ახალი სარკინიგზო ხაზის ამოქმედების შემდეგ მაღალმთიანი სოფლების, – წიფის, ფონის, გოლათუბნისა და გუდათუბნის მოსახლეობას საზოგადოებრივ ტრანსპორტზე ხელმისაწვდომობა გაურთულდა. მათთვის პრობლემაა როგორც მატარებლით, ისე ავტომანქანებით მგზავრობა.

ხარაგაულისა და ხაშურის მიმართულებით მატარებლით რომ იმგზავრონ, ამ სოფლების მაცხოვრებლები ჯერ მოლითში უნდა ჩავიდნენ ფეხით, ან საკუთარი მანქანებით. ხარაგაული-მოლითი-ჩუმათელეთის საავტომობილო გზა, მერვე წელია, შენდება და ჯერაც არაა დასრულებული.

განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ წიფის საჯარო სკოლის ის მასწავლებლები, რომლებიც ამ სკოლაში ხაშურიდან დადიან.

გასულ კვირაში ისინი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერს კობა ლურსმანაშვილსა და მერის პირველ მოადგილე ვარლამ ჭიპაშვილს, განათლების რესურსცენტრის უფროს მარინა ვეფხვაძესთან და განათლების პროფკავშირის ხარაგაულის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე ლალი სებისკვერაძესთან ერთად შეხვდნენ.

წიფის სკოლის მასწავლებლებმა ხარაგაულის მერს პრობლემის მოგვარება სთხოვეს.

„მეორე თვე დასრულდა, რაც წიფა საზოგადოებრივი ტრანსპორტის გარეშე დარჩა და გარესამყაროს მოწყდა, – ამბობს წიფის სკოლის მასწავლებელი ნინო ჩხეიძე, – სოფელში არც მაღაზია ფუნქციონირებს და არც აფთიაქი, მოსახლეობამ საკვები პროდუქტები და მედიკამენტები რომ შეიძინოს.

მასწავლებლები კიდევ უფრო რთულ მდგომარეობაში ვართ. ყოველ საღამოს ტაქსის მძღოლებთან ვრეკავ, რომელი წამოგვიყვანს ხაშურიდან წიფაში და რა ფასად. ტაქსით მგზავრობაში დღეში 20 ლარი მეხარჯება. არ გვაქვს ცხოვრება ისე აწყობილი, რომ საკუთარი მანქანები გვყავდეს ან ტაქსის ფული გვქონდეს.

მერთან შეხვედრაზე შევიტყვეთ, რომ ფონისა და წიფის მოსახლეობის ტრანსპორტირების თანადაფინანსებისთვის ტენდერი გამოუცხადებიათ. ამ ტრანსპორტის მოძრაობის გრაფიკი ჩვენთვის არახელსაყრელია. მიკროავტობუსმა მგზავრები უნდა გადაიყვანოს სოფელ ფონიდან, წიფის გავლით, მოლითის რკინიგზის სადგურამდე და უკან.

გამოდის, რომ ჩვენ დილით მატარებლით ხაშურიდან ჯერ მოლითში უნდა ჩავიდეთ, იქედან კი მიკროავტობუსი წიფაში წამოგვიყვანს. ეს ტრანსპორტი მეორე სვლა-გეზს ფონიდან მოლითის სადგურისკენ საღამოს ექვსის ნახევარზე შეასრულებს. გაკვეთილები სამ საათზე მთავრდება და აჯობებს, მოლითში შუადღის მატარებლის მოსვლის დროს ჩაგვიყვანოს. ეს, ვფიქრობ, წიფის თემის სოფლების მოსახლეობისთვისაც მისაღები იქნება.

მერთან შეხვედრაზე დავაყენეთ წინადადება, რომ თუ შესაძლებელია, მუნიციპალური ტრანსპორტი, მგზავრობის თანხის დამატების შემთხვევაში, სურამიდან მოგვემსახუროს. გვითხრეს, რომ ხარაგაულის თვითმმართველობა მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობას ხარაგაულის საზღვრებს გარეთ ვერც დააფინანსებს და ვერც მძღოლს დაავალდებულებს ზედმეტი სვლა-გეზის შესრულებას.

კერძო ტრანსპორტი რომ დაინიშნოს ხაშურიდან ხარაგაულის მიმართულებით, მერთან შეხვედრისას ეს წინადადებაც დავაყენეთ. თუმცა, ეს ჩემი გადასაწყვეტი არ არისო, გვიპასუხა“.

„ერთ ლარად ვმგზავრობდით ხაშურიდან წიფამდე და უკან. ახლა კი ჩვენი მგზავრობის ხარჯი დღეში 20 ლარი გახდა, – ამბობს წიფის სკოლის მასწავლებელი ლენა გაჩეჩილაძე, – ფინანსურად მეუღლე რომ არ მეხმარებოდეს, სკოლამდე ვეღარ მივალ. ხელფასი გზაში თუ დავხარჯეთ, სხვა ვალდებულებები როგორ გავისტუმროთ. მე გაკვეთილები ყოველდღე მაქვს. ჩემნაირ მდგომარეობაში ჩვენი სკოლის 7 მასწავლებელია.

ფონა-წიფის საავტომობილო გზა ბოლომდე მოწესრიგებული არ არის და აუცილებლად ორხიდიანი მანქანის დაქირავება გვიწევს. მერმა, კობა ლურსმანაშვილმა, ძალიან იწუხა ჩვენი მდგომარეობა, თუმცა, ჩვენს მოთხოვნებსა და შეკითხვებზე მისგან კონკრეტული პასუხები ვერ მივიღეთ. ჩიხში ვართ და დახმარება გვჭირდება“.

რამდენად შესაძლებელია წიფის სკოლის მასწავლებლების მოთხოვნების გათვალისწინება, – ამ შეკითხვით ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის პირველ მოადგილეს, ვარლამ ჭიპაშვილს მივმართეთ.

„გვესმის პედაგოგების პრობლემა, მაგრამ ჩვენ სხვა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ტრანსპორტის გადაადგილებას ვერც დავაფინანსებთ და ვერც მძღოლს დავავალებთ ზედმეტი სვლა-გეზი შეასრულოს, – ამბობს ვარლამ ჭიპაშვილი, – წიფა-მოლითი-წიფას მიმართულებით მუნიციპალური ტრანსპორტის გადაადგილების გრაფიკი წიფის თემში მერის წარმომადგენლისა და წიფის თემის მაჟორიტარი დეპუტატის ჩართულობით განისაზღვრა და ის საგარეუბნო მატარებლის მიმოსვლის გრაფიკს დავამთხვიეთ.

ამ მუნიციპალური ტრანსპორტის დანიშვნის პროცესში დამატებითი საჭიროებები თუ გამოიკვეთება, მზად ვართ ვიმსჯელოთ“.

P.S. ფონისა და წიფის მოსახლეობის ტრანსპორტირების თანადაფინანსებისთვის ხარაგაულის მუნიციპალიტეტისგან გამოცხადებულ ტენდერში ინდმეწარმე „დავით ხარაძემ“ გაიმარჯვა. მასთან გასაფორმებლად ხელშეკრულება მზადდება.

ნინო კაპანაძე

ამავე თემაზე 

ახალ რკინიგზაზე გადასვლამ იზოლაციაში მოგვაქცია – წუხს მაღალმთიანი წიფისა და ზვარის თემების სოფლების მოსახლეობა