

ექვსი წელია, ხარაგაულში ზრდასრულთა განათლების ცენტრი ფუნქციონირებს. ეს ცენტრი „საქართველოს ზრდასრულთა განათლების ქსელის“ წევრია, სხვა 14 ცენტრთან ერთად.
ქსელის წევრი ორგანიზაციებია: კოდის, შაუმიანის, ბოლნისის, კასპის, ჯვარის, სენაკის, ლელიანის, ქედის, ოზურგეთის, ახალციხის, ახალქალაქის, ამბროლაურის, ხარაგაულისა და ხონის სათემო/ზრდასრულთა განათლების ცენტრები.
ზრდასრულთა განათლების ცენტრები საქართველოში გერმანიის მთავრობისა და სახალხო უნივერსიტეტთა გერმანული ასოციაციის (DVV International) ფინანსური მხარდაჭერით შეიქმნა. 2019 წლის 24 აპრილს ხარაგაულში ამ ცენტრის გახსნაზე საქართველოში გერმანიის მაშინდელი ელჩი – ჰუბერტ ქნირში იმყოფებოდა.
ხარაგაულის ზრდასრულთა განათლების ცენტრი, ამ ექვსი წლის განმავლობაში, 1000-ზე მეტ კურსდამთავრებულს ითვლის. მათი ნაწილი, პროფესიის დაუფლების შემდეგ, დასაქმდა, ნაწილმა შიდა მეურნეობა გააძლიერა. ამ ცენტრების შექმნის მიზანიც ხომ ესაა – ზრდასრული მოქალაქეები სასურველ და ბაზარზე მოთხოვნად პროფესიებს დაუფლონ.
ზრდასრულთა განათლების ცენტრის შექმნით ხარაგაულში საშვილიშვილო საქმე დაიწყო
ჩხერში მცხოვრებმა მარინა ჩუბინიძემ ხარაგაულის ზრდასრულთა განათლების ცენტრში მეფუტკრეობა შეისწავლა.
„ეს იყო ძალიან კარგი შესაძლებლობა ზრდასრული ასაკის ადამიანებისთვის, – ამბობს მარინა ჩუბინიძე, – თეორიულ და პრაქტიკულ კურსებს საუკეთესო პროფესიონალი, გიორგი ლომსაძე უძღვებოდა. თავიდან ფუტკრის ორი ოჯახი შევიძინე. ახლა ფუტკრის რვა ოჯახი მყავს და შედეგით კმაყოფილი ვარ.
ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მეფუტკრეობისთვის საჭირო ცოდნა და უნარ-ჩვევები სრულიად უფასოდ შევისწავლე. რამდენჯერმე დონორი ორგანიზაციის წარმომადგენლებს შევხვდით. მადლობა მათ, ვინც ხარაგაულში ასეთ საშვილიშვილო საქმეს ხელი შეუწყო“.
„საჭირო და სასარგებლო ცოდნა მივიღე. დამწყები და გამოცდილი მეფუტკრეები სიახლეებს ერთმანეთს ვუზიარებდით, – ამბობს მამუკა ბანცაძე, – ზრდასრულთა განათლების ცენტრის მეფუტკრეობის კურსდამთავრებული, – პირადად მე, რაც ვისწავლე, პრაქტიკაში ვიყენებ.
ბაზარზე მოთხოვნადი სხვა პროფესიების შესწავლაც რომ შევძლოთ, კარგი იქნება. ფაქტობრივად, სახლიდან გაუსვლელად, აქვეა ახალი ცოდნის მიღება ხელმისაწვდომი“.

