდ 16 წლამდე ასაკის ბავშვებზე, კომუნალური გადასახადის სუბსიდია და ჯანმრთელობის დაზღვევა.

სოციალური მომსახურების სააგენტოს ოფიციალური ინფორმაციით, 2026 წლის 6 აპრილის მონაცემებით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში სოციალური შემწეობის მიმღები 590 ოჯახია (1 578 პირი). ოჯახის ყველა წევრი ფულად შემწეობას იღებს იმ შემთხვევაში, თუ სარეიტინგო ქულა 30 ათასიდან 65 ათასამდეა. ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ასეთი 443 ოჯახია. ოჯახის სარეიტინგო ქულა თუ 65 ათასიდან 120 ათას ქულამდეა, ფულად შემწეობას მხოლოდ 16 წლამდე ასაკის პირები იღებენ. ხარაგაულში ასეთი 147 ოჯახია.

სოცდაუცველი ოჯახების გადამოწმება მას შემდეგ დაიწყო, რაც ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, რომ სოციალური დახმარება აქვთ ისეთ ოჯახებს, რომლებმაც ავტომობილები შეიძინეს, დაუფიქსირდათ მაღალი ხელფასები და სესხები.

ნინო კაპანაძე

ამავე თემაზე

სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება დაიწყო