ხარაგაულის ზრდასრულთა განათლების ცენტრმა სწავლა დღეიდან, 15 აპრილიდან, განაახლა.  საქართველოში, მათ შორის ხარაგაულში, ამ ცენტრის საქმიანობა შეჩერებული იყო. ზრდასრულთა განათლების 14 ცენტრი, გერმანიის მთავრობისა და სახალხო უნივერსიტეტთა გერმანული ასოციაციის (DVV International) საქართველოს ოფისის ხელმძღვანელობით, ფუნქციონირებს.

სახალხო უნივერსიტეტთა გერმანული ასოციაციის საქართველოს ოფისის დირექტორის, გიორგი არსენიძის ინფორმაციით, გერმანიის საელჩოსგან  ზრდასრულთა განათლების ცენტრების ფუნქციონირებისთვის გამოყოფილ თანხაზე საქართველოს მთავრობის თანხმობას ელოდებოდნენ.

ხარაგაულის ზრდასრულთა განათლების ცენტრის მენეჯერის, მანანა ტაბაშიძის ინფორმაციით, წელს ამ ცენტრში 13 კურსი ამოქმედდება:

  • გალობის შემსწავლელი კურსი;
  • ქართულ ხალხურ საკრავებზე დაკვრის შემსწავლელი კურსი;
  • გიტარის შემსწავლელი კურსი;
  • ხეზე კვეთის შემსწავლელი კურსი;
  • ჭრაკერვის შემსწავლელი კურსი;
  • შედუღების შემსწავლელი კურსი;
  • მწვანე განათლების კურსი;
  • გელლაქის (.. შილაკი) შემსწავლელი კურსი;
  • კომპიუტერული ტექნოლოგიების შემსწავლელი კურსი;
  • თექის შემსწავლელი კურსი;
  • ფინანსური განათლების კურსი;
  • ახალგაზრდული კლუბი;
  • ქვაზე კვეთის შემსწავლელი კურსი.

ზრდასრულთა განათლების ცენტრში სწავლა უფასოა და მსურველთა ასაკი შეუზღუდავია. 

ზრდასრულთა განათლების ცენტრში ასევე ამოქმედდება მართვის მოწმობის მისაღები თეორიული გამოცდის საკითხების შემსწავლელი წრე. ამ კურსზე სწავლა ფასიანია.

ხარაგაულის ზრდასრულთა განათლების ცენტრის დირექტორი გიორგი მუხურაძე ამბობს, რომ ამ ცენტრის ამოქმედება ხარაგაულში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

„მოსახლეობა ისეთ სიდუხჭირეში ცხოვრობს, რომ არ აქვს საშუალება, სასწავლებლად სხვა ქალაქებში წავიდნენ, პიროვნულ თუ პროფესიულ განვითარებაზე იზრუნონ.

ამ ფონზე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ზრდასრულთა განათლების ცენტრის არსებობა. აქ ადამიანები სრულიად უფასოდ გადიან მოკლევადიან პროფესიულ კურსებს, საქმდებიან და საკუთარი შემოსავლის წყარო უჩნდებათ“, – ამბობს გიორგი მუხურაძე.

„ჩემი სამი მოსწავლე უკვე დასაქმებულია, – ამბობს ზრდასრულთა განათლების ცენტრის ჭრა-კერვის კურსის ხელმძღვანელი მაყვალა სებისკვერაძე, – აქ შესწავლილი საქმე თავის პროფესიად აქციეს. ვიცი, რომ სხვა წრეების მონაწილეებიც დასაქმდნენ და საკუთარი საქმე დაიწყეს.

მართალია დიდი არა, მაგრამ შემოსავალი გაუჩნდათ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენთან, ძირითადად, სწავლობენ ის ადამიანები, რომლებიც არსად მუშაობენ და სახლში არიან, – თან სწავლობენ, თან ადამიანებთან ურთიერთობენ. მათთვის სოციალიზაცია ძალიან მნიშვნელოვანია“.

ხარაგაულელმა თამარ სხილაძემ ჭრა-კერვის შესწავლა გადაწყვიტა. ის ამბობს, რომ ასაკით უკვე პენსიონერია, თუმცა სახლში უქმად ყოფნა არ უნდოდა. „მინდა აქტიური ვიყო, ახალი საქმე ვისწავლო და ამით სიამოვნება მივიღო“, – ამბობს თამარ სხილაძე.

„გასულ წელს საკერავი მანქანა შევიძინე, – ამბობს ხარაგაულელი თეონა კოვზირიძე, – მინდოდა რომ კერვა პროფესიონალისგან შემესწავლა, სახლში ოჯახის წევრების ტანსაცმელს გადავაკეთებდი, ან ფარდებს შევკერავდი.

სამომავლოდ თუ ისე ვისწავლი ამ საქმეს, რომ ჩემი თავის იმედი მექნება და შევძლებ ტანსაცმელი შევკერო, შეიძლება ეს საქმიანობა შემოსავლის წყაროდაც ვაქციო“.

ხარაგაულის ზრდასრულთა განათლების ცენტრში სწავლის მსურველები უნდა მიბრძანდეთ მისამართზე – სოლომონ მეფის ქ. #19, ან დარეკოთ ტელეფონით შემდეგ ნომერზე – 577640400 (მანანა ტაბაშიძე).

ხარაგაულში ზრდასრულთა განათლების ცენტრი, 2019 წელს, გერმანიის მთავრობის მხარდაჭერით ამოქმედდა.

თამთა გოგოლაძე

ასევე დაგაინტერესებთ

საქართველოს ზრდასრულთა განათლების ცენტრებში გერმანიის მთავრობა 100%-ით ქართულ საქმეს აფინანსებს