ბაზალეთში მცხოვრებმა სოფო მირცხულავამ ჭრა-კერვა და თექის დამუშავება შეისწავლა. ის ახლა ზრდასრულთა განათლების ცენტრში თექის დამუშავებას სხვა მსურველებს ასწავლის. სახლში კი ჭრა-კერვის მცირე საწარმო აქვს და საკუთარი შემოსავალი გაუჩნდა. სოფო სწავლას არ წყვეტს და ახლა „შილაკის“ კურსებზე ჩაეწერა.
საუკეთესო შესაძლებლობა სწავლისა და დასაქმებისთვის, – ასე აფასებს სოფო მირცხულავა ზრდასრულთა განათლების ცენტრის ფუნქციონირებას.
„გერმანიის მთავრობის დაფინანსებით, ხარაგაულისთვის კარგი საქმე გაკეთდა, – ამბობს გიორგი ლომსაძე, – მეფუტკრეობის შემსწავლელი კურსის ხელმძღვნელი, – ზოგმა ზრდასრულმა ბავშვობის დროინდელ მიზანს მიაღწია და სასურველი განათლება მიიღო, – მეფუტკრე, მკერავი, ფეხსაცმლის დიზაინერი, კულინარი გახდა; ზოგმა გიტარაზე, ფანდურზე დაკვრა და სიმღერა ისწავლა.

ზრდასრულთა განათლების ცენტრმა ადამიანებს საკუთარი ნიჭისა და უნარ-ჩვევების გამოვლენის შესაძლებლობა მისცა. 140 პირი გადამზადდა მეფუტკრეობაში. კიდევ ბევრს ექნება მეფუტკრეობის შესწავლის სურვილი, თუმცა, მათ სოფლებიდან ხარაგაულამდე ტრანსპორტირება უჭირთ“.
ყველაზე მეტად მოთხოვნადი, ზრდასრულთა განათლების ცენტრში, ჭრა-კერვის კურსებია. ამ კურსის ხელმძღვანელი მაყვალა ვეფხვაძე ამაყობს, რომ მისი კურსდამთავრებულები კერძო სამკერვალოებში წარმატებით დასაქმდნენ. ქალბატონმა მაყვალამ რამდენიმე მათგანი საკუთარ სამკერვალოში დაასაქმა.
ვახანში მცხოვრებმა ჩვენმა კურსდამთავრებულმა თინათინ ტატურაშვილმა ახლახან ფონდ „აფხაზეთის“ კონკურსში გაიმარჯვა და სოფელში თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი სამკერვალო გახსნა.
ზრდასრულთა განათლების ცენტრში მიღებული ცოდნა შრომის ბაზარზე თავის დასამკვიდრებლად
გერმანიის მთავრობისა და სახალხო უნივერსიტეტთა გერმანული ასოციაციის (DVV International) ფინანსური მხარდაჭერა ხარაგაულში ზრდასრულთა განათლების ცენტრის ასამოქმედებლად 2019 წელს არასამთავრობო ორგანიზაცია „წიფლარმა“ მოიპოვა. ამ ორგანიზაცის დამფუძნებელი მანანა ტაბაშიძე კონკურსის მიმდინარეობას იხსენებს.
„დონორს ვუსაბუთებდი, რომ ხარაგაულში გვყავდა კარგი სპეციალისტები, სხვადასხვა სპეციალობის დაუფლების უამრავი მსურველი და არ გვქონდა შესაბამისი სასწავლო დაწესებულება, – ამბობს მანანა ტაბაშიძე, – საკონკურსო განაცხადის განხილვის პროცესში გვესტუმრა ხარაგაულში სახალხო უნივერსიტეტთა გერმანული ასოციაციის საქართველოს ოფისის მაშინდელი დირექტორი ლალი სანთელაძე.

მასთან საუბარმა გამიმყარა რწმენა, რომ ხარაგაულში ზრდასრულთა განათლების ცენტრი აუცილებლად გაიხსნებოდა. მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლება ხარაგაულში ამ ცენტრის გახსნის მნიშვნელობაში დავარწმუნეთ. მერიამ ფართი გადმოგვცა – პოლიციის ყოფილი შენობის პირველი სართული. გაპარტახებული ოთახები დონორის დაფინანსებით გავარემონტეთ, ყველა პროფესიის შესასწავლად საჭირო დანადგარები და ტექნიკა შევიძინეთ.
ამ ექვსი წლის განმავლობაში ზრდასრულებმა შეისწავლეს ჭრა-კერვა, თექაზე მუშაობა, მაკრამე, ფეხსაცმლის კერვა, კულინარია, მეფუტკრეობა, ხის სათამაშოების დამზადება, რკინის შედუღება, კომპიუტერული პროგრამები, ინგლისური, გერმანული ენები, გიტარაზე, ფანდურზე დაკვრა, ხალხური სიმღერები, გალობა, სოციალური მედიის უნარები, სამოქალაქო განათლება, ავტომანქანის შეკეთება, ბუღალტერია.

