პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განათლების რეფორმის პრეზენტაცია გამართა.

რეფორმის პრეზენტაციაში განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე მონაწილეობდა.

ირაკლი კობახიძემ წარადგინა „საუნივერსიტეტო რეფორმის კონცეფციის პროექტი“ და გამოყო, მისი ხედვით, სისტემის წინაშე არსებული 7 გამოწვევა და მათი დაძლევის გზები.

ეს გამოწვევებია:

  • #1 – „უმაღლესი განათლების სისტემის ჭარბი გეოგრაფიული კონცენტრაცია“;
  • #2 – „ფაკულტეტების დუბლირება“ და „ჭარბად მოზიდული უცხოელები“;
  • #3 – უსისტემო საკადრო პოლიტიკა;
  • #4 – სწავლება და კვლევა;
  • #5 – შრომის ბაზარი;
  • #6 – გაუმართავი დაფინანსება;
  • #7 – გაუმართავი ინფრასტრუქტურა.

ამ პრობლემის გადაჭრის გზა კი, პრემიერ-მინისტრის ხედვით, ასეთია:

  • უნდა დაინერგოს პრინციპი: „ერთი ქალაქი – ერთი ფაკულტეტი“;
  • „თბილისში სხვადასხვა სახელმწიფო უნივერსიტეტებში მოქმედი ფაკულტეტები უნდა გადანაწილდეს კონკრეტულ უნივერსიტეტებზე, არსებითად, მათი ტრადიციული პროფილისა და ისტორიული გამოცდილების გათვალისწინებით“;
  • „სახელმწიფო უნივერსიტეტებმა უცხოელი სტუდენტები უნდა მიიღონ მხოლოდ კანონმდებლობით გათვალისწინებულ გამონაკლის შემთხვევებში“;
  • „საუნივერსიტეტო სისტემაში, გამონაკლისი სპეციალობების გარდა, უნდა დაინერგოს 3+1 სისტემა, სადაც 3 წელი დაეთმობა ბაკალავრიატს, ხოლო 1 წელი – მაგისტრატურას“.
  • „უნდა დაიხვეწოს უმაღლესი განათლების ხარისხის მართვის სისტემა, რათა სახელმწიფომ სრულად აიღოს პასუხისმგებლობა მისი სახელით გასაცემი დიპლომების ხარისხობრივ გათანაბრებაზე“.

პრემიერ-მინისტრმა სკოლებში 12-წლიანი საგანმანათლებლო პროგრამების ერთი წლით შემცირების შესახებ ისაუბრა.

„თუ 11 წელი საკმარისია, სხვა რამის გამო არ შეიძლება დავამატოთ მეთორმეტე წელი. რაც შეეხება უცხოეთში სწავლის გაგრძელების სურვილს, ჩვენი მთავარი ამოცანა და ქვეყნის პრიორიტეტია, რომ ქართველმა სტუდენტმა საქართველოში მიიღოს მაღალი დონის განათლება“, – თქვა კობახიძემ.

მისი თქმით, იმ აბიტურიენტებისთვის, რომლებსაც სწავლის უცხოეთში გაგრძელება ენდომებათ, სპეციალური პროგრამა შეიქმნება:

„ჩვენც შეიძლება ვიზრუნოთ საქართველოში მეთორმეტე კლასის დამატებაზე საგანგებოდ სპეციალიზებულ სკოლებში თუ არადა ალტერნატივა არის ის, რომ საზღვარგარეთ წავა მოსწავლე, იქ დაამთავრებს მეთორმეტე კლასს და თუ აქვს სურვილი, გააგრძელებს პირველი კურსიდან სწავლას საზღვარგარეთ“, – ამბობს კობახიძე.

ირაკლი კობახიძის თქმით, „საუნივერსიტეტო რეფორმის კონცეფციის პროექტი“ საბოლოო სახეს საჯარო განხილვების შემდეგ მიიღებს.

პრემიერ-მინისტრისგან წარდგენილი რეფორმის პროექტს განათლების ექსპერტი სიმონ ჯანაშია უარყოფითად აფასებს. მისი თქმით, ამ რეფორმის მიზანია, ხალხმა რაც შეიძლება ნაკლები ისწავლოს, სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები კი მთლიანად დამოკიდებულნი გახდნენ ერთი პარტიის – „ქართული ოცნების“ ინტერესებზე.