ზრდასრულთა განათლების ცენტრში მოქმედებს ახალგაზრდული კლუბი. სხვადასხვა სპეციალობების შესწავლა ზრდასრულებთან ერთად მოსწავლეებსაც შეუძლიათ.
სპეციალობები ხარაგაულელთა მოთხოვნების შესაბამისად იცვლება. დონორს არასდროს უთქვამს უარი რომელიმე კურსის გახსნაზე. გარდა სწავლებისა, ჩვენ სივრცეს ვუთმობთ სხვა ორგანიზაციებს, შეხვედრებისა და ტრენინგების ჩასატარებლად.
ასე რომ, ზრდასრულთა განათლების ცენტრში გერმანიის მთავრობა 100%-ით ქართულ საქმეს აფინანსებს.

წელს ზრდასრულთა განათლების ცენტრში, ზემოთ ჩამოთვლილ სპეციალობებთან ერთად მსურველები ქვაზე კვეთასა და „შილაკის“ გაკეთებას შეისწავლიან.
„არაერთხელ მითქვამს, რომ ხარაგაულში, სადაც ბევრ რამეზე ხელმისაწვდომობა არ გვაქვს, ზრდასრულთა განათლების ცენტრის მოქმედება უმნიშვნელოვანესია, – ამბობს გიორგი მუხურაძე – ამ ცენტრის დირექტორი ხარაგაულში, – ზრდასრულ ხარაგაულელებს აქვთ შანსი, პროფესიებს დაეუფლონ და შრომის ბაზარზე საკუთარი თავი იპოვონ, ჩვენთან მიღებული განათლება შემოსავლის წყაროდ აქციონ, ცხოვრება ახალი შესაძლებლობებით გააგრძელონ.
ჩვენი მოკლევადიანი და მოქნილი კურსების გავლის შემდეგ მიღებული სერტიფიკატები სახელმწიფოსგან აღიარებულია.
საქართველოში ზრდასრულთა განათლების ცენტრები საერთოდ არ გვექნებოდა, რომ არა გერმანიის მთავრობისა და სახალხო უნივერსიტეტთა გერმანული ასოციაციის ფინანსური მხარდაჭერა.
ზრდასრულთა განათლების ცენტრებმა გერმანიის ეკონომიკის განვითარებაში გარდამტეხი როლი შესრულა. ეს ცენტრები საქართველოში თანდათან პოპულარული გახდება და სახელმწიფოც მათ საქმიანობას ხელს შეუწყობს.
იმ მუნიციპალიტეტების საკრებულოს თავმჯდომარეები და მერები, სადაც ზრდასრულთა განათლების ცენტრები მოქმედებს, გერმანიაში DVV International-ის მიწვევით გამოცდილების გასაზიარებლად იმყოფებოდნენ.
გერმანიის მთავრობა ყოველ წელს აფინანსებს ცენტრის სასწავლო პროგრამებს. თითოეული თეთრი, რომელიც ირიცხება გერმანული მთავრობის მიერ, იხარჯება მხოლოდ და მხოლოდ განათლებაში, ზრდასრული ადამიანების პიროვნული და პროფესიული უნარების განვითარებაში.
ვიცით, რომ სოფლებში მცხოვრები ადამიანების ნაწილს ზრდასრულთა განათლების ცენტრში სწავლა სურთ, თუმცა უტრანსპორტობის გამო, ამას ვერ ახერხებენ. ამ პრობლემის შესახებ დონორთან აუცილებლად ვისაუბრებ. მე მგონია, რომ საზოგადოების დამოკიდებულება უნდა შეიცვალოს – სოციალური დახმარების მოთხოვნის ნაცვლად პიროვნულ განვითარებაზე უნდა ვიზრუნოთ, უნდა გამოვფხიზლდეთ. სხვანაირად ეს ქვეყანა არ აშენდება“.
2025 წლის 20 ოქტომბრიდან შეუდგა საქმიანობას სახალხო უნივერსიტეტთა გერმანული ასოციაციის საქართველოს ოფისის დირექტორის თანამდებობაზე გიორგი არსენიძე. მას ზრდასრულთა განათლების ცენტრების სამომავლო გეგმებზე ვკითხეთ.