„დაფინანსების სისტემის ცვლილება სახელმწიფო დაკვეთაზე გადასვლას ნიშნავს, – ამბობს სიმონ ჯანაშია, – ეს კი უნივერსიტეტებს მთლიანად „ქართული ოცნების“ განწყობებზე დამოკიდებულს გახდის. პროფესორების გადანაწილებაში ჩარევა უმაღლესი სასწავლებლების ავტონომიას შეზღუდავს.

„ერთი ფაკულტეტი – ერთ ქალაქში“ – მეცნიერებს შორის გამოცდილების გაზიარებისა და განვითარების შემაფერხებელი იქნება“.

სკოლებში 11-წლიანი სწავლის შემოღება სიმონ ჯანაშიას შეფასებით, ხელს შეუშლის მოსწავლეებს, რომ სწავლა საზღვარგარეთ გააგრძელონ, რადგან ევროპის ქვეყნებში სწავლება 12-13-წლიანია.

„12-წლიან სწავლებაზე თავის დროზე იმიტომაც გადავედით, რომ გადატვირთული სასწავლო პროგრამები 12 წელზე გადანაწილებულიყო; ასევე პროფესიების არჩევა უფრო უმჯობესია ახალგაზრდამ 17-18 წლის ასაკში მიიღოს“, – ამბობს სიმონ ჯანაშია.

ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი თეონა კაკიაშვილი შემოთავაზებულ რეფორმაზე კონკრეტულ შეკითხვებს სვამს:

„მე რა მაინტერესებს:

  1. პირობითად, თუ ქუთაისი შეირჩა ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ქალაქად, ეს ჩვენი პროფესორ-მასწავლებლები, რომლებიც, მაგალითად, თსუ-ში ასწავლიან, დაუსაქმებელი რჩებიან თუ ქუთაისში უნდა გადაბარგდნენ; ასევე, ვინც ბათუმში იურიდიულ ფაკულტეტზე მუშაობდა, ვთქვათ, თელავში უნდა წავიდეს ან უმუშევარი დარჩება?
  2. ბოლონიის პროცესიდან (ბოლონიის პროცესი – ევროპის ქვეყნების განათლების სისტემების დაახლოებისა და ჰარმონიზაციის პროცესი), გამომდინარე, 240 კრედიტი ხომ უნდა ბაკალავრიატს, აქედან სემესტრში – მაქსიმუმ 35. სამ წელიწადში რანაირად მოგროვდება ეს 240 კრედიტი? და თუ ვეთიშებით ამ ბოლონიას, მაშინ ვის რაღად უნდა ჩვენი არაღიარებული დიპლომი?
  3. ისევ ბოლონიის პროცესიდან გამომდინარე, რატომ არ უნდა ჰქონდეთ ჩემსა და თქვენს შვილებს უფლება, თუკი შესაძლებლობა აქვთ, პირდაპირ ჩაირიცხონ ევროპის უნივერსიტეტებში, და თუკი ამ უფლებას უზღუდავენ, მაშინ ვის რაღაში სჭირდება 11-წლიანი გამოუსადეგარი ატესტატი?
  4. პური თქვენთანაც გაძვირდა ამ ეკონომიკური დუღილის დროს, თუ მარტო ჩემი ოჯახისთვის ძვირდება. აა, გამახსენდა, ხელფასი გვაქვს ისეთი, 15-20 თეთრი რა მოსატანია.

P.S. მე-7 წელი გამომდის, რაც ვსწავლობ უკვე და პირდაპირ რომ მოგეცათ დიპლომი? გადაჭარბებით ვასრულებ გეგმას, ფაქტობრივად“, – წერს სოციალურ ქსელში თეონა კაკიაშვილი.

განათლების ექსპერტი სიმონ ჯანაშია მიიჩნევს, რომ ამ რეფორმის პროექტს საზოგადოების მხრიდან დიდი წინააღმდეგობა შეხვდება.