„არაფორმალური განათლება უმნიშვნელოვანესია ქვეყნისთვის, რადგან სამთავრობო სტრატეგიასა და კანონში სამწუხაროდ, ჯერჯერობით, ზრდასრულთა განათლების შესახებ არაფერი ჩანს. ამ მიმართულებით მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციები მუშაობენ. ჩვენ ვცდილობთ, ადგილობრივ და ცენტრალურ ხელისუფლებას დავანახოთ ის სიკეთე, რასაც ზრდასრულთა განათლების ცენტრით მოსახლეობა იღებს.
გერმანიის მთავრობის მხარდაჭერა გვაძლევს იმის გარანტიას, რომ უფრო გრძელვადიან პერსპექტივაში დავგეგმოთ ზრდასრულთა განათლების ცენტრების საქმიანობა. უახლოეს მომავალში ზრდასრულთა განათლების ყველა ცენტრს ადგილზე ვესტუმრები და მათ წინაშე არსებულ ყველა გამოწვევას განვიხილავთ“.
თვითმმართველობა ზრდასრულთა განათლების ცენტრს მომავალშიც მხარს დაუჭერს
2019 წლის ოქტომბერში ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მანანა ბარბაქაძე ბავარიის ფედერალური მიწის პარლამენტში, ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და ზრდასრულთა განათლების ცენტრებში იმყოფებოდა.
შეხვედრებზე გერმანული ზრდასრულთა განათლების ცენტრის მუშაობას, მათ საქმიანობაში არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობის გამოცდილებას; პარლამენტში ზრდასრულთა განათლების შესახებ კანონზე მუშაობის დეტალებს გაეცნო.
„ხარაგაულში განხორციელებულ ყველა კარგ იდეას მივესალმები და მომავალშიც მხარს დავუჭერ, – ამბობს მანანა ბარბაქაძე, – გერმანიაში დიდ საწარმოებში, ძირითადად, ზრდასრულთა განათლების ცენტრებში გადამზადებული პროფესიონალები მუშაობენ. აქ, ადგილზე დიდი საწარმოები არ გვაქვს. თუმცა, ხარაგაულელები, პროფესიების შესწავლის შემდეგ თუ დასაქმდებიან და შემოსავალს მიიღებენ, ეს იქნება ყველაზე მთავარი“.
2023 წლის მაისში სამუშაო ვიზიტით გერმანიის ქალაქ მიუნხენში მუნიციპალიტეტის მერი კობა ლურსმანაშვილი იმყოფებოდა.
ამ ვიზიტის შემდეგ მერმა „ჩემი ხარაგაულის“ რედაქციასთან საუბარში აღნიშნა, რომ ზრდასრულთა განათლების ცენტრის მხარდაჭერის სურვილი უფრო გაუძლიერდა:
„ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივ ბიუჯეტში იმდენი თანხა არ გვექნება, რომ მოქალაქეები საქართველოს ბაზარზე მოთხოვნად ყველა პროფესიაში გადავამზადოთ, თუმცა, ერთი პროგრამის თანამონაწილეობას შევძლებთ. გერმანიაში ვიზიტის მიზანიც ეს იყო – ზრდასრულთა განათლების მხარდასაჭერად თვითმმართველობები მეტად უნდა გავაქტიურდეთ“.
ნინო კაპანაძე
ახალგაზრდების მიგრაცია ქალაქებში, მოსახლეობის დაბერება, უმუშევრობა
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მიუსაფარი ცხოველების მოვლა-პატრონობის პროგრამას
გერმანიის საელჩო საქართველოში აქვეყნებს განცხადებას, რომელშიც აღნიშნულია:
„ევროკავშირის ქვეყნების უმაღლეს სასწავლებლებში პრაქტიკული სწავლება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა,